Facebook Twitter

№ბს-922(კ-20) 2 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ-ე; მესამე პირი (სასკ - 16.2) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 24 ნოემბერს გ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის №1398 განკარგულების, ნაწილობრივ, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ნაკვეთი ... მიმდებარედ დარჩენილ 748 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, თბილისში, ...ის ქუჩაზე, ნაკვეთი ... მიმდებარე 748 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის №1398 განკარგულება გ. ლ-ისათვის 748 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებები, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ..., ს.კ. ..., დაზუსტებული ფართობი 892 კვ.მ, 2013 წლის 19 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო სახელმწიფოს სახელზე.

ჰ. ლ-ის, მ. ს-ას და შ. ს-ას 2016 წლის 18 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებდნენ, რომ გ. ლ-ე 2000 წლიდან სარგებლობდა 5052 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე მდგომი 100 კვ.მ შენობა-ნაგებობით, რომელიც ააშენა იმავე წელს, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №80-ში.

გ. ლ-ემ 2016 წლის 06 ივნისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე თბილისი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ..., საერთო ფართობი - 5052 კვ.მ. გ. ლ-ემ 2016 წლის 17 ოქტომბერს კვლავ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, დააზუსტა თავდაპირველი მოთხოვნა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ..., საერთო ფართობზე - 892 კვ.მ.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.10.2016 წლის №07/10522-13 წერილის მიხედვით, თბილისი, ...ის ქუჩა ნაკვეთი ...; 5052 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საცხოვრებელ (სზ) ზონაში. ამასთან, კვეთდა ... და ს.კ. ... საკადასტრო ერთეულებს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 მაისის №002481517 დასკვნის თანახმად, თბილისი, ...ის ქუჩა №80-ის მიმდებარედ (ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ), გ. ლ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კაპიტალურ შენობა-ნაგებობას. აღნიშნული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაწყებული იყო 2005 წლამდე პერიოდში, ხოლო მისი დასრულება მოხდა 2006-დან 2010 წლების განმავლობაში.

შპს ,,...-ის“ 2017 წლის 24 მაისის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, შენობის და ტერიტორიის შემომსაზღვრელი ღობის ბეტონის საძირკველის მიწისზედა ნაწილზე აღინიშნებოდა ეროზიული დაზიანებები, არმირებულ ნაწილს აღენიშნებოდა ღრმა კოროზიის კვალი, რაც აშკარად მიანიშნებდა მათ ხანდაზმულობაზე. ტერიტორიის შემოღობვაში გამოყენებულ ლითონის კონსტრუქციებს: მავთულბადეს, ლითონის არმატურის ხრახნილებს და ლითონის ჭიშკარს აღენიშნებოდათ წლების განმავლობაში განვითარებული კოროზიის კვალი, რაც უდავოს ხდიდა მათ ხანდაზმულობას. ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავები მიანიშნებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გ. ლ-ე წლების განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობით ირკვეოდა, რომ გ. ლ-ე მიწის ნაკვეთს (892 კვ.მ) და მასზე არსებულ შენობას ფლობდა დაახლოებით 2000 წლიდან.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2017 წლის 27 ივლისს ჩატარდა სხდომა, რომლის 57-საკითხით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ... მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთისთვის თვითნებურად დაკავებული კატეგორიის (სასყიდლიანი) მინიჭებისა და გ. ლ-ისთვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით, შენობის კონტურზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის №1398 განკარგულებით დაკმაყოფილდა გ. ლ-ის განცხადება და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ... მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა გ. ლ-ის საკუთრების უფლება.

სს ,,...ის“ 31.05.2016 წლის აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, გ. ლ-ე რეგისტრირებული იყო აბონენტად მისამართზე: ...ის ქუჩა, სახლი 80.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნა, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ისე დაეყრდნო მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებს, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმის სხვა გარემოებები. სასამართლოს შეფასებით, სადავო აქტით არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მხოლოდ შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი და ყურადღება არ გაამახვილა სადავო მიწის ნაკვეთზე ხანდაზმული ნარგავების არსებობის ფაქტზე. სადავო აქტით ასევე არ იყო დასაბუთებული თუ რატომ არ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ლ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები სრულად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ არ შეიცავდა დასაბუთებას, რატომ და რა გარემოებებზე დაყრდნობით მოხდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უარყოფა, არ იყო გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ვალდებულია დაადასტუროს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, მიწის თვითნებურად დაკავების და ფლობა-სარგებლობის ფაქტი. სწორედ განმცხადებელია ვალდებული წარუდგინოს კომისიას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ მხრივ, სადავო აქტის დასასაბუთებლად სრულიად საკმარისია იმის მითითება, რომ მითითებული კანონის ამოქმედებამდე, განმცხადებლის მიერ, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დასტურდება, გამომდინარე ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული თვითნებურად დაკავებული მიწის განმარტებიდან.

კასატორის მითითებით მართალია, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოებით, ასევე, გადახდის ქვითრებით დგინდებოდა შენობა-ნაგებობის გადახურვა, მოპირკეთება და ფლობა, რის გამოც კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდა გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარება შენობის კონტურზე, თუმცა, განმცხადებელი ვერ ადასტურებდა დანარჩენ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებისათვის აუცილებელ გარემოებებს, ვინაიდან, არც 2005, 2010 და არც 2014 წლის ორთოფოტოზე არ ჩანდა მრავალწლიანი ნარგავების არსებობა, ასევე, მოთხოვნილი 892 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემოღობვის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ლ-ემ 2016 წლის 06 ივნისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ..., საერთო ფართობი - 5052 კვ.მ. გ. ლ-ემ 2016 წლის 17 ოქტომბერს კვლავ მიმართა კომისიას, დააზუსტა თავდაპირველი მოთხოვნა და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ..., საერთო ფართობი - 892 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 61-62).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2017 წლის 27 ივლისს ჩატარდა სხდომა, რომლის 57-ე - საკითხით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში, ...ის ქუჩაზე, ნაკვეთი ... მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთისთვის თვითნებურად დაკავებული კატეგორიის (სასყიდლიანი) მინიჭებისა და გ. ლ-ისთვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით შენობის კონტურზე (ტ.1. ს.ფ. 202-209).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს ,,...-ის“ 2017 წლის 24 მაისის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ნაკვეთი ...-ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, შენობის და ტერიტორიის შემომსაზღვრელი ღობის ბეტონის საძირკველის მიწისზედა ნაწილზე აღინიშნება ეროზიული დაზიანებები, არმირებულ ნაწილს აღენიშნება ღრმა კოროზიის კვალი, რაც აშკარად მიგვანიშნებს მათ ხანდაზმულობაზე. ტერიტორიის შემოღობვაში გამოყენებულ ლითონის კონსტრუქციებს: მავთულბადეს, ლითონის არმატურის ხრახნილებს და ლითონის ჭიშკარს აღენიშნებათ წლების განმავლობაში განვითარებული კოროზიის კვალი, რაც უდავოს ხდის მათ ხანდაზმულობას. ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავები მიგვანიშნებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გ. ლ-ე წლების განმავლობაში ფლობს და სარგებლობს. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობით ირკვევა, რომ გ. ლ-ე მიწის ნაკვეთს (892 კვ.მ) და მასზე არსებულ შენობას ფლობს დაახლოებით 2000 წლიდან დღემდე (ტ.1. ს.ფ. 116-122).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კომისიას გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას არ შეუფასებია წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არ ჩაუტარებია ადგილზე დათვალიერება, რომლითაც დადგინდებოდა შესაძლებელია თუ არა სადავო ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ჭიშკრისა და ეზოს ფლობა-სარგებლობის გარეშე. სადავო აქტით არ არის დასაბუთებული, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება რატომ არ გაამახვილა სადავო მიწის ნაკვეთზე ხანდაზმული ნარგავების არსებობის ფაქტზე. სადავო აქტით ასევე არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ლ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები.

ამდენად, საკასაციო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე