Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-466(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ე. მ-ემ 2018 წლის 5 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და „ე. მ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1 მაისის №01-01/07/11108 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის 2018 წლის 5 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ე. მ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1 მაისის №01-01/07/11108 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ე. მ-ის 2018 წლის 5 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ე. მ-ემ, დევნილის სტატუსის ჩამორთმევიდან 2 წლის შემდეგ, სამინისტროში ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ახსნა-განმარტებები წარადგინა, რომლებიც ადასტურებდნენ მოსარჩელის ქალაქ სოხუმში ცხოვრებს ფაქტს. ამასთან, მიუთითა, რომ მოცემული მტკიცებულებები წარმოადგენდნენ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც, მისი ზარით, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. სამინისტრომ განაცხადის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენდნენ იმგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რომლებიც დაინტერესებულ პირთან მიმართებით ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების საფუძველი უნდა ყოფილიყო. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მხარემ გაუშვა დევნილის სტატუსის ჩამორთევასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი გასაჩივრების ყველანაირი ვადა, ქვედა ინსტანციის სასამართლოები კი მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ხელოვნურად უქმნიან შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ განიხილოს მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის/მინიჭების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. მ-ისთვის ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების მეორედ წარდგენისა და განხილვის წესს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, მითითებული ნორმა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა განსაზღვრულ პირობებში, როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. მ-ეს 2015 წლის 9 სექტემბერს ჩამოერთვა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო 2018 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, წარადგინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები და ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად არ იმსჯელა განცხადებაზე და აღნიშნა, რომ იგი არ შეიცავდა მითითებას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, რის გამოც მოსარჩელეს უარი უთხრა წარდგენილი განცხადების განხილვაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო აქტი, რომ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები. სამინისტროს არ უმსჯელია ე. მ-ის განცხადების წარმოებაში მიღების კონკრეტულ წინაპირობებზე. პალატის აზრით, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენენ არა განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, არამედ განცხადების არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლოთა მითითებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არამართლზომიერების, წარდგენილი განცხადების განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შესახებ.

ამრიგად, ე. მ-ეს უკანონოდ ეთქვა უარი ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილი განცხადების განხილვაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას და გადაწყვეტას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე