№ბს-1261(კ-19) 2 ივნისი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ. დ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 4 აპრილს შ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილების - შ. დ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ ბათუმში, ...იში მდებარე 943,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილება, შ. დ-ის ნაწილში; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე 943,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე აწ გარდაცვლილ ხ. დ-ის (შ. დ-ესთან ერთად) საკუთრებაში იყო ქალაქ ბათუმში, ...აში მდებარე, 1965 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ....
2014 წლის 21 ივლისს მოსარჩელე ხ. დ-ემ განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ...აში მდებარე, მისი საკარმიდამო ნაკვეთის მომიჯნავე, 943 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თვითნებური დაკავების საფუძვლით.
კომისიაში ხ. დ-ემ წარადგინა დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი საბუთი, პირადობის მოწმობის ასლი, მინდობილობა, მიწის ნაკვეთისა და შენობის ტექნიკური დახასიათება, მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება, ცნობა საჯარო რეესტრიდან მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ, ორი ფერადი ფოტოსურათი.
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 21 ნოემბერს მიიღო №13 საოქმო გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილდა ხ. დ-ის განცხადება იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი და ეს ტერიტორია წარმოადგენდა ყოფილი ...ო გზას, რომლის საკუთრებაში აღიარება ეწინააღმდეგებოდა კანონსა და სტრატეგიულ გეგმას.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელე ხ. დ-ე გარდაიცვალა და საქმეში მოსარჩელედ ჩაება მისი უფლებამონაცვლე, მისი შვილი - შ. დ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილება (ხ. დ-ის ნაწილში) და კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, ხ. დ-ის (უფლებამონაცვლე შ. დ-ე) განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...აში მდებარე, 943 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ თავიდან განიხილა შ. დ-ის მოთხოვნა, ქალაქ ბათუმში, ...აში მდებარე, 943 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილებით შ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა მისი თვითნებურად დაკავების არცერთი ნიშანი. კერძოდ, მიწის ნაკვეთი დაფარული იყო ქვა-ღორღით, მასზე არ არსებობდა არცერთი სახეობის მცენარე, არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან ღობეში, არ დასტურდებოდა მისი რაიმე კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს დავალებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი და საქალაქო სასამართლო სხდომაზე მისი განმარტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი ნაკვეთის წინა და უკანა მხარეს არსებობდა მაღალი ღობე, ნაკვეთზე იყო თხილი და სხვა ნარგავები, ნაკვეთის მეტ ნაწილზე იყო მწვანე ბალახი.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქმეში დაცულ სადავო მიწის ფართობის დათვალიერების 2018 წლის 25 მარტის აქტზე, რომელიც შედგენილი იქნა შ. დ-ის მეზობლების - ა. ა-ის, თ. გ-ის, ნ. დ-ის, შ. ბ-ის, ქ. დ-ის, გ. ბ-ის და ჯ. გ-ის მიერ მასზედ, რომ შ. დ-ემ 943 კვ.მ. მიწის ფართობი შემოღობა და სარგებლობდა 1990 წლიდან. მას შემდეგ, რაც ...ამ დაკარგა თავისი ფუნქცია. ამჟამად მიწის ნაკვეთზე გაშენებული იყო 14 თხილის ბუჩქი, 5 ძირი ნიგოზი, 1 ძირი ტყემალი. 1998 წლიდან შ. დ-ე თესავდა და ამჟამადაც დათელისი ჰქონდა შვრია ... აღნიშნული მიწის ნაკვეთით შ. დ-ის ოჯახი სარგებლობდა ჯერ კიდევ 1945 წლიდან . . . (ს.ფ. 123).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმეების ვ. დ-ის, ქ. დ-ის და ნ. დ-ის ერთობლივი განცხადებით ირკვეოდა, რომ შ. დ-ე 1998 წლიდან ფლობდა, სარგებლობდა და ამუშავებდა ხელვაჩაურის სოფელ ...ზე მდებარე 943 კვ.მ. ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 124).
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რასაც არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ, რომ საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრებოდა მოსარჩელე შ. დ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და მის გაგრძელებას წარმოადგენდა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელე შ. დ-ის მოთხოვნა ქალაქ ბათუმში, ...ში მდებარე 943,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, სრულად აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ პირობებს, რაც, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2014 წლის ივლისში ხ. დ-ემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ქ. ბათუმში, ...აში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნით. კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილებით, ხ. დ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან, განსახილველი მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ...ი, რაც გამორიცხავდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობას და შესაბამისად, მის თვითნებურად დაკავებას. ამასთან, ეწინააღმდეგებოდა მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. ხ. დ-ის უფლებამონაცვლემ - შ. დ-ემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილება (ხ. დ-ის ნაწილში) და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ...აში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ შ. დ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
კასატორი მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ თავიდან განიხილა შ. დ-ის მოთხოვნა, ქალაქ ბათუმში, ...აში მდებარე, 943 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილებით შ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა მისი თვითნებურად დაკავების არცერთი ნიშანი. კერძოდ, მიწის ნაკვეთი დაფარული იყო ქვა-ღორღით, მასზე არ არსებობდა არცერთი სახეობის მცენარე, არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან ღობეში, არ დასტურდებოდა მისი რაიმე კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება.
კასატორი აღნიშნავს, რომ შ. დ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - შ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის №13 საოქმო გადაწყვეტილება (ხ. დ-ის ნაწილში) და კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა, ხ. დ-ის (უფლებამონაცვლე შ. დ-ე) განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...აში მდებარე, 943 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით), ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ ხელახლა განიხილა შ. დ-ის მოთხოვნა და კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილებით შ. დ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა მისი თვითნებურად დაკავების არცერთი ნიშანი. კერძოდ, მიწის ნაკვეთი დაფარული იყო ქვა-ღორღით, მასზე არ არსებობდა არცერთი სახეობის მცენარე, არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან ღობეში, არ დასტურდებოდა მისი რაიმე კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს დავალებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ადგილზე დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი და საქალაქო სასამართლო სხდომაზე მისი განმარტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი ნაკვეთის წინა და უკანა მხარეს არსებობდა მაღალი ღობე, ნაკვეთზე იყო თხილი და სხვა ნარგავები, ნაკვეთის მეტ ნაწილზე იყო მწვანე ბალახი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება.
კასატორის მითითებით მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არსებობდა მისი თვითნებურად დაკავების არცერთი ნიშანი. კერძოდ, მიწის ნაკვეთი დაფარული იყო ქვა-ღორღით, მასზე არ არსებობდა არცერთი სახეობის მცენარე, არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან ღობეში, არ დასტურდებოდა მისი რაიმე კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს დავალებით მოპასუხე/კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი და საქალაქო სასამართლო სხდომაზე მისი განმარტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი ნაკვეთის წინა და უკანა მხარეს არსებობდა მაღალი ღობე, ნაკვეთზე იყო თხილი და სხვა ნარგავები, ნაკვეთის მეტ ნაწილზე იყო მწვანე ბალახი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სადავო მიწის ფართობის დათვალიერების 2018 წლის 25 მარტის აქტის (შ. დ-ის მეზობლების - ა. ა-ის, თ. გ-ის, ნ. დ-ის, შ. ბ-ის, ქ. დ-ის, გ. ბ-ის და ჯ. გ-ის) თანახმად, შ. დ-ემ 943 კვ.მ. მიწის ფართობი შემოღობა და სარგებლობდა 1990 წლიდან, მას შემდეგ, რაც ...ამ დაკარგა თავისი ფუნქცია. ამჟამად, მიწის ნაკვეთზე გაშენებული იყო 14 თხილის ბუჩქი, 5 ძირი ნიგოზი, 1 ძირი ტყემალი. 1998 წლიდან შ. დ-ე თესავდა და ამჟამადაც დათელისი ჰქონდა შვრია ... აღნიშნული მიწის ნაკვეთით შ. დ-ის ოჯახი სარგებლობდა ჯერ კიდევ 1945 წლიდან . . . (ს.ფ. 123). ასევე, მოწმეების ვ. დ-ის, ქ. დ-ის და ნ. დ-ის ერთობლივი განცხადების შესაბამისად ირკვეოდა, რომ შ. დ-ე 1998 წლიდან ფლობდა, სარგებლობდა და ამუშავებდა სოფელ ...ში მდებარე 943 კვ.მ. ფართის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს.ფ. 124).
ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების აღიარებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება მოსარჩელე შ. დ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და მის გაგრძელებას წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ 2018 წლის 9 თებერვლის №4 საოქმო გადაწყვეტილებით შ. დ-ეს ისე უთხრა უარი, ქალაქ ბათუმში, ...აში მდებარე 943 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე