Facebook Twitter

ბს-255(2კ-21) 08 ივლისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ჟ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2021წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჟ-მა 25.08.2020წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 19.08.2020წ. წერილისა და მ. ჟორჟოლინის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.10.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის მოსარჩელის მიმართ 2020 წლიდან მაისისა და ივნისის თვის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2020წ. გადაწყვეტილებით მ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და მიიჩნია, რომ მ. ჟ-ს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასაკით სახელმწიფო პენსია უნდა დანიშვნოდა 2020 წლის მაისიდან და მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურებულიყო 2020 წლის დანაკლისი პენსიის თანხა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მ. ჟ-ს შეეძლო ელექტრონული წესით წარედგინა განცხადება, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი პირი და არ აქვს წვდომა კომპიუტერთან, ხოლო შესაბამის სერვის ცენტრში მ. ჟ-ი განცხადების დასაწერად ვერ გამოცხადდებოდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2021წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მ. ჟ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა მ. ჟ-ის მიმართ 2020 წლის ივნისის თვიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნა და ივნისის თვის პენსიის თანხის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკი შეუსრულდა 04.05.2020წ., ის არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა 03.06.2020წ. სახელმწიფო პენსია 01.07.2020წ. დაენიშნა. მოსარჩელემ ორი თვის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხეს 10.08.2020წ., რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 19.08.2020წ. წერილით არ დაკმაყოფილდა. ზემოხსენებული საფუძვლით მ. ჟ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.10.2020წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და სწორად დააკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს 2020 წლის ივნისის თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, ამასთანავე სახელმწიფო პენსიის დანიშვნა 2020 წლის მაისიდან და ამ თვის პენსიის გაცემა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის არასწორი განმარტების შედეგად მოხდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესზე“ და აღნიშნა, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ კანონმდებლობაში არსებული იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21.03.2020წ. დეკრეტზე და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის არარსებობის პირობებში, თუ მოსარჩელეს მიეცემოდა შესაძლებლობა წარედგინა განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის თვეში ან ამ ვადის დადგომამდე, თუნდაც 10 დღით ადრე, მას სახელმწიფო პენსია უნდა დანიშვნოდა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ანუ 01.06.2020წ. და არა მაისის თვიდან. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მ. ჟ-ის მიმართ სახელმწიფო პენსიის ივნისის თვეში გაცემასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელეს პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში შეზღუდული ჰქონდა ფიზიკურად გადაადგილების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ზოგიერთი სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანებაში 27.05.2020წ. შესულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით პენსიის დანიშვნა შესაძლებელი გახდა განმცხადებლის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ელექტრონული ფორმით მიწოდებული განცხადების საფუძველზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული ზემოხსენებული ბრანებით გარკვეულწილად გამარტივდა სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, თუმცა არა მოცემულ კონკრეტულ პირთან - მ. ჟ-თან მიმართებით, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი და აღნიშნა, რომ მძიმე ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ის ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას 2020 წლის მაისის თვეში ელექტრონული ფორმით მიემართა განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის და მოეთხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა სახელმწიფო პენსიის დასანიშნად ესარგებლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის ელექტრონული ფორმით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჟ-ის უფლების წარმოშობის (მაისის) თვეში მიმართვის შედეგად პენსია დაენიშნებოდა განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2020 წლის 1 ივნისიდან. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის დეკრეტით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მოსარჩელეს არ მიეცა სამოქალაქო უფლებების სრულყოფილი რეალიზების საშუალება და საჯარო და კერძო ინტერესთა კონკურენციის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული შემთხევა სწორედ იმ შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც სამართლიანობის თვალსაზრისით უპირატესობა უნდა მიენიჭოს კერძო პირის ინტერესების დაცვას და მოსარჩელეს სახელმწიფო პენსია უნდა დაენიშნოს 2020 წლის 1 ივნისიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჟ-მა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა,

კასატორი მ. ჟ-ი აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ვერ მოახერხა კანონით დადგენილ ვადაში პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიემართა სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის. კასატორი უთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პენსიის უფლების წარმოშობამდე 10 დღით ადრე, კერძოდ 2020 წლის აპრილის თვეში მიმართვის შემთხვევაში, პენსია დაენიშნებოდა მომდევნო თვიდან, ანუ 2020 წლის მაისის თვიდან, კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.02.2021წ. გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე დასასწრებად გაწეული მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

კასატორები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ბენეფიციარების მიერ მომსახურების დაუბრკოლებლად და უწყვეტად მიღებისათვის გამოიცა დამატებითი წესები. მოსარჩელეს შეეძლო ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიემართა კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსარჩელეს მაისი-ივნისის თვის პენსიის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ თანახმად პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.02.2021წ. გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჟ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს, ამასთანავე პენსია ინიშნება პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე. მოსარჩელეს განცხადება პენსიის უფლების წარმოშობის დადგომამდე 10 დღით ადრე რომ წარედგინა, სახელმწიფო პენსია დაენიშებოდა საპენსიო უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველ რიცხვში. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მ. ჟ-ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მის მიერ პენსიის უფლების წარმოშობამდე 10 დღით ადრე, კერძოდ 2020 წლის აპრილის თვეში კომპეტენტური ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო პენსია დაენიშნებოდა მაისის თვეში.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სადავო ურთიერთობის პერიოდში ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდული იყო გადაადგილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელიც მოიცავს სახელმწიფო პენსიის გაცემასაც, აწესრიგებდა ასევე ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზეც, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად ცნობილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი პირი, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას ელექტრონული ფორმით წარედგინა განცხადება. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ელექტრონული ფორმატის გამოყენების შესაძლებლობა არ შეიძლება შეფასდეს ადეკვატურ ადმინისტრირებად.

რაც შეეხება კასატორ მ. ჟ-ის მოთხოვნას სასამართლო სხდომებზე გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა სამი სხდომა, 24.12.2020წ. 28.12.2020წ. და 04.02.2021წ., რომელთაგან არც ერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა მ. ჟ-ი, გარდა ამისა, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მგზავრობისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მგზავრობის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა არ დასტურდება, განცხადება ხარჯის ანაზღაურების მიზნით წარედგინა სააპელაციო პალატას და ისიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთ თვეზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ, ამდენად, არ იკვეთება მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის პირობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ჟ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის და მ. ჟ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2021წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე