#ბს-460(კს-21) 17 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს მთავრობა
დავის საგანი - პოლიტიკურ პატიმრად აღიარება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ 21.09.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალება მისი პოლიტიკურ პატიმრად ცნობის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.01.2021 წ. განჩინებით გ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც გასააჩივრა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2021წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - გ. ბ-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გ. ბ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების საფუძვლის მითითება. გ. ბ-ემ 21.04.2021წ. განცხადებით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა/განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გ. ბ-ეს დაევალა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, განჩინების გადაცემის მომენტიდან. მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ამავე განჩინების მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის მოთხოვნა ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 08.04.2021წ განჩინების განმარტებაზე, ვინაიდან 08.04.2021წ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით (08.04.2021წ) ცხადად განემარტა მოსარჩელეს, რომ დადგენილი ხარვეზის (ბაჟის გადახდა) შესავსებად საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით ან დაევალა სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლის მითითება.
გ. ბ-ის მიერ 13.05.2021წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილია განცხადება, ზემოაღნიშნული სასამართლოს მიერ მიღებული 22.04.2021წ. განჩინების სსკ-ს 262-ე მუხლის შესაბამისად განმარტებისა და მოსამართლის (დ. ახალბედაშვილის) აცილების შესახებ. ამასთან, გ. ბ-ემ იშუამდგომლა ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების ან განთავისუფლების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2021წ. განჩინებით გ. ბ-ის 13.05.2021წ. განცხადება დარჩა განუხილველი, შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გ. ბ-ემ ასევე 13.05.2021წ. კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლის (დ. ახალბედაშვილის) აცილება. კერძო საჩივრის ავტორი სსკ-ს 419.2 მუხლის შესაბამისად, ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ სასამართლომ არ მიუთითა მისი გასაჩივრების უფლებაზე. გ. ბ-ე მიუთითებს სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსკ-ის 262.3 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. სსკ-ს 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.04.2021წ. განჩინებით არასწორად განემარტა გასაჩივრების დაუშვებლობის საკითხი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ს 262.3), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, შემაჯამებელი გადაწყვეტილების და არა შუალედური აქტის განმარტებაა მოთხოვნილი.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.04.2021წ. განჩინებით მხარეს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 08.04.2021წ განჩინების განმარტებაზე, რომლითაც მხარეს გაუგრძელდა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის (სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად) შევსების ვადა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული განჩინების ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას, შესაბამისად, მოცემული განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კონტროლის ფარგლებში ვერ მოხდება 08.04.2021წ. განჩინების განმარტების თაობაზე მიღებული სასამართლო აქტის (22.04.2021წ განჩინება) კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ განჩინებაზე (ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება) კერძო საჩივარი არ დაიშვება, შესაბამისად კერძო საჩივარი არ დაიშვება ამავე განჩინებასთან დაკავშირებით მიღებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. განჩინებაზე.
სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 419.3 მუხლის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება გ. ბ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით სსკ-ის 447.1 მუხლის შესაბამისად. კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, რაც მხარემ არ გამოასწორა. სააპელაციო სასამართლომ გ. ბ-ეს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა 5 დღით. აღნიშნული განჩინების განმარტების თაობაზე გ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, გ. ბ-ეს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ-ის მიერ გასაჩივრებულია განჩინება, რომელიც წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებას და საპროცესო კანონმდებლობით გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსკ-ის 419.2 ნაწილზე და ითხოვს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას და მოსამართლის (დ. ახალბედაშვილის) აცილებას. გ. ბ-ე კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ განთავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, არარელევანტურია კერძო საჩივრის ავტორის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე მსჯელობა. ამასთანავე, კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ფორმალურ და არა შინაარსობრივ საკითხთა რიგს განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს განსახილველად დაშვების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 22.04.2021წ. განჩინებაზე გ. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნას განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე