საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-556(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. მ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. მ-მა 2019 წლის 3 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 2 აპრილის №MIA... ბრძანების ბათილად ცნობა; ამავე სააგენტოსთვის მოსარჩელის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, ა. მ-ის სამსახურში არყოფნის დღიდან (2014 წლის 19 სექტემბრიდან) დაუქვითავი სახით ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 1700 ლარის და ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი, ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დავალება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ა. მ-ისთვის პოლიციის მაიორის მორიგი სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით საქმეზე შეწყდა წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 2 აპრილის №MIA... ბრძანების ბათილად ცნობა; ამავე სააგენტოსთვის მოსარჩელის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და ა. მ-ის სამსახურში არყოფნის დღიდან (2014 წლის 19 სექტემბრიდან) დაუქვითავი სახით ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 1700 ლარის ანაზღაურების დავალება. მოპასუხედ კი დასახელდა მხოლოდ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 2 აპრილის №MIA... ბრძანება; იმავე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ა. მ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია სააგენტოში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, კერძოდ, სააგენტოში 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით არსებობდა უფროსი ინსპექტორის 265 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ - 258. გარდა ამისა, მოსარჩელე უფროს ინსპექტორად მუშაობდა ...ის განყოფილებაში, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ აღარ არსებობს. საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირებიდან შეერჩია ის თანამშრომელი, რომელსაც კონკურსის გარეშე დანიშნავდა სამსახურში.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რეორგანიზაციის საფუძვლით, ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
საკასაციო პალატა, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. გადაწყვეტილების შესრულება კი გულისხმობს მის ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით აღსრულებას. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, პირველ ყოვლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესწავლას უკავშირდება.
დადგენილია, რომ ა. მ-ი დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის პოზიციაზე და თანამდებობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 19 სექტემბერს, სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია თანამშრომლის გათავისუფლების უპირობო საფუძველს არ წარმოადგენს, თუ რეორგანიზაციას თან არ ახლავს შტატების გაუქმება. ვინაიდან სადავო შემთხვევაში შტატების საერთო რაოდენობა არ შეცვლილა, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა, რამდენად არსებობდა უშუალოდ ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა.
დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოცემული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა. მ-ი კვლავ იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული, რეორგანიზაციის მოტივით, იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებიც უკვე შეფასებული და გამოკვლეული იყო სასამართლოს მიერ თავდაპირველი სამართალწარმოებისას და სამსახურიდან გათავისუფლება არ იქნა კანონიერად მიჩნეული. ამრიგად, სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ დასკვნებსა და განმარტებებს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ არასათანადოდ აღასრულა.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თავდაპირველი სამართალწარმოებისას სასამართლოებმა უკვე იმსჯელეს რეორგანიზაციის საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, კვლავ განმარტოს რეორგანიზაციისას დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებელი წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამდენად, პირის გათავისუფლებას იწვევს არა ნებისმიერი სახის რეორგანიზაცია, არამედ მხოლოდ შტატების შემცირების შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ როგორც მოქმედი კანონის 102-ე, 110-ე მუხლები, ისე 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი კანონის 96-ე მუხლიც, პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე, უკავშირებდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებას. ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით (რაც არაერთგზის განუმარტავს საკასაციო სასამართლოს), ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)). „საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით ამგვარი შტატი აღარ არსებობს. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც შტატები სრულად არ უქმდება, უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ერთსა და იმავე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-664-664(კ-18)).
განსახილველ შემთხვევაში კი, თავდაპირველი სამართალწარმოების ფარგლებშივე იქნა სასამართლოთა მიერ შესწავლილი და დადგენილი, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების საერთო რაოდენობა არ შეცვლილა: 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით სააგენტოში გათვალისწინებული იყო ოფიცრის 534 შტატი და რიგითის 41 შტატი, რეორგანიზაციის შემდეგ - ოფიცრის 536 შტატი და რიგითის 39 შტატი. ამასთან, მართალია, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა ...ის მომსახურების განყოფილება (სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული), თუმცა სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოში ჩამოყალიბდა ...ის სამსახური, რომელიც შედგებოდა სამსახურის უფროსის ერთი შტატის, სამსახურის უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის 13 შტატისგან. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და პირველი სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებებისა და მითითების გათვალისწინებით, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების არასათანადოდ შესრულების პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა რეორგანიზაციის გამო, რაც ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე