Facebook Twitter

საქმე #ბს-225(კს-21) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს „...ი“

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 29 აპრილს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...ისათვის“ 14776.95 ლარის ოდენობით გაწეული მომსახურების საფასურის დავალიანების ანაზღაურების, ვადაგადაცილებულ დღეებზე 2020 წლის 13 აპრილის მდგომარეობით 4054.85 ლარის ჯარიმის გადახდისა და 2020 წლის 14 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 14776.95 ლარის 0.2 პროცენტის გადახდის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „...ს“ მოსარჩელე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 16 776.95 ლარის გადახდა, საიდანაც 14 776.95 ლარი წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, ხოლო 2000 ლარი პირგასამტეხლოს; მასვე დაეკისრა 2020 წლის 14 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 14 776.95 ლარის 0,1 პროცენტი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩაჰბარდა 2020 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 22 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 24 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2020 წლის 5 ნოემბერს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ს...ას“ შორის 2020 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული #16292/09 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ს...ა ანაზღაურების სანაცვლოდ, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უწევს საფოსტო-საკურიერო მომსახურებას. ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტოს მიერ საფოსტო გზავნილის ს...ისთვის გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მისამართზე. ამასთანავე, ს...ის კურიერი ვიზიტს სააგენტოს მისამართზე ახორციელებს ყოველ სამუშაო დღეს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი (წერილი #09/8356) ფოსტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2020 წლის 4 ნოემბერს, რაც დასტურდება 2020 წლის 4 ნოემბერს ს...ისთვის ჩაბარებული კორესპონდენციის სიით, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს და ს...ის უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო დაეყრდნო სააპელაციო საჩივრის საფოსტო გზავნილისთვის მინიჭებულ კოდს ..., აღნიშნული კოდით გზავნილის ძიების შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის 5 ნოემბერს საფოსტო გზავნილი მიღებულ იქნა ს...ის სერვის ცენტრში, თუმცა სააგენტოს მოსაზრებით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ს...ას გზავნილი ჩაჰბარდა 5 ნოემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება აპელანტ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა ორგანიზაციის უფროსს, სპეციალისტს - ე. ჭ-ეს 2020 წლის 21 ოქტომბერს, რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისივე ხელმოწერით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 22 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 24 საათზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 4 ნოემბერს ფოსტისთვის ჩაბარებული კორესპონდენციის სია, რომელსაც ხელს აწერს როგორც სააგენტოს, ასევე, შპს „ს...ის“ წარმომადგენელი და იგი დამოწმებულია სააგენტოს ბეჭდით. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების #158 სიით დასტურდება, რომ გზავნილი ნომრით #09/8356 ჩაჰბარდა შპს „ს...ას“. იგივე რეკვიზიტებია მითითებული საფოსტო კონვერტზე (გზავნილის ნომერი - #...), რომლითაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. ამასთან, 2021 წლის 19 მარტს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა #ბ-361-21 განცხადება, რომელსაც თან ერთვის შპს „ს...ის“ 2021 წლის 15 მარტის ... ცნობა. მითითებული ცნობით დასტურდება, რომ #... გზავნილი შპს „ს...ას“ გადაეცა 2020 წლის 4 ნოემბერს, ხოლო აღნიშნული გზავნილის რეგისტრაცია შპს „ს...ის“ ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში განხორციელდა გზავნილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს (05.11.2020წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 4 ნოემბერს, შპს „ს...ისთვის“ ჩაბარებული #09/8356 გზავნილი შეიცავდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2020 წლის 4 ნოემბერს, კანონმდებლობით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე