Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-89(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-ამ 2019 წლის 19 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. გ-ას სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების თანახმად, ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა, სახეზე იყოს შემდეგი პირობები: სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული. ამავდროულად კონტრაქტებს შორის არ უნდა იყოს წყვეტა 2 წელზე მეტი. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი კი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს 2012 და 2016 წლებში გაფორმებულ კონტრაქტებზე. სააპელაციო სასამართლომ კი სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა 2005 და 2009 წლებში გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, რაც არამართებულია, ვინაიდან ამ ორ კონტრაქტს შორის წყვეტა იყო 2 წელზე მეტი. ამასთან, 2016 წელს გაფორმებული კონტრაქტი არ დასრულებულა. იგი შეწყდა გ. გ-ას პირადი პატაკის საფუძველზე 2017 წლის 9 ივნისს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) 2005 წლის 17 სექტემბერს ,,თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით. შემდეგ 2009 წლის 17 სექტემბერს „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2 წლის ვადით, ხოლო 2012 წლის 8 ოქტომბერს „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, რომელიც ამოიწურა 2016 წელს და ამავე წლის 8 ოქტომბერს კვლავ გაფორმდა კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომელიც შეწყდა ვადაზე ადრე 2017 წლის 9 ივნისს. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ გ. გ-ას ჯერ კიდევ 2012 წლის 8 ოქტომბრის კონტრაქტის დასრულების შედეგად, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეტენზიას, რომ გ. გ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2012 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებულ კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც არ არსებობის მოსარჩელისათვის ერთჯერადი დახმარების მიცემის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის გათვალისწინება მხოლოდ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით კი, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ამდენად, „საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-698-691(კ-16)). შესაბამისად, 2017 წლის 7 მარტის ცვლილება ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ხოლო სადავო პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი, ხელშეკრულებით პირდაპირ გაეთვალისწინებინათ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობასა და გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დავალების თაობაზე. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე