საქმე #ბს-247(კს-21) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ა“
დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 3 მაისს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 7.4. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარიმო სანქციების გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დაკისრებული 27 593.45 ლარის ჯარიმის გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დაკისრებული 13 828.96 ლარის ჯარიმის გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტის 7.3. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დაკისრებული 8 136.02 ლარის ჯარიმის გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „...ას“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 ინდივიდუალური- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საბოლოოდ, სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ 2018 წლის 30 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის #2018/30/03/02 აქტის, 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტით განსაზღვრული გარკვეული საჯარიმო სანქციების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული 2018 წლის 19 ივლისის #04/41437 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 12 მარტის #04/12690 გადაწყვეტილების „ბ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შპს „...ასთვის“ საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 30 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის #2018/30/03/02 აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული 2018 წლის 19 ივლისის #04/41437 გადაწყვეტილება 2018 წლის 30 მარტის 2018/30/03/02 აქტით განსაზღვრული გარკვეული საჯარიმო სანციების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 12 მარტის #04/12690 გადაწყვეტილების „ბ“ ქვეპუნქტი; შპს „...ას“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შპს „...ასთვის“ საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „...ას“ მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შპს „...ასთვის“ საჯარიმო სანქციების დაკისრების კანონიერების საკითხის შესწავლა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, სააჯარიმო სანქციების დაკისრების თუ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამავე დადგენილებით განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციები და უფლება-მოვალეოები, კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სააგენტოს. სააგენტო განისაზღვროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის #674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა 2018 წლის 30 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის #2018/30/03/02 აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული 2018 წლის 19 ივლისის #04/41437 გადაწყვეტილების 2018 წლის 30 მარტის #2018/30/03/02 აქტით განსაზღვრული გარკვეული საჯარიმო სანქციების გაუქმებაზე უარის თქმა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 12 მარტის #04/12690 გადაწყვეტილების „ბ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შპს „...ასთვის“ საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოცემულ დავაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მოცემულ დავაში, სადავოდ ქცეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის შემოწმების აქტი (დაკისრებული საჯარიმო სანქციები).
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალებოდა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ანალოგიური პირობა იქნა გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #517 დადგენილების მე-2 მუხლით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები და კონტროლის ღონისძიებების დასრულების პირობა მიზნად ისახავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწყებული კონტროლის ღონისძიებების დასრულებას, თუმცა დათქმით, რომ გამოყენებულიყო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაცემული შესაბამისი, მათ შორის, საკადრო რესურსი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე ეტაპამდე, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლისა და რევიზიის ფუნქცია გააჩნია მხოლოდ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით ანალოგიურ დავებში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ ჩაერთო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეს.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილებით, განსხვავებით #517 და #487 დადგენილებებისგან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმდინარე საქმიანობის მიმართულებით, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ვერ იქნება უფლებამონაცვლე, ვინაიდან მისი დაფუძნების დროისთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუდმივი საქმიანობის სფეროს აღარ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით განსაზღვრული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო წარმოების დასრულება ევალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ას“ სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს საჯარიმო სანქციები დაეკისრა. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით ასევე, მოთხოვნილია, საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც შემდგომში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებებს, რომ განსახილველი დავის დასრულება ევალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე