#ბს-772(კ-20) 2 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 მაისს ი. ნ. ა-მა (დაბ: ...წ., პასპორტის #...) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ი. ნ. ა-ის სახელზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე, დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების შეწყვეტის და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის - 100 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ი. ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის SSG 6 18 00058359 წერილზე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებითა და კანონის მიზნის უგულებელყოფით.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნაზე, მის მიმართ დისრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხეთათვის დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საქმის მასალებით და საიდუმლო ინფორმაციით, არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა რომელიმე დისკრიმინაციული ნიშნის გამო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართლებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს უარი მოსარჩელის ამ მოთხოვნაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ნ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმ საკითხებზე, როგორებიცაა გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია, მართალია სადავო აქტი მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა აქტის დასაბუთების ვალდებულებას. შესაბამისად, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხით არ შეესაბამება ეროვნული სასამართლოების პრაქტიკას.
კასატორი თვლის, რომ დისკრეციული უფლებამოსილება მასთან მიმართებით არასწორად განხორციელდა, რამაც მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებლად შეზღუდვა გამოიწვია. კასატორის მითითებით, როდესაც საკითხი ეხება ოჯახის ერთიანობას, განსაკუთრებული შემთხვევა გულისხმობს გამონაკლის შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია და გამართლებულია ოჯახის დაყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ყველა სხვა შემთხვევაში, ოჯახის ერთიანობის პრინციპი, როგორც მოსარჩელის კერძო ინტერესი, აღმატებული სიკეთეა საჯარო ინტერესებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც საკითხი შეეხება ოჯახის ერთიანობის კერძო ინტერესებს, ნებისმიერი საჯარო ინტერესის უპირატესობა ამ კერძო ინტერესთან მიმართებით უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო დასაბუთებული. გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო საფრთხეები სახელმწიფო უსაფრთხოებასთან მიმართებით.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით ზედაპირულია და ამ ნაწილში არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. როგორც წესი, დისკრიმინაციის ფაქტის დასამტკიცებლად შეუსაბამოდ მაღალი მტკიცების სტანდარტის დაწესება არ ხდება, მთავარია საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდეს დისკრიმინაციული მოპყრობის შთაბეჭდილება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. კასატორი თვლის, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა არ წარმოშობს სააგენტოს ვალდებულებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, სააგენტომ უნდა შეაფასოს მასთან წარდგენილი ინფორმაცია და მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს საფუძვლად დაედო საიდუმლო დოკუმენტი, რომლის შინაარსი კასატორისათვის სრულიად უცნობია. ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტული გარემოებები კასატორისათვის უცნობია.
კასატორი აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს. აღნიშნული დებულების შესაბამისად, მოპასუხეზე გადადის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა, ან განსხვავებულ მოპყრობას გონივრული და ობიექტური გამართლება ჰქონდა და გამოყენებული საშუალება მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერია.
კასატორის მითითებით, მან მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა და მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რომელთა ერთობლიობაში და ურთიერთმიმართებაში განხილვა საკმაოდ მაღალი ალბათობით, გონივრული ეჭვის სტანდარტით, ქმნიდა დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდს. კერძოდ, შემდეგი ფაქტების ქრონოლოგიურად და ერთობლიობაში გათვალისწინებით: 1)მის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენა; ბ)მის მიერ წინა წელს ბინადრობის ნებართვის აღება; გ)უარი, რომლის მატერიალური დასაბუთებაც არ არსებობს. ამასთან, უარს საფუძვლად დაედო საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც მხარისთვის უცნობია. ბინადრობის ნებართვაზე უარის საფუძვლების მიხედვით კასატორი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის იმდენად საშიში გამოდის, რომ სახელმწიფოებრიობისკენ მიმართულ უკანონო მოქმედებებში სდებენ პრაქტიკულად ბრალს. თუკი რეალურად არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მისი ყოფნის მიზანშეუწონელია, მაშინ ეს ყოველივე მის მიმართ სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების საფუძველიც უნდა გამხდარიყო, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.
კასატორი მიიჩნევს, რომ გონივრული ვარაუდი დისკრიმინაციის შესახებ არსებობს. იგი თვლის, რომ ფორმალისტური და ზედაპირული ხასიათის გადაწყვეტილების გამოტანით მას შეელახა ძირითადი უფლებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან. მოცემულ შემთხვეევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა, როგორც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი, ისე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი და ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ი. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა წერილობითი ინფორმაცია/მასალების (მათ შორის საიდუმლო) წარმოდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სრვისების განვითარების 2018 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილებას ი. ნ. ა-ის (დაბ: ...წ., პასპორტის #...) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ი. ნ. ა-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, დისრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მოპასუხეთათვის დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 10 აპრილის №.../1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ი. ნ. ა-ისათვის (დაბ: ...წ., პასპორტის #...) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის SSG 6 18 00058359 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ი. ნ. ა-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილებით ი. ნ. ა-ს უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ი. ნ. ა-ის მიმართ არსებობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის SSG 6 18 00058359 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 5 ოქტომბრის №ბს-772(კ-20) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ი. ნ. ა-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული აქტები და სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მირ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. თუმცა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ი. ნ. ა-ის მოთხოვნა მოპასუხეთათვის დისრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მოპასუხეთათვის დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, საქმის მასალების, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი მართლზომიერია და ეფუძნება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და არანაირად არ უკავშირდება მოსარჩელის რასობრივ, ეთნიკურ ან სხვა ნიშნით კუთვნილებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ 2020 წლის 2 ივნისის №ბს-381(კ-19); სუსგ 2020 წლის 15 ივლისის №ბს-394(კ-19).
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. ხ-ს (პ/ნ ...) ი. ნ. ა-ის (დაბ: ...წ., პასპორტის #...) საკასაციო საჩივარზე 26.06.2020წ. #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. ა. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ნ. ა-ის (დაბ: ...წ., პასპორტის #...) საკასაციო საჩივარზე 26.06.2020წ. #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე