Facebook Twitter

საქმე #ბს-1336(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 21 მარტს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ოს“ მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მარტის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, 2013 წლის 11 აპრილს, მოსარჩელესა და შპს „...ოს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. მარნეული, ...ის ქ. ..., ს/კ .... მოსარჩელის განმარტებით, მან შეიძინა აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული დაზუსტებული 410 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობით, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ შენობას. სარჩელის თანახმად, 2018 წლის 2 მარტს საჯარო რეესტრმა #1 შენობიდან 66,03 კვ.მ ფართზე დაარეგისტრირა შპს „...ოს“ საკუთრების უფლება. მოსარჩელე მოითხოვს აღნიშნული რეგისტრაციის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ შენობა და მიწის ნაკვეთი, მთლიანად მის საკუთრებას წარმოადგენს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს „მ...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივვრის თანახმად, სარდაფი ძირითადი შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილია. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე და 193-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი ვისი საკუთრებაცაა, იქ განთავსებული შენობა-ნაგებობაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაა და ამავე კოდექსის 196-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება. საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კასატორის კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა ავარიულია, რის გამოც შეუძლეებლია მისი გამოყენება და უნდა დაინგრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით კასატორს - გ. ბ-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 8 აპრილს განხორციელდა უძრავი ნივთის (ს/კ ...) დაყოფა, რომლის თანახმად, აღნიშნულ მიწაზე განთავსებული #2 შენობა (სარდაფის საერთო ფართი - 369,5 კვ.მ, 1-ლი სართულის საერთო ფართი - 342,22 კვ.მ) მიწასთან ერთად გამოიყო ცალკე და შედეგად დარეგისტრირდა 410 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი #1 შენობით (ფართი 1:276,19 კვ.მ და ფართი 2:66,03 კვ.მ) მესაკუთრედ აღირიცხა შპს „...ო“ (უფლებამონაცვლე - შპს „მ...ი“), უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - #..., მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 11 აპრილის შპს-ს პარტნიორთა კრებამ ერთხმად გადაწყვიტა შპს „...ოს“ დირექტორ ზ. ქ-ეს გაესხვისებინა შპს „...ოს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - მდებარე: ქ. მარნეული, ...ის ქ. ..., ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 410 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა #1 (ფართი - 276,19 კვ.მ; ს/კ ...). აღნიშნულის შედეგად, 2013 წლის 11 აპრილს შპს „...ოს“ დირექტორ ზ. ქ-ესა და გ. ბ-ს შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „...ოს“ დირექტორმა ზ. ქ-ემ გაყიდა შპს „...ოს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეული, ...ის ქ. ..., ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 410 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა #1 (ფართი 1 - 276,19 კვ.მ), მიწის საკადასტრო კოდი #..., განაცხადის რეგისტრაციის #..., ხოლო გ. ბ-მა იყიდა აღნიშნული უძრავი ქონება, ნასყიდობის ფასი 2000 ლარი.

წარმოდგენილი ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. მარნეული, ...ის ქ. ..., #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით - 410 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა #1, ფართით - 1:276,19 კვ.მ. ამდენად, მოსარჩელემ შეიძინა 410 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა #1, ფართით 1:276,19 კვ.მ. აღნიშნულის მიუხედავად კი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დაარეგისტრირა გ. ბ-ის საკუთრების უფლება და მოამზადა ამონაწერი, რომლის თანახმად, საკუთრების განყოფილებაში ნაკვეთის საკუთრების ტიპად მითითებულ იქნა - საკუთრება, დაზუსტებული ფართი - 410 კვ.მ; არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა #1 (ფართი 1:276,19 კვ.მ; ფართი 2:66,03 კვ.მ). შპს „...ო“ კი, არ იქნა აღრიცხული თანამესაკუთრედ, რის გამოც, სადავო გადაწყვეტილებებით შესწორდა ტექნიკური ხარვეზი.

ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის 11 აპრილის გარიგების საფუძველზე, გ. ბ-მა შეიძინა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 410 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა #1-ით, (ფართი 1:276,19 კვ.მ), რეესტრის მიერ კი, მოცემულ საკადასტრო კოდზე განთავსებული უძრავი ქონება სრულად იქნა აღრიცხული გ. ბ-ის სახელზე და უძრავ ქონებაზე არ დაფიქსირდა შპს „...ოს“ (უფლებამონაცვლე - შპს „მ...ი“) თანასაკუთრება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე, მიეღო სადავო გადაწყვეტილებები. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართლებრივ შედეგს, აღნიშნული საკითხი წარმოდგენილი დავის ფარგლებში ვერ იქნება შეფასებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - გ. ბ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - გ. ბ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება;

3. გ. ბ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე