Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-171(კ-21) 28 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ფ. ი. ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 4 თებერვალს ფ. ი. ა. ა-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სასწავლო ბინადრობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ი. ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ი. ა. ა-იმ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით ფ. ი. ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ფ. ი. ა. ა-იმ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ი. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით კასატორს - ფ. ი. ა. ა-ის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა.

2021 წლის 25 მარტს ფ. ი. ა. ა-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა მხოლოდ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედნის სახით). ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი ვერ ახერხებდა კასატორთან დაკავშირებას და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შინაარსის მისთვის მიწოდებას. შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელმა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე იშუამდგომლა, ასევე, განჩინების სასამართლოს მიერ უშუალოდ კასატორისათვის გაგზავნა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით ფ. ი. ა. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა პირადად კასატორს, თუმცა სასამართლო კურიერმა ვერ უზრუნველყო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება იმის გამო, რომ ფ. ი. ა. ა-ი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. აღნიშნულის გამო, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს (დ. მ-ეს).

2021 წლის 12 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა მომართა საკასაციო პალატას და კასატორთან კომუნიკაციის არქონის გათვალისწინებით, საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება მოითხოვა. ამასთან, წარმოდგენილი განცხადებით, მან ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების კასატორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო გზავნილის უშუალოდ კასატორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით. ამასთან, მხარეს ხაზგასმით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

2021 წლის 20 მაისს კასატორის წარმომადგენელმა მომართა საკასაციო სასამართლოს. განმცხადებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მოთხოვნილ იქნა განჩინების პირადად კასატორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარება, საქმეზე მიღებული განჩინებები, სასამართლოს მიერ კვლავ კასატორის წარმომადგენელს ეგზავნებოდა. იქედან გამომდინარე, რომ კასატორთან კომუნიკაცია რწმუნებული პირის მიერ ამ ეტაპზეც ვერ ხერხდებოდა, განმცხადებელმა იგივე შინაარსის მოთხოვნა დააყენა, რაც 2021 წლის 12 აპრილის განცხადებაში, კერძოდ, მან საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება და ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების კასატორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება არ ქმნის სასამართლო გზავნილის უშუალოდ კასატორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარების თაობაზე შუამდგომლობისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, მხარეთათვის სასამართლო დოკუმენტების გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო აქტი გაუგზავნოს ან მხარეს ან მის წარმომადგენელს. კანონი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, მხარესა და მის წარმომადგენელს შორის, თავად აირჩიოს განჩინების/გადაწყვეტილების გაგზავნის ადრესატი.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროცესის მონაწილის უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, თავად წყვეტს გზავნილის ადრესატის შერჩევის საკითხს. გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია, იგი ჩაბარდეს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, რა დროსაც, როგორც მხარე, ასევე მისი წარმომადგენელი აღჭურვილნი არიან იდენტური საპროცესო უფლებებით და თითოეულს დამოუკიდებლად აქვს ამ უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარში საკონტაქტო პირად მითითებულია კასატორის წარმომადგენელი - დ. მ-ე, სასამართლო გზავნილები მას ეგზავნებოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფ. ი. ა. ა-ის სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები სასამართლოებში წარდგენილია დ. მ-ის მიერ, ხოლო მის სახელზე გაცემული მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაშია მის გაუქმებამდე. ამასთან, კასატორის წარმომადგენელს უარი არ განუცხადებია თავის უფლებამოსილებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მისივე მოთხოვნის გათვალისწინებით, განჩინება სასამართლოს მიერ პირადად კასატორსაც გაეგზავნა, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე კასატორის არყოფნის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი კვლავ მხარის წარმომადგენელს გაეგზავნა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელმა, წარმოდგენილი განცხადებებით, სასამართლოს, საკონტაქტო პირად ის სუბიექტი განუსაზღვრა, რომლის ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ინფორმაცია არც სასამართლოსთვის და არც მხარის წარმომადგენლისათვის ცნობილი არ არის. ხოლო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მინიჭებული აქვს სასამართლო გზავნილის ადრესატის არჩევის დისკრეცია და ამასთან, სასამართლოსათვის ცნობილია კასატორის წარმომადგენლის ადგილსამყოფელი და საქმის მასალებითაც დასტურდება სასამართლოს გზავნილების მისთვის ჩაბარება, ბუნებრივია, ამგვარი მოცემულობის არსებობისას, სასამართლო, ადრესატად აირჩევს იმ პირს (მხარეს ან მის წარმომადგენელს), რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მისთვის არის ცნობილი და უფრო ხელსაყრელი იქნება სასამართლო გზავნილის ჩაბარებისთვის. ამდენად, სასამართლოს მიზანია უზრუნველყოს ადრესატისათვის გზავნილის დროული ჩაბარება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას გაგზავნის კონკრეტული საშუალების, ფორმისა და მისამართის შერჩევის მიზანშეწონილობის შესახებ. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, კასატორის/კასატორის წარმომადგენლის მიერ, ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის ორჯერ გაგრძელების მიუხედავად, ხარვეზი არ იქნა შევსებული, ხოლო ხარვეზის შესავსებად მისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა კი, საკმარისი იყო და იძლეოდა მისი აღმოფხვრის რეალურ შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფ. ი. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ი. ა. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობები სასამართლო გზავნილის უშუალოდ კასატორისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურის მეშვეობით ჩაბარებისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ფ. ი. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე