სარჩელზე უარის თქმის გამო
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
№ბს-322(2კ-20) 19 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილა რკ „...ის“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რკ „...მა“ 2016 წლის 25 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების და იმავე უძრავ ნივთზე რკ „...ის“ საკუთრებაში არსებული 99.40 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში საქართველოს შსს სარგებლობის უფლების რეგისტრაციის შესახებ მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის საზღვრებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. მარტვილში, ...ის ქუჩის №1-ში მდებარე 99.40 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რკ „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განჩინებით №240310016001341063 (3/29-16) ადმინისტრაციულ საქმეში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაბმულ იქნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რკ „...ის“ სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 24 ნოემბრის უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ №... და იმავე უძრავ ნივთზე საქართველოს შსს სარგებლობის უფლების რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები რკ „...ის“ საკუთრებაში არსებულ 99.40 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. მარტვილში, ...ის ქუჩის №1-ში მდებარე 99.40 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რკ „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის საზღვრებში.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2021 წლის 11 თებერვალს 12:30 საათზე. 2021 წლის 11 თებერვალს, ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელიც გადაიდო მხარეთა მორიგების მიზნით.
2021 წლის 19 ივლისს რკ „...მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მორიგების თაობაზე და დავის საგნის, ქალაქ მარტვილში ...ის ქუჩაზე №... საკადასტრო კოდით რკ „...ი“-ს საკუთრებაში არსებული 99.4 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, 01 ლარად გადაეცა ქ. მარტვილში, თამარ მეფის ქუჩაზე, ასევე რკ „...ის“ საკუთრებაში არსებულ 82 კვ.მ არასოსოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (ს/კ ...) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის წინ მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 104 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რაზედაც 2021 წლის 1 ივლისს რკ „...სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, რკ „...ი“ (სიმბოლურ ფასად, 01 ლარად) მიღებული ქონების სანაცვლოდ სრულად უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნებზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
2021 წლის 19 ივლისს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, რკ „...ი“ (განცხადებაზე ხელმომწერი პირები - რკ „...ის“ დირექტორი - არველოდ გეგია და მისი წარმომადგენელი ივლიანე ხურცილავა) ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას სარჩელზე უარის თქმის გამო (სიმბოლურ ფასად, 01 ლარად მიღებული ქონების სანაცვლოდ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რკ ...ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს მის სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისს საკასაციო საჩივარზე 03.07.2020 წ. საგადახდო მოთხოვნით №14355 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რკ „...ის“ განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. რკ „...ის“ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება და სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.07.2020 წ. საგადახდო მოთხოვნით №14355 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე