Facebook Twitter

საქმე #ბს-115(კს-21) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოსარჩელე _ ა. ნ-ის კანონიერი წარმომადგენელი - გ. ნ-ე

მოპასუხე _ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

დავის საგანი _ მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 ნოემბერს გ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი რეფერალური მომსახურების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი რეფერალური მომსახურების კომისიის 2016 წლის 13 ივლისის #36 სხდომის გადაწყვეტილებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 7 ოქტომბრის #01/76311 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გ. ნ-ის სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - რეფერალური მომსახურების კომისიის 2016 წლის 13 ივლისის #36 სხდომის ოქმის წარმოდგენა, მოსარჩელის დაზუსტება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა.

2016 წლის 26 დეკემბერს გ. ნ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და დააზუსტა მოსარჩელე მხარე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით განჩინებით დაზუსტდა მოსარჩელე მხარე და ა. ნ-ის კანონიერი წარმომადგენლის - გ. ნ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2018 წლის 2 მარტს ა. ნ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - გ. ნ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გარანტიიდან გამომდინარე ოპერაციის თანხის - 428 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 428 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით განსახილველ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). აქედან გამომდინარე, დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ საჭიროდ მიიჩნია საქმის განხილვა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, იგი საქმეში მესამე პირად უნდა ყოფილიყო ჩაბმული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ისე იმსჯელა რეგულირების სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის საკითხზე, რომ მხედველობაში არ მიუღია დავის საგანი - საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოპერაციის მკურნალობის თანხის - 428 ლარის ანაზღაურება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/ განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487-ე დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (დღეის მდგომარეობით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით), რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გულისხმობს კონტროლის ღონისძიებების შედეგად მიღებულ აქტებთან მიმართებით რეგულირების სააგენტოს ჩართულობას სპეციალისტის სახით და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ აქტებთან მიმართებით რაიმე სახის მხარედ ჩართულობას.

კერძო საჩივრის ავტორი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენდა და წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელს და იგი უფლებამოსილია განკარგოს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხები. რეგულირების სააგენტოს კი არც ჰქონია და არც აქვს წვდომა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსახორციელებელ ასიგნებებზე.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისად, მანვე უნდა შეასრულოს და აღასრულოს სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება. რეგულირების სააგენტოს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილებით გადაეცა მხოლოდ კონტროლის ფუნქცია და იგი არ არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში კი, აქტი არ არის მიღებული კონტროლის განხორციელების შედეგად, არამედ გამოცემულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძირითადი სისტემური ფუნქციის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

ამასთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დავის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. ამდენად, დავა შეეხება არა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგებს, არამედ გაწეული მომსახურების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნას. ზემოთ მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებათა მიერ პროგრამის ფარგლებში გაწეული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აღნიშნულ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობას 2019 წლის 1 ნოემბრამდე დაწყებული კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ იგი ისეთივე უფლება-მოვალეობებით სარგებლობს ასეთ ღონისძიებებში, როგორითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი, მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება საქმეში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმის საჭიროება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეეხოს განსახილველი საქმის სამართლებრივი შედეგები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს მისი მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება და საქმე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩართვის საკითხის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება და საქმე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩართვის საკითხის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე