საქმე #ბს-160(გ-21) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - გ. ც-ა
მოპასუხეები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს პრეზიდენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 8 თებერვალს გ. ც-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელემ გ. ც-ას ნაწილში 2012 წლის 22 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. ფ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით გ. ც-ას სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საერთო განსჯადობა). სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია განსაკუთრებული განსჯადობის წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით, ექსკლუზიური (გამომრიცხველი) ხასიათისაა. მართალია, მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ კონკრეტული საქმის ტერიტორიული განსჯადობა, მაგრამ ამასთან, მათ არ აქვთ უფლება, ურთიერთშეთანხმებით შეცვალონ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით დადგენილი განსაკუთრებული განსჯადობის წესები. მხარეებს უფლება აქვთ შეცვალონ ტერიტორიული განსჯადობის მხოლოდ ორი ქვესახე - საერთო და ალტერნატიული განსჯადობა, მაგრამ მათ არ აქვთ განსაკუთრებული და გვარეობითი განსჯადობის შეცვლის უფლება ურთიერთშეთანხმებით, ვინაიდან განსჯადობის ეს სახეები კანონით პირდაპირ და უპირობოდაა განსაზღვრული და დადგენილი.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო (განსაკუთრებული განსჯადობა).
სადავო ხელშეკრულების თანახმად, 2012 წელს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, წარმოდგენილი პრივატიზების დეპარტამენტის ...ის მომსახურების ცენტრის დამხმარე მოსამსახურეების (I კატეგორია) მოვალეობის შემსრულებლის - გ. ჩ-ის სახით და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს - ნ. ფ-ას შორის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის #1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის #17/09/01 განკარგულების საფუძველზე, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, „გამყიდველმა“ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, „მყიდველს“ გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ი, ...ა, შენობა #6ა. ამგვარი მოცემულობის ფარგლებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავის ხასიათს ატარებდა და სასამართლო განსჯადობაც ამ ხელშეკრულების შესრულების ადგილის (ქ. ფოთი) მიხედვით უნდა გასაზღვრულიყო.
სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული გადაწყვეტილების მე-40 მუხლის მიხედვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველის ქალაქის - ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ. ც-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში, დაცული იქნებოდა მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, საქმის სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით გ. ც-ას სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, გადაეგზავნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 15 სექტემბრის #1/222 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაში და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე შეიქმნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თელავის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, საგარეჯოს, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, წალკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების, „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, თვითმმართველი ქალაქების - თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა 2 მოსამართლით. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვრა ქ. თბილისი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მიხედვით ირკვეოდა, რომ გ. ც-ამ 2020 წლის ოქტომბერში განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს ერთმევა უფლება, ისარგებლოს „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში“ არსებული პროგრამებით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ...ო, მე-5 მ/რ, კორპ. #10, ბ. #11. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს არა ფოთის, არამედ - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განსჯადს.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ც-ას სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია საქართველოს პრეზიდენტისა და იურიდიული პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის სუბიექტს და რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ფოთის საქალაქო სასამართლოს და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ც-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება არსებით მნიშვნელობას იძენს დავის განხილვაზე განსჯადი სასამართლოს განსაზღვრისათვის, რამდენადაც განსჯადი სასამართლოს დადგენა სწორედ სარჩელის ზუსტ, მოსარჩელის მიზნის შესაბამის განსაზღვრულობას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ დროს არსებითია, მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ინტერესი, მის მიერ დავის ფარგლებში მისაღწევი მიზანი და შესაბამისად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სწორედ ზემოხსენებულ პირობათა გარკვევა-დაზუსტების შემდგომ განხორციელდეს.
განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მოსარჩელემ ფორმალურად მხოლოდ გ. ც-ას ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. ფ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მოპასუხედ ასახელებს საქართველოს პრეზიდენტს. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს როგორც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაზე, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წერილზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში“ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ მოცემული საქმე განხილულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით. არამედ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისთვის გასათვალისწინებელია მოსარჩელის რეალური ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული დანაწესის მიხედვით, მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას საკუთარი მიზნის მიღწევისათვის ესაჭიროება, აგრეთვე თავადვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსსა და მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობასა და, მეტიც, ვალდებულებას, დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და ხსენებული მიზნის მხედველობაში მიღებით დაეხმაროს მოსარჩელეს მოთხოვნის ფორმულირებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას, მოცემული დავის განსჯადობის საკითხი არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის გათვალისწინებით, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის დავებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების განხილვა ხდება მის საფუძველთან - პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებასთან ერთად. ამასთან, გასათვალისწინებელია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ნ. ფ-ას შორის 2012 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტი, რომელიც შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო საკითხების საერთო განსჯადობის წესების დაცვით გადაწყვეტის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ც-ას სარჩელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.2015წ. განჩინება საქმეზე #189-186(გ-15)), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება.
რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლს, მოცემული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამდენად, მოცემული ნორმა, დავის განსჯადობის გადასაწყვეტად არ წარმოადგენს რელევანტურს, ვინაიდან მოპასუხეები არ წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ც-ას სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე