საქმე #ბს-103(გ-21) 22 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - გ. ნ-ე
მოპასუხე - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 27 აგვისტოს გ. ნ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ.
საჩივრის ავტორმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 25 აგვისტოს #... სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გ. ნ-ის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. ამავე კოდექსის 261.2 მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი იყო ქარელი.
გ. ნ-ემ საჩივარში საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ბაღდათი, სოფ. .... ამდენად, საჩივარი, 2020 წლის 25 აგვისტოს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე, განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს შესაძლო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, სადაც განხორციელდა სამართალდარღვევა ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (116-125 მუხლები).
სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის 35-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ნ-ე ცხოვრობს ბაღდათის რაიონის სოფ. დიმში, საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ-ის საჩივარი სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით გ. ნ-ის საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 25 აგვისტოს #... სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ბაღდათის მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლზე, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. ამავე კოდექსის 261.2 მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი პირის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას. სასამართლოს მითითებით, გ. ნ-ის მიმართ 2020 წლის 25 აგვისტოს საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 31.3 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქარელი, ხოლო საჩივრის ავტორის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ბაღდათი, სოფ. ....
სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობა 118-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას - საქმის განხილვა შესაძლებელია, როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე - დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების განხილვა ხდება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. ამავდროულად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა დავის გადასაწყვეტად მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც საჩივარი გადააგზავნა სასამართლოში საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 4 თებერვლის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის უზენაესი სასამართლოსათვის გადაგზავნის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ნ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს განსჯად ქარელის მაგისტრატ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიულ განსჯადობის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, გ. ნ-ემ საჩივარი წარადგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 25 აგვისტოს #... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დადგენილია, რომ საჩივრის ავტორი დაჯარიმდა 250 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 31.3 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. 261.2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, ვინაიდან სანქციის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლია, მოცემულ ნაწილში განსჯადობა ალტერნატიულია, შესაბამისად, საჩივრის ავტორს შეეძლო საჩივარი წარედგინა სამართალდარღვევის ჩადენის ან თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რაც შეეხება ნარჩენების მართვის კოდექსს, მოცემული კოდექსის 47.1 მუხლის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. განსახილველ შემთხვევაში, ნარჩენების მართვის კოდექსი არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით. ამდენად, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში ჩამოთვლილი გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება.
მართალია, სანქციის შეფარდების ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, თუმცა ნარჩენების მართვის კოდექსთან მიმართებით ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას კი, განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქარელში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის #3 დადგენილებაზე, რომლის 25.4 მუხლის მიხედვით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტებში.
შესაბამისად, ვინაიდან შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქარელში, მოცემული დავა ტერიტორიულად ქარელის მაგისტრატი სასამართლოს ქვემდებარეა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს განსჯად ქარელის მაგისტრატ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს განსჯად ქარელის მაგისტრატ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე