ბს-1197(კ-20) 28 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ტ-მა 18.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ დასახელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ა. ტ-მა სარჩელით მოითხოვა: სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 22.02.2019წ. N960 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 22 თებერვლიდან მის სამსახურში აღდგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2020წ. გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 22.02.2019წ. N960 ბრძანება, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ტ-ის მსჯავრდებულთა ...ის დეპარტამენტში ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ა. ტ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2019 წლის 17 ივნისიდან მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის განაცდური ხელფასის ა. ტ-ის თანამდებობაზე აღდგენამდე დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ არ გაიზიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მითითება, რომ 2019 წლის სექტემბერში მან შესთავაზა ა. ტ-ს სარჩელით მოთხოვნილ თანამდებობაზე აღდგენა, თუმცა მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადდა, რითაც თავადვე დააბრკოლა სამსახურში აღდგენა, რის გამო განაცდური უნდა ანაზღაურდეს 2019 წლის ოქტომბრამდე. პალატამ მიიჩნია, რომ სათანადო წესით არ დასტურდება ა. ტ-ისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანამდებობის შეთავაზება და მოსარჩელის მიერ სამსახურში აღდგენაზე უარის თქმა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის. ასეთივე მოწესრიგებას შეიცავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ა. ტ-ის გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მართებულად დაევალა მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება დეკრეტის დასრულების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2020წ. განჩინება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ხელი შეუშალა საკუთარ აღდგენას სამსახურში, რათა მიეღო იძულებითი განაცდური მეტი ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ სასამართლო დავა აღარ გაგრძელებულიყო და მოსარჩელე დაენიშნა მის მიერ მოთხოვნილ თანამდებობაზე. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოსარჩელე ამ მიზნით დაიბარა სამსახურში გამოსაცხადებლად, თუმცა ა. ტ-ი არ გამოცხადდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ დაუკავშირდა ა. ტ-ს და თანამდებობაზე აღდგენის მიზნით სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა, თუმცა მოსარჩელე ისევ არ გამოცხადდა. მიუხედავად ა. ტ-ის გამოუცხადებლობისა 07.08.2020წ. გამოიცა ბრძანება ა. ტ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე. 01.09.2020 წ. ა. ტ-მა დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დანიშვნიდან გათავისუფლებამდე იგი მხოლოდ ორჯერ გამოცხადდა სამსახურში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ცდილობდა აღდგენის გაჭიანურებას, რის გამო მას განაცდური უნდა მიეცეს მხოლოდ 2019 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება, რომ ა. ტ-მა განზრახ ხელი შეუშალა თავის სამსახურში აღდგენას მისაღები განაცდური ხელფასის ოდენობის გაზრდის გამო, არ არის დასაბუთებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური უთითებს, რომ ორგანომ ა. ტ-ის მოთხოვნილ თანამდებობაზე დანიშვნა გადაწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას, თუმცა მას არ გამოუცია რაიმე აქტი ა. ტ-ის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, არ უცვნია სარჩელი აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ შესაგებელში, რომელიც მხარის მიერ დათარიღებულია 30.09.2019წ., სპეციალური პენიტენციური სამსახური უთითებს, რომ არ ცნობს სარჩელს და მათ შორის, არ ეთანხმება სამსახურში აღდგენის შესახებ ა. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის მითითება, რომ იგი მზად იყო დაენიშნა ა. ტ-ი მოთხოვნილ თანამდებობაზე, არ ქმნის განაცდური ხელფასის ოდენობის შემცირების საფუძველს, რადგან ა. ტ-ის სამსახურში აღდგენა განხორციელდა მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 07.08.2020წ. N12200 ბრძანებით 2020 წლის 11 აგვისტოდან. გასათვალისწინებელია, რომ თავად კასატორის განმარტებით ამ პერიოდამდე ა. ტ-ის სამსახურში აღდგენა ვერ მოხდა მოსარჩელის ადმინისტრაციულ ორგანოში გამოუცხადებლობის გამო, თუმცა მოსარჩელის სამსხურში აღდგენის შესახებ ბრძანება ასევე ა. ტ-ის ადმინისტრაციულ ორგანოში გამოუცხადებლობის პირობებშია მიღებული. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მითითება, რომ ა. ტ-ის სამსახურში აღდგენა ვერ ხდებოდა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედებების შედეგად და სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობის გაზრდა, არ არის დასაბუთებული.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის ეძლევა თანამდებობრივი სარგო (1-ლი პ.), მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება, სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება (მე-3 პ.). სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ა. ტ-ი თანამდებობაზე აღადგინა 2020 წლის აგვისტოდან, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. მოხელე სამსახურში აღდგენილად მიიჩნევა სათანადო წერილობითი აქტის მიღების შემდგომ და არა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე