Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 459-დად 7 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),

ნ. გაბრიჩიძე,

მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ძ. ძ-ას კერძო საკასაციო საჩივარი ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ტ. ხ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის განაჩენით ტ. ხ-ლს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 134-ე მუხლით მიესაჯა ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დატოვებულ იქნა უცვლელად. პირველი ინსტანციის სასამართლომ (ყვარლის რაიონული სასამართლო) განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განკარგულება ტ. ხ-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 2002წ. 17 ივლისს გაუგზავნა თიანეთის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილებას, მაგრამ მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო იგი დღემდე არ აღსრულებულა. ტ. ხ-ლი ამბულატორიული წესით მკურნალობს თბილისის ფსიქიატრიულ დისპანსერში. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2002წ. 6 აგვისტოს დასკვნის მიხედვით: “ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაში ტ. ხ-ლს განუვითარდა დროებითი ფსიქიკური აშლილობა დეპრესიულ-პარანოიდული სინდრომის სახით. ამჟამად, ფსიქიკის ავადმყოფური მდგომარეობის ფონზე, ტ. ხ-ლს არ შეუძლია სწორად გაიგოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და უხელმძღვანელოს მათ. ტ. ხ-ლი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის სოციალურ საშიშროებას. ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა ამბულატორიული წესით ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის პირობებში ავადმყოფური მდგომარეობიდან გამოსვლამდე, რის შემდეგაც შეიძლება მოიხადოს სასამართლოს მიერ დანიშნულისასჯელი”. 2002წ. ივლისიდან ტ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა არაერთხელ მიმართა ყვარლისა და თიანეთის რაიონულ სასამართლოებს ტ. ხ-ის ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე, მაგრამ შუამდგომლობა ყვარლის რაიონულმა სასამართლომ განიხილა მხოლოდ 2004წ. 19 ოქტომბერს. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა ორი მოტივით: პირველი _ განაჩენი უკვე მიქცეულია აღსასრულებლად. ამდენად, შუამდგომლობის განხილვა არ ექვემდებარება განაჩენის გამომტან სასამართლოს. მეორე _ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტ. ხ-ლი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის სოციალურად საშიშ პიროვნებას. იგი მკურნალობს არა სტაციონარული, არამედ ამბულატორიული წესით, რაც სავსებით შესაძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც.

კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილება უკანონოა და ითხოვს მის გაუქმებას.

პალატის სხდომაზე ავდოკატმა გ. ძ-ამ ითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმება და ტ. ხ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად გადაცემა. პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატის საკასაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ, ძალაში შესვლის მიუხედავად, ტ. ხ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება დღემდე არ დაწყებულა. ამის ძირითადი მიზეზი კი მსჯავრდებულის ავადმყოფობაა. აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტ. ხ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე შუამდგომლობა არ შეიძლება განხილულ იქნეს სსსკ-ის 607-ე მუხლის შესაბამისად განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, არასწორია. პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის განკარგულება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ჯერ კიდევ არ ნიშნავს განაჩენის აღსრულებას. ამდენად, განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვა განაჩენის დამდგენი სასამართლოს ქვემდებარეა მანამ, სანამ არ დაიწყება განაჩენის რეალურად აღსრულება.

სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მეორე მოტივად მიიჩნია ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ტ. ხ-ლი საზოგადოებისათვის არ წარმოადგენს სოციალურად საშიშ პიროვნებას და საჭიროებს ამბულატორიულ მკურნალობას. პალატა თვლის, რომ სასამართლოს დადგენილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც სასამართლომ თავის დადგენილებაში მოიხსენია, ჩატარებულია შუამდგომლობის განხილვამდე ორი წლითა და ორი თვით ადრე. დასკვნაში მითითებულია, რომ: “ფსიქიკის ავადმყოფური მდგომარეობის ფონზე ტ. ხ-ლს არ შეუძლია, სწორად გაიგოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და უხელმძღვანელოს მათ”. სასამართლო არ დაინტერესებულა შუამდგომლობის განხილვის მომენტისათვის როგორია მსჯავრდებულის ჯანმრთელობა _ გაუარესდა, თუ გაუმჯობესდა ის.

შუამდგომლობის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ განმეორებით უნდა დანიშნოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, საჭიროების მიხედვით ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც და მიღებული დასკვნების შესაბამისად მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატ გ. ძ-ას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის დადგენილება ტ. ხ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ და ადვოკატის შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.