Facebook Twitter

საქმე #ბს-1303(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 23 აგვისტოს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტარციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 4 ივლისის #..., 2018 წლის 12 ივლისის #..., 2018 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2018 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრში წარადგინა სარეგისტრაციო განცხადება, რის შედეგადაც წარმოება შეჩერდა რამდენიმეჯერ. სარჩელის თანახმად, 1996 წლის 29 აპრილის #19/4-11 სასამართლოს დადგენილებით რეგისტრირებულად ჩაითვალა შპს „...ა“ სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების მუხლების შესაბამისად და მისი კაპიტალი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1260 ლარი და მიწის ფართობი 1,40ჰა. მოსარჩელის მითითებით, გარდა სასამართლოს დადგენილებისა, საჯარო რეესტრში წარდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კაპიტალში შეტანამდე მოცემული მიწის ნაკვეთის რაიკოოპერატივის საკუთრებაში არსებობას და შპს „...ასათვის“ გადაცემას.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 4 ივლისის #..., 2018 წლის 12 ივლისის #..., 2018 წლის 2 აგვისტოს #... გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 აგვისტოს #... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შპს „...ას“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილი ...ის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 აპრილის დადგენილების თანახმად, შპს „...ა“ ჩაითვალა რეგისტრირებულად, თუმცა დადგენილებაში მოხსენიებული არ არის, რომ 1.40 ჰა შეტანილია შპს „...ას“ კაპიტალში. ამრიგად, სააგენტოს მიერ სასამართლოს მოცემული დადგენილება სარეგისტრაციო დოკუმენტად არ იქნა მიჩნეული.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 29 მაისის #5 კრების ოქმზე და აღნიშნავს, რომ მოცემული ოქმით გაუქმდა შპს „...ას“ სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ოქმში პირდაპირ არის მითითებული, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო ...ის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 აპრილის #19/4-11 დადგენილებას, რომლის მიხედვით, შპს „...ა“ დაფუძნებულია ...ის რაიკოოპერატივის დამხმარე მეურნეობის ბაზაზე და არის მისი სამართალმემკვიდრე. შპს „...ას“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1000 აშშ დოლარის ექვივალენტს 1260 ლარს და მიწის ფართობს 1.40 ჰა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 2 აგვისტოს #05-5501 სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ შპს „...ას“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 1260 ლარის ღირებულების ქონებას (შენობა-ნაგებობები). მასში შეტანილი არ არის 1.40ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ შპს „...ა“ ფლობდა და განკარგავდა მიწის ნაკვეთს. კასატორის მითითებით, აღიარების კომისიის მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია და მისი გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი არ ყოფილა.

კასატორი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო იმ საფუძვლით, რომ სააგენტომ მიიჩნია, რომ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, შეუძლებელია ამავდროულად სააგენტო ეთანხმებოდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ...ის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 29 აპრილის დადგენილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...ა“ ჩაითვალა რეგისტრირებულად დადგენილების გამოტანის მომენტიდან სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების მუხლების შესაბამისად. ამავე დადგენილების აღწერილობით ნაწილის მეხუთე პუნქტში მითითებულია: საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1 000 აშშ დოლარს და მიწის ფართს 1.40 ჰექტარს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის ფართით (#19/4-11) დადგენილია, რომ საფირმო სახელწოდება შპს „...ას“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1260 ლარს და 1.40 ჰა მიწის ფართობს.

2018 წლის 23 მაისს შპს „...ას“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დაბა ...აში, ... ...ის ...ის ...ა ...ზე მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია.

2018 წლის 4 ივლისისა და 12 ივლისის სადავო გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ...ის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 აპრილის დადგენილების თანახმად, შპს „...ა“ ჩაითვალა რეგისტრირებულად. დადგენილებაში მოხსენიებული არ იყო, რომ 1.40 ჰა შეტანილი იყო შპს „...ას“ კაპიტალში. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო დოკუმენტს. შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად, დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა სხვა სარეგისტრაციო ან მართლზომიერი ფლობის დოკუმენტი. 2018 წლის 2 აგვისტოს სადავო გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო სარეგისტრაციო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შპს „...ას“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ 1996 წლის 7 მარტის ...ის რაიკოოპერატივის გამგეობის #3 კრების ოქმზე (ნოტარიულად დამოწმებული), რომლითაც დადგინდა ...ის რაიოკოოპერატივთან არსებული დამხმარე მეურნეობის ჩამოყალიბება იურიდიულ პირად, ნატურით გამოყოფის საფუძველზე. ამასთან, საყურადღებოა ...ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარესა და შპს „...ას“ დირექტორს შორის 1997 წლის 30 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად (ნოტარიულად დამოწმებული), 1996 წლის 3 მარტის ცეკავშირის #18 განკარგულების საფუძველზე, იურიდიულ პირად გარდაქმნილ და ...ის რაიკოოპერატივის დამხმარე მეურნეობის ბაზაზე შექმნილ შპს „...ას“ გადაეცა 1972 წლიდან ...ის რაიკოოპერატივის ბალანზე არსებული დამხმარე მეურნეობის ქონებასა და 1.45 ჰა მიწის ნაკვეთზე მოწყობილი მეღორეობის კომპლექსი. კერძოდ, 1) აგურის კაპიტალური შენობა - ... ... ...; 2) ...ის საზაფხულო ხის შენობა; 3) საწყობი ...ის საკვებისათვის - 3 სათავსო; 4) ღამის დარაჯის ბინა; 5) დამხმარე ხის სათავსო; აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ქონების საერთო ღირებულება შეადგენს 1000 აშშ დოლარს, ანუ 1261 ლარს ოთხჯერ აფასების შემდეგ. 1.45 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0.38 ჰა დაკავებული აქვს ...ის ... ...ს, 0.75 ჰა კი, მიტაცებული აქვთ ...ის რაიონის მცხოვრებთა ერთ ნაწილს. დანარჩენი მიწის ნაკვეთი კი დაკავებული აქვს შენობა-ნაგებობებს. მიღება-ჩაბარების აქტის სინამდვილე დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერითა და ბეჭდით.

...ის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის 1997 წლის 2 სექტემბრის #44 წერილით ...ის რაიონის დაბის საკრებულოს გამგებელს ეცნობა, რომ ცეკავშირმა ...ის რაიკოოპერატივის გამგეობასთან შეთანხმებით, საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, 1996 წლის 6 მარტის #1/8 20 ნებართვის საფუძველზე, რაიკოოპერატივის დამხმარე მეურნეობა გარდაქმნა იურიდიულ პირად და მის ბაზაზე შეიქმნა შპს „...ა“. ორგანიზაციის მეურნეობის მუშაკები გადაყვანილ იქნენ მეწარმეებად და მათ გადაეცათ 1972 წლიდან რაიკოოპერატივის ბალანზე არსებული დამხმარე მეურნეობის კუთვნილი ქონება და კორექტირების შეტანის შემდეგ დარჩენილი 1.40 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოწყობილია მეღორეობის კომპლექსი. წერილში მითითებულია, რომ რაიკოოპერატივი 1972 წლიდან 1995 წლის ჩათვლით უხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტს შენობებისა და მიწის ნაკვეთის კუთვნილ გადასახადს. შპს „...ა“ ...ის ადმინისტრაციული სასამართლოს 1996 წლის აპრილის გადაწყვეტილებით გატარებულ იქნა სახელმწიფო რეგისტრაციაში. ამდენად, ...ის რაიონის დაბის საკრებულოს გამგებელს ეთხოვა დამხმარე მეურნეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ჩამოწერილიყო რაიკოოპერატივის ბალანსიდან და გადაწეროდა შპს „...ას“.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია რატომ არ მიიღო მხედველობაში სადავოდ ქცეული აქტების გამოცემის დროს მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები; რატომ არ მოიძია და გამოიკვლია სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ტექინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემები და რატომ დაავალა დაინტერესებულ მხარეს სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა. ასევე დაუსაბუთებელია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ და მასთან დაცულ დოკუმენტებთან ერთობლიობაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ რატომ არ შეაფასა ...ის ადმინისტრაციული სასამართლოს 1996 წლის აპრილის დადგენილების შინაარსი, რომლის მეხუთე და მერვე პუნქტებში ცალსახად არის მითითებული, რომ შპს „...ას“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1000 აშშ დოლარს და მიწის ფართს - 1.40 ჰექტარს. შპს „...ა“ დაფუძნებულია ...ის რაიკოოპერატივის დამხმარე მეურნეობის ბაზაზე და არის მისი სამართალმემკვიდრე (შენობა-ნაგებობები და მიწის ფართი 1.40 ჰა). სასამართლოს შეფასებით, ...ის ადმინისტრაციული სასამართლოს 1996 წლის აპრილის დადგენილების მითითებული შინაარსი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „...ას“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1000 აშშ დოლარს და მიწის ფართს - 1.40 ჰექტარს, იურიდიული ძალის მქონეა და ადასტურებს შპს „...ას“ მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 08.01.2021წ. #00116 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.01.2021წ. #00116 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე