საქმე #ბს-1208(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 16 აპრილს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანებით იგი გათავისუფლდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში, რის ოფიციალურ მიზეზადაც დასახელდა დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. თუმცა, მოსარჩელის მოსაზრებით, მისი გათავისუფლება უკავშირდება მის პოლიტიკურ შეხედულებებს. კერძოდ, სარჩელის თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №05/7 ბრძანების საფუძველზე დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რასაც წინ უძღოდა მ. ქ-ის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული კრიტიკული პოლიტიკური განცხადებები მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ. 2018 წლის 12 თებერვალს მ. ქ-ემ მიიღო საკრებულოს წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განემარტა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლის 15 მარტიდან გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მითითებით, ე.წ. გამოცხადებული რეორგანიზაცია შეეხო მხოლოდ მის მიერ დაკავებულ პოზიციას, რაც თავისთავად აღძრავს ლეგიტიმურ ეჭვს იმის შესახებ, რომ ზემოთხსენებული გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო წინასაარჩევნო პერიოდში გახმოვანებული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით. რეორგანიზაცია მიზნად არ ისახავდა საშტატო ნუსხის შემცირებას და ხარჯების ეკონომიურობის უზრუნველყოფას, სხვანაირად შეუძლებელია შეფასდეს, თუ რატომ შეეხო რეორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთ შტატს, ამასთან იმ პოზიციას, რომელიც ეკავა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ...ის განყოფილების ...ის მ. ქ-ის გათავისუფლებისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანების ბათილად ცნობა, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა, ასევე სამსახურში აღდგენა და 2018 წლის 15 მარტიდან წინამდებარე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგო) განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საჯარო სამსახურში, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება, მათ შორის გაუქმდა ის თანამდებობა, რაც დაკავებული ჰქონდა აპელანტ მ. ქ-ეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად საკრებულოს მცდელობისა, მობილობა ვერ განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმება იწვევს ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებას და აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ იქონიებს იმავე განყოფილებაში იმავე რანგის სხვა კატეგორიით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებული სხვა პირების შრომით უფლებებზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე რეორგანიზაციის განხორციელების გამო ის გათავისუფლდა დააკავებული თანამდებობიდან, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოსარჩელის მოსაზრებასთან მიმართებაში მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება მ. ქ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. კერძოდ: მოსარჩელე მიუთითებს ხელმძღვანელობის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო და მიუთითებს სოციალური ქსელის მეშვეობით მის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე (სქრინი საქმეს თან ერთვის). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე არ იკვეთება მ. ქ-ის იმგვარი პოლიტიკური საქმიანობა, რაც შეიძლება დევნის ობიექტი გამხდარიყო. მართალია, ის გამოთქვამდა უკმაყოფილებას მმართველი პოლიტიკური გუნდის საქმიანობის გამო, თუმცა სოციალურ ქსელებში და სხვა საჯარო სივრცეში ის არ გამოხატავდა სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ მხარდაჭერას. ამასთან, მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის საქმიანობის კრიტიკა არ იძლევა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის საფუძველს. სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები ლოგიკურ ბმაში ვერ იქნება მ. ქ-ის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მისი განთავისუფლების საფუძველი იყო სამსახურის რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მ. ქ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელებული ე.წ რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდა მხოლოდ მატერიალური და შესყიდვების უზრუნველყოფის განყოფილების ...ი - მ. ქ-ე. მართალია, ფორმალურად გაუქმდა ...ის განყოფილების ...ის პოზიციაც, თუმცა ახალი სტრუქტურით გათვალისწინებულია ...ი სპეციალისტის შტატი ...ის საკითხებში და შესაბამისად, მობილობის ფარგლებში ...ო განყოფილების ...ის გადაყვანაც სწორედ ამ პოზიციაზე მოხდა.
კასატორის მითითებით, გასათავისუფლებელი კანდიდატის შერჩევისას საკრებულომ არ იხელმძღვანელა კანდიდატების საკვალიფიკაციო მონაცემებით, აღნიშნული კი შეფასების გარეშე დატოვა სასამართლომ.
რაც შეეხება დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას, კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დისკრიმინაციის არსებობის ეჭვს ამყარებს ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ა) წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების საჯარო კრიტიკა; ბ) ე.წ. რეორგანიზაცია შემცირების ნაწილში შეეხო მხოლოდ იმ პოზიციის გაუქმებას, რომელიც ეკავა მას - განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პიროვნებას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი უნდა განიხილოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, განსაკუთრებულად კი ეს უკავშირდება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ. ქ-ის გათავისუფლებისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის კანონიერება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა, ასევე სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ მ. ქ-ეს საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ეკავა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის განყოფილების ...ის პოზიცია, რომელიც მან დაიკავა საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 31 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #05/7 ბრძანების საფუძველზე დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი.
საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1 თებერვლის #05/9 ბრძანებით შექმნილმა პასუხისმგებელმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საკრებულოს აპარატის არსებული სტრუქტურა, თითოეული სტრუქტურული ერთეულის და საჯარო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და 2018 წლის 9 თებერვალს მიიღო დასკვნა, რომლის თანახმად, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა განხორციელებულიყო საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია და საკრებულოს აპარატის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება. დასკვნა შეეხებოდა საკრებულოს აპარატის ...ის განყოფილებასაც.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ...ის განყოფილების ...ი მ. ქ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მითითებული კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა არამარტო ...ის განყოფილების ...ის თანამდებობა, არამედ, ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაც. გარდა ამისა, 3 შტატი გაუქმდა და თანაშრომლები გადავიდნენ შრომით ურთიერთობაზე. საკრებულოს აპარატში 6 განყოფილების ნაცვლად დარჩა 4 განყოფილება და 32 შტატის ნაცვლად - 28 შტატი.
საკრებულოს აპარტის ოპტიმიზაციის შედეგად მოხდა რამდენიმე თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (ნაწილი მოიშალა ვადამდე და ნაწილი ვადის გასვლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა).
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ საჯარო სამსახურში, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება, მათ შორის გაუქმდა ის თანამდებობა, რაც დაკავებული ჰქონდა მ. ქ-ეს. რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად საკრებულოს მცდელობისა, მობილობა ვერ განხორციელდა.
შესაბამისად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე რეორგანიზაციის განხორციელების გამო ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუს 12.04.2018წ. #ბს-1102-1096(კ-17) განჩინება; სუს 13.02.2020წ. #ბს-179(2კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მოსარჩელის მოსაზრებასთან მიმართებაში მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება მ. ქ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. მისი განთავისუფლების საფუძველი იყო სამსახურის რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე