საქმე #ბს-1259(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 23 აგვისტოს ი. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ი. მ-ის „თანამდებობიდან გათავისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 აგვისტოს #MIA ... ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ი. მ-ის საქართველოს შსს ...ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ი. მ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან 2018 წლის 13 აგვისტოდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრება, ასევე მოპასუხისთვის ი. მ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 500 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლიდან 2018 წლის 13 აგვისტომდე მუშაობდა შსს-ში ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 2 აგვისტოს გავიდა კუთვნილ შვებულებაში და 9 აგვისტოს უნდა გასულიყო სამსახურში. ვინაიდან აქვს გულის დაავადება არითმია, 9 აგვისტოს გავიდა ბიულეტინზე, 15 აგვისტოს ჩათვლით. როდესაც ჯანმრთელობის ცნობის მისატანად მივიდა სამსახურში 9 აგვისტოს, უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მას გათავისუფლების შესახებ პატაკის სასწრაფოდ დაწერა მოსთხოვა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც მან დაიწყო მუქარა მისი მისამართით და ეუბნებოდა, რომ ხელმძღვანელია და ვალდებული იყო შეესრულებინა მისი ბრძანება, რაზედაც ის ანერვიულდა, ვინაიდან გულით იყო ავად, ამიტომ ჩაიყვანეს კადრებში, პირველ ჯერზე დააწერინეს კადრების განკარგულებაში აყვანაზე პატაკი და ასევე სამსახურიდან გათავისუფლებაზე. ამის შემდეგ, ის წავიდა სახლში და მკურნალობდა. რამდენჯერმე ხელმძღვანელობასთან იყო შესული და ითხოვა, რომ პატაკი არ იყო დაწერილი მისი ნებით და გაეუქმებინათ და არ მიეცათ მსვლელობა, მაგრამ ახალი განცხადების დაწერის შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად, 15 აგვისტოს ჩაბარდა ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს და მოითხოვს მის ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 აგვისტოს #MIA ... ბრძანება და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის - „თანამდებობიდან გათავისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 აგვისტოს MIA ... ბრძანების გამოცემის ერთადერთ ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულის პირადი განცხადება, საიდანაც არ დგინდებოდა, თუ რატომ მოითხოვდა ი. მ-ი სამსახურიდან გათავისუფლებას. ამდენად, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დამსაქმებლის მიერ გამოკვლეული და შეფასებული უნდა ყოფილიყო თუ რით იყო განპირობებული ი. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი და რამდენად ჰქონდა ადგილი ნების თავისუფალ გამოვლენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ი. მ-ის ნების ნამდვილობის პირობებშიც, დასაქმებულს არ მიეცა შესაძლებლობა კანონით დადგენილ ვადაში მოეხდინა თავისივე ნების უარყოფა და მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება. ი. მ-ის 2018 წლის 9 აგვისტოს განცხადების ამავე წლის 13 აგვისტოს დაკმაყოფილებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილი 14-დღიანი კანონისმიერი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტი. კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანი იყო იძულების ფაქტის დადგენა, რაც მოსარჩელის მხრიდან ვერ დადასტურდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ი. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში ასახული ნების ნამდვილობა, კანონშესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე დამდგარი შედეგის კანონიერება.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელე ი. მ-მა მართლაც დაწერა პატაკი (განცხადება) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა განცხადებაში ასახული ნების ნამდვილობის შეფასებისა და დადგენისას სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერის დროისათვის - 2018 წლის 9 აგვისტოდან იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, როდესაც კანონით ჰქონდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, თუმცა აღნიშნულ შესაძლებლობაზე გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერით უარი განაცხადა.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების წესებს განსაზღვრავს ამავე კანონის 109-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. კანონი განმცხადებელს გარემოებათა ობიექტური თუ სუბიექტური ცვლილების გათვალისწინებით თავისივე ნების უარყოფის და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს (109.3 მუხლი).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი. მ-ი განცხადებით არ მოითხოვდა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან, დადგენილია, რომ გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერიდან 14-დღიან ვადაში - 2018 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელე ი. მ-მა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ გამოხატული ნება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ იყო ნამდვილი, რის გამოც მოითხოვდა სამსახურში აღდგენას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები - საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა და შემდგომ კანონით დადგენილ ვადაშივე განცხადებაში გამოხატული ნების უარყოფა, არასარწმუნოს ხდის განმცხადებლის ნამდვილ ნებას დატოვოს სამსახური.
მოსარჩელის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პატაკით მიმართვის ფაქტი ვერ ჩაითვლება ერთადერთ პირობად მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უპირობოდ გამოსაცემად, რადგან მოსარჩელის განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია და ავტომატურად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე არ განაპირობებს.
განსახილველ შემთხვევაში, ი. მ-ის 2018 წლის 9 აგვისტოს განცხადების ამავე წლის 13 აგვისტოს დაკმაყოფილებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილი 14-დღიანი კანონისმიერი ვადა და ამით მოსარჩელეს შეუზღუდა შესაძლებლობა - მოეხდინა თავისივე ნების უარყოფა და მოეთხოვა მისი განცხადების განუხილველად დატოვება. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც ის არგუმენტი დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული ორგანო განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისას ურთიერთობდა ი. მ-თან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის დათქმების თანმიმდევრობით შესრულებაში მოსარჩელე უშუალო მონაწილე იყო.
განსახილველი საქმის გარემოებები მიუთითებს, რომ ი. მ-ის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერის შემდგომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, არ მომხდარა განმცხადებლის ნების ნამდვილობის დადგენა, რაც კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იმ პირობებშიც კი, თუ მოსარჩელის მხრიდან ნების გამოხატვას ნამდვილად ჰქონდა ადგილი დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, კანონმდებელი მას აღნიშნულის გადაფიქრების შესაძლებლობას აძლევდა, რისი რეალიზებაც დასაქმებულმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვის გარეშე გამოცემის გამო ვერ შეძლო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე