№ბს-700 (კ-19) 2 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 მარტს ვ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ „მობილობის შეუძლებლობის გამო ვ. პ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №51 ბრძანების ბათილად ცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ვ. პ-ის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ვ. პ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის, (შრომითი გასამრჯელოს) 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე, ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №51 ბრძანება მობილობის შეუძლებლობის გამო ვ. პ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. პ-ის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ვ. პ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 11 აგვისტოს №10 ბრძანებით ვ. პ-ი დაინიშნა თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... თანამდებობაზე.
„2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის №417 დადგენილების საფუძველზე შექმნილი თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის მიერ ვ. პ-ს მიეცა შეფასება - საუკეთესო.
თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 06 ოქტომბრის №904 ბრძანებით, თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო, დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე ეცნობა დანართში მითითებულ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს, მათ შორის - ვ. პ-ს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა. საშტატო ნუსხის თანახმად, ... ჩამოყალიბდა ორი განყოფილებით, ...ის თანამდებობა განისაზღვრა - ...ი რანგი, ...ი.
2017 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებული მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, მერის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო ვ. პ-ის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №51 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... ვ. პ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2018 წლის დასაწყისში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა კონკურსი ... ვაკანტურ თანამდებობაზე. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №2 ოქმის შესაბამისად, ვ. პ-ს უარი ეთქვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად წარდგენაზე და აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნული იქნა სხვა პიროვნება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე შტატი არ გაუქმებულა და შტატის ფუნქციური დანიშნულება არ შეცვლილა და მოსარჩელის მიერ რეზერვში ჩარიცხვამდე დაკავებული თანამდებობა იყო მერიის ... ტოლფასი. ასევე, მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუთავაზებია მობილობა ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე, ასევე, მოსარჩელეს არ გამოუთქვამს წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის მიღებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხა მას არც აუღია და ისევ ინახება მის საბანკო ანგარიშზე. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, მერმა გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. მოპასუხე მხარემ სასამართლოს არ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის შტატის ფუნქციური დანიშნულების შეცვლას, საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმების და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღებას, მოსარჩელისათვის ტოლფას ან/და დაბალი თანამდებობის შეთავაზებას, საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმირებას აღნიშნულ საკითხზე, მოსარჩელის მიერ გამოთქმულ თანხმობას მობილობაზე, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციის აღებაზე. მოპასუხე მხარის განმარტებით, ასეთი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვ. პ-ი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ არც ერთი კანონით დადგენილი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობდა, კერძოდ, არ მომხდარა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება და არ არსებობდა მოსარჩელის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს, სახელწოდება ჰქონდა შეცვლილი, არ გულისხმობდა, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის მობილობის საჭიროება გამოწვეული იყო თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, რომელთაც გარდაუვლად შეიქმნა თანამშრომელთა შემცირების აუცილებლობა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებს უნდა გათვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება, ემსჯელათ და მიეთითებინათ, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო კადრების შემცირება შექმნილ ვითარებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს - ვ. პ-ის მობილობის შეუძლებლობის გამო რეზერვში ჩარიცხვის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ ვ. პ-ი მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა, თუმცა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების შედეგს - ვ. პ-ის სარჩელის სრულად დაკმყოფილების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-IIს დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017 წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103.3 მუხლის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სახეზეა.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები.
რაც შეეხება, მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად განსახორციელებელ მობილობის წესსა და პროცედურებს, მობილობის პროცესში მოხელეთა შეფასების მნიშვნელობასა და ტოლფას ვაკანტურ პოზიციაზე საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვით სათანადო კანდიდატურის განსაზღვრის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის №ბს-139(4კ-19) გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსა და განმარტებებზე და განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მობილობის პროცედურის არსებითი დარღვევით გამოსცა 2018 წლის 30 იანვრის №51 ბრძანება „მობილობის შეუძლებლობის გამო ვ. პ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმადაც, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 11 აგვისტოს №10 ბრძანებით ვ. პ-ი დანიშნული იყო თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... თანამდებობაზე (ს.ფ. 11).
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა. საშტატო ნუსხის თანახმად, ... (ს.ფ. 69-78).
2017 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებულ მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, მერის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო ვ. პ-ის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო (ს.ფ. 41).
თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №51 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ... ვ. პ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ს.ფ. 14).
2018 წლის დასაწყისში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა კონკურსი ... ვაკანტურ თანამდებობაზე. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №2 ოქმის შესაბამისად, ვ. პ-ს უარი ეთქვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად წარდგენაზე და აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნულ იქნა სხვა პიროვნება (ს.ფ. 13; 98).
ამდენად, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, არსებობდა უწყებაში და მის დასაკავებლად კონკურსი იქნა გამოცხადებული, რის გამოც ცალსახად დაუსაბუთებელია სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დაკავებულ თანამდებობაზე ვ. პ-ის კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონასთან დაკავშირებით, ვინაიდან, „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის №417 დადგენილების საფუძველზე შექმნილი თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის მიერ ვ. პ-ს მიეცა შეფასება - საუკეთესო (ს.ფ. 53-54). ამავე დადგენილებით დამტკიცებული „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის“ 8.3 მუხლი კი ადგენდა, რომ 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. პ-ის სარჩელი არის საფუძვლიანი და ცალსახად არსებობდა მისი სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გაუზიარებლობისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე