Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1253(4კ-19) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ბ. შ-ე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

კასატორი (მესამე პირი) - გ. ჟ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. შ-ემ 2016 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №2417750 და 2016 წლის 26 თებერვლის №2448932 ბრძანებების, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის №1-2179 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება გ. ჟ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის №1-2179 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №2417750 და 2016 წლის 26 თებერვლის №2448932 ბრძანებები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით ბ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და გ. ჟ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი - ბ. შ-ე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით, ცალსახად დგინდება, რომ მესამე პირის მიერ მშენებლობის განხორციელება მოსარჩელეს არსებით ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა მესამე პირის კანონიერ ნდობაზე. საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო აქტების გამოცემისას დაირღვა კანონიერების პრინციპიც, რადგან სამშენებლო დოკუმენტაცია არ არის სათანადოდ გადანომრილი და დამოწმებული, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ აქტის კანონიერების შესწავლისას ხდება იმ დოკუმენტების ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც დამკვეთს გააჩნია, საექსპერტო დასკვნა კი არ განიხილება მშენებლობის ნებართვის მისაღებ აუცილებელ დოკუმენტად. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება საპროექტო სამუშაოების საფრთხის შემცველობა, ხოლო თუ მომავალში მშენებლობა ზიანს მიაყენებს სხვა პირს, აღნიშნული ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები საქმის გარემოებების სათანადოდ შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად გამოსცა; პროექტის შეთანხმების სტადიაზე დამკვეთის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნები ცალსახად და კონკრეტულად მიუთითებდა მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის არარსებობის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

კასატორი - გ. ჟ-ა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ექსპერტთა დასკვნები არასრულად და არაჯეროვნად შეაფასა. საკასაციო საჩივრის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მესამე პირის კუთვნილი შენობის კონსტრუქციული მდგრადობა საფრთხეს არ უქმნის მომიჯნავე ნაკვეთებზე განთავსებულ საცხოვრებელ შენობებს. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული აქტები აღმჭურველი ბუნებისაა და გ. ჟ-ას გააჩნია მათ მიმართ კანონიერი ნდობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და გ. ჟ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. ჟ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერება, მშენებლობის შედეგად მოსარჩელის საკუთრების ობიექტისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, ხოლო 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, III კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე. ამრიგად, მშენებლობის განხორციელების მიზნით პირმა შესაბამისი წესით უნდა მოიპოვოს ნებართვა არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ კი საკითხის განხილვისას დეტალურად უნდა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია და მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე, უნდა გაითვალისწინოს და დაიცვას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, მათ შორის: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება; უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია. აღნიშნული პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე მითითებას შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონიც (ძალადაკარგულია 2018 წლის 20 ივლისის კანონით), რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მიზანია დაადგინოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითადი ასპექტები, მათ შორის, მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნისათვის; მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებულ პრინციპთა უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით აუცილებელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეასრულოს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით განხორციელებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა გამოიკვლიოს არა მხოლოდ დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ უნდა შეაფასოს, ხომ არ წარმოქმნის მშენებლობა საფრთხეს როგორც უშუალოდ მშენებლობის განმახორციელებელი პირისა და შესაბამის შენობაში მაცხოვრებელთა, ისე მესამე პირების სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა ან საკუთრებისთვის. დაუშვებელია, შეთანხმდეს ისეთი მშენებლობა, რომელიც უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 თებერვლის №2417750 სადავო ბრძანებით შეთანხმდა გ. ჟ-ას კუთვნილ, თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური (სავაჭრო-საცხოვრებელი) შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი, ხოლო ამავე სამსახურის 2016 წლის 26 თებერვლის №2448932 სადავო ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვას კი სადავოდ ხდის მოსარჩელე (საპროექტო ობიექტის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე), რომელიც აღნიშნავს, რომ მშენებლობის შედეგად ზიანი მიადგება მის საკუთრების ობიექტს.

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის პოზიციის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ: 1. შპს „ლილეოს“ 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნის თანახმად, შესწავლილი შენობის ელემენტების კონსტრუქციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია; რეკონსტრუქცია, მიშენება-დაშენება კი დასაშვებად იქნა მიჩნეული დასკვნაში მითითებული პირობების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამშენებლო ნორმატივებისა და წესების დაცვით. ამავე საექსპერტო დაწესებულების 2015 წლის 2 ნოემბრის დასკვნის შესაბამისად, შენობის კონსტრუქციული მდგომარეობა არ უქმნის საფრთხეს მომიჯნავე ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ შენობებს და არ საჭიროებს დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, ვინაიდან საპროექტო შენობა მომიჯნავე შენობებიდან არის დაცილებული, კონსტრუქციული კავშირი და შეხება არ ხორციელდება; 2. შპს „...-ს“ 2016 წლის 5 აპრილის საექსპერტო დასკვნის თანახმად, ოთხსართულიანი სახლის ექსპლუატაციაში შესვლა გამოიწვევს საძირკვლის დონეზე დეფორმაციას; 3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 15 აგვისტოს №004317516 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მშენებარე შენობას შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს მეზობელი ერთსართულიანი აგურის შენობაზე.

საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი დასკვნების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ისინი არ იძლევა ერთგვაროვან და ცალსახა პასუხს საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე - გამოიწვევს თუ არა სადავო მშენებლობა მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას, დაარღვევს თუ არა უსაფრთხო გარემოს პრინციპს. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 22 სექტემბერს წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებას - შპს „მ...ის“ 2020 წლის 2 ივლისის დასკვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე, 407-ე მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, საკასაციო ინსტანციაში შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, თუმცა აღნიშნული დასკვნა ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს. ამრიგად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ახალი, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებასა და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავდა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სადავო საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტას არ გამორიცხავდა გასაჩივრებული აქტების აღმჭურველი ბუნება, რადგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შესაძლებელია, თუკი დადასტურდება, რომ ისინი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში კი, გამოსაკვლევი და შესაფასებელია სწორედ მოსარჩელის უფლებათა ხელყოფის საკითხი, უნდა გამოირიცხოს ისეთი მშენებლობის ნებართვის განხორციელება, რომელიც სხვა პირთა უფლებებს არსებითად დაარღვევს. შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და გ. ჟ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. კასატორს - ბ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. ღ-ას (პ/ნ ...) მიერ 2020 წლის 19 თებერვლის №9088106714 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - გ. ჟ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ეთერ ერაძის მიერ 2020 წლის 21 თებერვლის №9097232423 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს 2019 წლის 2 ოქტომბრის №01768 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე