საქმე №ბს-458(კს-21) 16 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) – ვ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 08 აგვისტოს ნ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 31 მაისის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... და №... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. ასევე მოსარჩელემ საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ვ. ნ-ის კუთვნილ უძრავ ნივთზე (მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელ ...ი ს/კ ...) და ნ. ნ-ის კუთვნილ უძრავ ნივთზე (მდებარე გურჯაანის, რაიონი სოფელი ...ი, ს/კ ...) მოსარჩელის მიერ წარდგენილი ელექტრონული ვერსიის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერებსა და საკადასტრო ნახაზში ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. ნ-ის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე, ერთი წლით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ნ. ნ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. ნ-ე და განახლდა საქმის წარმოება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე საჯარო რეესტრის გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე, 74-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. ხსენებული გადაწყვეტილება 2020 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელის, გ. ნ-ის, მეუღლეს ნ. ა-ს ჩაბარდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 15 დეკემბრიდან და დასრულდა 2020 წლის 28 დეკემბერს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი გ. ნ-ის მიერ წარდგენილი იყო 2020 წლის 29 დეკემბერს, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ვადის დაცვით წარუდგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განჩინებით გ. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით, 2020 წლის 14 დეკემბერს ჩაბარდა მოსარჩელის გ. ნ-ის მეუღლეს ნ. ა-ს (პ/ნ ...). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე-61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2020 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყო და ამოიწურა 2020 წლის 28 დეკემბრის 24:00 საათზე (ორშაბათი), სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 29 დეკემბერს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე