Facebook Twitter

საქმე №ბს-1225(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 3 ნოემბერს მ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1061 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლის დირექტორად. 2013 წლის 8 ნოემბრის №1/კ-1091 ბრძანების თანახმად კი დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე მ. ქ-ა. დირექტორობის უფლების მოსაპოვებლად მან წარმატებით გაიარა კონკურსის რამდენიმე ეტაპი, რის საფუძველზეც გადასცეს დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერთიფიკატი. 2014 წლის 14 აგვისტოს სერთიფიცირებულ დირექტორთათვის ცნობილი გახდა, რომ მათ უნდა ჩატარებოდათ კიდევ ერთი გასაუბრება, რომლის შედეგებიც განსაზღვრავდა კონკრეტული სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის მათ ასარჩევად წარდგენას. მ. ქ-ამ გასაუბრება გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სათანადო ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიასთან, მაგრამ მოსარჩელის კანდიდატურა ყოველგვარი დასაბუთებისა და ფაქტობრივი არგუმენტაციის გარეშე უარყოფილ იქნა კომისიის მიერ, რის შემდეგაც იგი არ წარადგინეს ... სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად მ. ქ-ას არწარდგენის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის №1034 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 24 სექტემბრის #3 სხდომის ოქმის, „ქ. ...ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორების კანდიდატების სიის, ასევე ქ. ...ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლების სიის დამტკიცების თაობაზე, რომლის სამეურვეო საბჭოებსაც დირექტორობის კანდიდატები წარედგინებიან ასარჩევად“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 2 ოქტომბრის №1079 ბრძანების სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატურების ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მ. ქ-ა ასარჩევად წარედგინება ქ. ...ის ...ის სსიპ ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით მ. ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით მ. ქ-ას სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქმე - მ. ქ-ას სარჩელისა გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად დამატებით სსიპ ...ის ქ. ...ის ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნ. ბ-ას დანიშვნის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 თებერვლის №1/კ-173 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ... ნაწილის შესაბამისად, მე-3 პირად ჩაბმულ იქნა ნ. ბ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ,,დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის №1034 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 24 სექტემბრის სხდომის №3 ოქმი იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად მოსარჩელე - მ. ქ-ას არ წარდგენას; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ. ...ის საგანმანათლებლო რესუსრცენტრის დაქვემდებარებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორების კანდიდატების სიის, ასევე ქ. ...ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლების სიის დამტკიცების თაობაზე, რომლის სამეურვეო საბჭოებსაც დირექტორობის კანდიდატები წარედგინებიან ასარჩევად“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 2 ოქტომბრის №1079 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატ, მოსარჩელე - მ. ქ-ას; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 თებერვლის №1/კ-173 ბრძანება - სსიპ ...ის ქალაქ ...ის ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნ. ბ-ას დანიშვნის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ,,დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის №1034 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 24 სექტემბრის სხდომის №3 ოქმის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად მოსარჩელე მ. ქ-ას არწარდგენას; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ ...ის ქ. ...ის ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ნ. ბ-ას დანიშვნის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 თებერვლის №1/კ-173 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 2 ოქტომბრის №1079 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე იმ ნაწილში, რომელიც ეხება სსიპ ქ. ...ის ...ის ... საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორობის კანდიდატ ნ. ბ-ას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის 25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ მე-2 მუხლზე, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტზე, 201 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ კონკურსანტი კომისიის წინაშე წარადგენს მის მიერ არჩეული სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვას, ხოლო სადავო ოქმში მითითებულია, რომ კომისიის წევრებმა გააანალიზეს და შეაფასეს კანდიდატის მიერ წარდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება. ამდენად, კასატორისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე ავალდებულებს სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ოქმში კითხვა-პასუხის მითითებას. კასატორის მითითებით, სადავო ბრძანება შეიცავს სრულ დასაბუთებას დისკრეციული უფლებამოსილების საფუძვლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის შედეგები. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობა წარმოადგენს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 სექტემბრის №1034 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 24 სექტემბრის №3 სხდომაზე, კომისიის წევრებმა გააანალიზეს და შეაფასეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვა და ღია კენჭისყრით, ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მ. ქ-ა არ წარდგენოდა ასარჩევად მის მიერ არჩეულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტებზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. ამავე სტანდარტების მე-9-10 მუხლებით დადგენილია, თუ რას მოიცავს საჯარო სკოლის საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო თეორიული ცოდნა და საქმიანობის შესრულებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები. როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მიზანია დირექტორობის მსურველის შესაბამისობის დადგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან.

დასახელებული საკანონმდებლო დანაწესების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო კონკურსის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა ცალსახად ითხოვს დირექტორობის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორობის კანდიდატად წარსადგენი კანდიდატის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთებას დირექტორობის კანდიდატის სტანდარტებთან შეუსაბამობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან მასში არ არის მოცემული მოსარჩელის კანდიდატურის შეფასება აკმაყოფილებდა თუ არა საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს. წარმოდგენილი სადავო აქტით არ დგინდება, თუ რის საფუძველზე მიიღო კომისიამ კონკრეტული სახის გადაწყვეტილება, რა გარემოებამ განაპირობა მოსარჩელისთვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარლებში მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა მხარისთვის ცხადი იყოს, თუ რა გარემოებამ განაპირობა მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული სახის უფლებამოსილების არსებობის პირობებში არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება და უპირატესობის მინიჭება პირადი შეხედულების მიხედვით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დაცული ყოველგვარი სუბიექტური მოტივისაგან, აქტი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ გარემოებებს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებული ოქმიდან არ დგინდება მოპასუხე მხარემ რა ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მ. ქ-ა არ ყოფილიყო წარდგენილი ასარჩევად მოცემული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე. მართალია, მოსარჩელემ უარი განაცხადა სხდომის ოქმის აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე და მოხდა მხარის ინტერესების გათვალისწინება, თუმცა ეს ფაქტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებდა იმ ვალდებულებისაგან, რომ ოქმში მიეთითებინა შეკითხვები და კონკურსანტის მიერ გაცემული პასუხები და შემდგომ დაესაბუთებინა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არჩეული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენა/არ წარდგენის შესახებ. სადავო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხედვა როგორი იყო კონკრეტული სკოლის მიმართ და რომელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა იგი. ამასთან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული აქტი, ან უბრალოდ სამინისტროს ხედვა, ზოგადად საქართველოში საჯარო სკოლების სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებით, ანუ ის ხედვა, რასთან მიმართებაშიც უნდა მომხდარიყო კომისიის წევრების მიერ კონკურსანტების მიერ წარდგენილი ხედვის შედარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე