საქმე #ბს-167(კ-21) 1 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 9 მარტს ნ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ პროფესიული უნარების საგნის გამოცდაში ნ. ს-ის ნაშრომის 22, 24, 27, 42.2 და 42.3 დავალებებთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებისა და ნ. ს-ის საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის პროფესიული უნარების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც პროფესიული უნარების საგნის გამოცდის 22, 24, 27, 42.2 და 42.3 დავალებებში ნ. ს-ს მოემატება ქულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება პროფესიული უნარების საგნის გამოცდაში ნ. ს-ის ნაშრომის 22, 42.2 და 42.3 დავალების შეფასებასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასება, პროფესიული უნარების საგნის გამოცდაში ნ. ს-ის ნაშრომის 22, 42.2 და 42.3 დავალებებთან დაკავშირებით, შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის პროფესიული უნარების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ს-ის საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე პროფესიული უნარების საგნის გამოცდაში ნ. ს-ის ნაშრომის 22, 42.2 და 42.3 დავალებასთან დაკავშირებით უარის თქმის ნაწილში; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რომლითაც პროფესიული უნარების საგნის გამოცდის 22, 42.2 და 42.3 დავალებებში ნ. ს-ს თითოეულ მათგანში მიემატება 1(ერთი) ქულა, ჯამში 3(სამი) ქულა; ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-მა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ნოემბერში გამართულ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაში, სადაც მან პროფესიული უნარების საგნის გამოცდაში მიიღო 20 ქულა. ნ. ს-ს პროფესიული უნარების საგნის გამოცდაზე უნდა შეესრულებინა 44 დავალება, რომელთა შეფასების სქემაც დამტკიცებული იქნა წინასწარ, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის #235/19 ბრძანებით (დანართი #3). პროფესიულ უნარებში 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების შეფასების სქემაზე (დანართი #3) მითითებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ღია კითხვა მხოლოდ მაშინ შეფასდება 0 ქულით, თუ ,,პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. პირობა სწორად არ არის გააზრებული - ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს“.
სადავო 22, 42.2 და 42.3 ტესტური დავალებების განხილვისას, აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავალებების პასუხი არაადეკვატურად ვერ ჩაითვლება, ასევე ვერ ჩაითვლება, რომ ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს, ვინაიდან აპლიკანტი პასუხობს დავალების მოთხოვნას, თუმცა პასუხის შინაარსიდან გამომდინარე, თვლის, რომ აპლიკანტს აქვს საკითხის ზედაპირული ცოდნა, ვინაიდან პასუხში არ ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, არ არის მსჯელობა სრული, არგუმენტირებული და დასაბუთებული.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარების საგნის ღია დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის მოცემული პასუხების არჩევანი და აპლიკანტს ეძლევა თავისუფლება იმაში, თუ როგორ, რა სახით გასცემს პასუხს (ლაკონურად თუ ვრცლად) დასმულ შეკითხვას. ღია კითხვა თავისთავად გულისხმობს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში, მთავარია ხაზი გაესვას დასმული კითხვის ,,სამიზნე საკითხებს“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სათანადოდ დაუსაბუთებელია, რატომ მიიღო ნ. ს-მა სადავოდ გამხდარ 22-ე, 42.2 და 42.3 დავალებაში შეფასება - 0 (ნული), მაშინ როდესაც აპლიკანტის პასუხები აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხობდა შეფასების ერთქულიან სქემას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 24-ე და 27-ე დავალებებში მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხი, შეფასების სქემის გათვალისწინებით, მართებულად იქნა შეფასებული 0 ქულით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთანავე, სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მოცემულ დავალებებთან მიმართებაში შეფასებები გაკეთებულია სრულიად დაუსაბუთებლად, არ არის მოცემული არანაირი მეცნიერული და იურიდიული დასაბუთება თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე, ამავდროულად, სასამართლოს მხოლოდ დასკვნის სახით აქვს მოცემული, რომ იგი არ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მოცემულ პასუხებს შეფასების სქემის მიხედვით განსაზღვრულ 0 ქულის მქონე პასუხებად, სასამართლომ მხოლოდ მის სუბიექტურ წარმოდგენებზე დაყრდნობით მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ამასთან, არც მოსარჩელის მხრიდან ყოფილა წარმოდგენილი ამ კონკრეტული დარგის მიმართულებით არსებული შესაბამისი წყაროები, რომლებიც დაასაბუთებდა მისი საჩივრის საფუძვლიანობას.
ამასთან, ცენტრის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საზღვრებთან და სასამართლოს მხრიდან მის უფლებამოსილებაში ჩარევის საკითხთან მიმართებაში კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში გაკეთებულ განმარტებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელით ნ. ს-მა სადავოდ გახადა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასება პროფესიული უნარების საგნის გამოცდაში მისი ნაშრომის 22, 24, 27, 42.2 და 42.3 დავალებებთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ 22, 42.2 და 42.3 დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო მოსარჩელის - ნ. ს-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ამოწმებს მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობისა და დასაბუთებულობის საკითხებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის #193/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი“ განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. ამავე წესის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტის შესაბამისად, შეფასების სქემა არის ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის #235/19 ბრძანებით დამტკიცებული პროფესიულ უნარებში 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების შეფასების სქემის (დანართი #3) თანახმად, ღიადაბოლოებიანი დავალებების (21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 42.2, 42.3, 43 და 44) შეფასების ზოგადი კრიტერიუმები მდგომარეობდა შემდეგში: იმისათვის, რომ აპლიკანტის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს, ის: (1) უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს - დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული; (2) არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს; (3) შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით. თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით. ამავე შეფასების სქემის მიხედვით, 3 ქულიანი ღია დავალებები სწორდებოდა შემდეგი ზოგადი რუბრიკის საფუძველზე: დავალება 3 ქულით ფასდებოდა, თუ ,,პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა. მსჯელობა არის სრული, არგუმენტირებული, აპლიკანტი გასაგებად და ამომწურავად უპასუხებს დავალების ყველა კითხვას (მითითებას)“; 2 ქულით - „პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, თუმცა მსჯელობა არ არის სრული. აკლია დავალების პირობის ერთი რომელიმე კომპონენტი ან ზოგადად პასუხი ყველა მითითებაზე სწორია, მაგრამ სქემატური. აკლია სიცხადე“; 1 ქულით - ,,პასუხში ჩანს, რომ აპლიკანტს აქვს საკითხის ზედაპირული ცოდნა. პასუხი ნაწილობრივ სცდება დასმულ პრობლემას ან აპლიკანტი სქემატურად უპასუხებს პირობაში მოცემულ მხოლოდ ერთ კომპონენტს“; ხოლო დავალება 0 ქულით ფასდებოდა, თუ „პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. პირობა სწორად არ არის გააზრებული - ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს“.
როგორც შეფასების სქემაშია განსაზღვრული, ღია დავალება მხოლოდ მაშინ შეფასდება 0 ქულით, თუ ,,პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ უპასუხებს დავალების მოთხოვნებს. პირობა სწორად არ არის გააზრებული - ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს“. განსახილველ შემთხვევაში, სადავო 22, 42.2 და 42.3 ტესტური დავალებების განხილვისას, აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემული დავალებების პასუხი არაადეკვატურად ვერ ჩაითვლება, ასევე ვერ ჩაითვლება, რომ ნაწერი არ შეესაბამება მოცემულ საკითხს, ვინაიდან აპლიკანტი პასუხობს დავალების მოთხოვნას, თუმცა პასუხის შინაარსიდან გამომდინარე, აპლიკანტს აქვს საკითხის ზედაპირული ცოდნა, ვინაიდან პასუხში არ ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, არ არის მსჯელობა სრული, არგუმენტირებული და დასაბუთებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია სადავოდ გამხდარ 22-ე, 42.2 და 42.3 დავალებებში ნ. ს-ის შეფასება - 0 (ნული) ქულით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 08.04.2021წ. #01430 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.04.2021წ. #01430 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე