№ბს-87(კ-21) 2 ივნისი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 08 ივლისს გ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №... ბრძანების და გ. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA ... ბრძანების ბათილად ცნობა და გ. გ-ის დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №... ბრძანება და გ. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA ... ბრძანება და მოპასუხეს გ. გ-ის დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონზე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ გ. გ-ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გათავისუფლებამდე ეკავა - ქ. თბილისის პოლიციის ...ს სამმართველოს ... განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო ბრძანებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნას რეორგანიზაციის საფუძლით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში იყო შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება, თავის მხრივ, გულისხმობდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას, ისე რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატატო ერთეულს არ ჰქონოდა გადაცემული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №153 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებისა და უბნის ინსპექტორების საქმიანობის წესზე“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166649 ბრძანებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №287735 ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იმგვარ რეორგანიზაციას, რომელსაც თან არ სდევდა შტატების შემცირება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია რეორგანიზაციის შემდეგ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შტატი გაუქმდა, თუმცა შემდეგ შექმნილ შტატებზე გადანაწილდა სწორედ ის ფუნქციები, რასაც მოსარჩელე ასრულებდა რეორგანიზაციამდე პერიოდში. ამდენად, ამ სახის რეორგანიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იყო გ. გ-ის დანიშვნა შესაბამის თანამდებობაზე. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის წარმომადგენელმა 2020 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის ადრე დაკავებული თანამდებობის ფუნქციური მახასიათებლების გათვალისწინებით მანამდე არსებულ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 6 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირები, გარდა გ. გ-ისა, გადაყვანილ იქნენ ნაწილი დეტექტივის, ნაწილი კი გამომძიებლის თანამდებობებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31დეკემბრის N995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ. გ-ე გათავისუფლებამდე მუშაობდა შსს ქ. თბილისის პოლიციის ...ს ... განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწის თანამდებობაზე. კასატორის მოსაზრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად არათუ შემცირდა, არამედ სრულად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №... ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) შესაბამისად, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის ...ს სამმართველოს ... განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი - გ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შსს კადრების განკარგულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველს წარმოადგენდა შსს საშტატო-სარეორგანიზაციო ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA ... ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის ...ს სამმართველოს ... განყოფილების ყოფილი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი - გ. გ-ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის №... და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 5 ივნისის №MIA ... ბრძანებების კანონიერების შეფასება წარმოადგენს, რაც, თავისმხრივ, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტის დადგენას საჭიროებს.
საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციამდე ქ. თბილისის პოლიციის ...ს სამმართველოს ... განყოფილებაში გათვალისწინებული იყო დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 6 საშტატო ერთეული (სპეციალური წოდება - „პოლიციის მაიორი“), ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №287735 ბრძანებით ქ. თბილისის პოლიციის ...ს სამმართველოს ... განყოფილებაში გათვალისწინებულ იქნა გამომძიებლის თანამდებობა 7 საშტატო ერთეულით (სპეციალური წოდება - „პოლიციის მაიორი“) და დეტექტივის თანამდებობა 23 საშტატო ერთეულით (სპეციალური წოდება - „პოლიციის მაიორი“).
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის შემდგომ აღარ არსებობდა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შტატი, თუმცა კასატორი საერთოდ ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ ახლად შექმნილი თანამდებობები ფუნქციურად არსებითად განსხვავდებოდა მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობისაგან.
საკასაციო სასამართლოს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ ადასტურებს მის გაუქმებას. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს მსგავსი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმებია დადგენილი. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 08.12.2015წ, №ბს- 449-442(კ-15)).
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული შტატების შემცირების საფუძველზე კონკრეტული მოხელის გათავისუფლების აუცილებლობა და სხვა მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭების საჭიროება. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი შტატების შემცირება საფუძვლად დაედოს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას. განსახილველ შემთხვევაში, თავად კასატორი ადასტურებს გ. გ-ის კოლეგების - მანამდე არსებულ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 6 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირების, ახლად შექმნილ - დეტექტივისა და გამომძიებლის თანამდებობებზე გადაყვანას. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით კი რეორგანიზაციის საფუძვლით, გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე