გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 1-აპ 9 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის განაჩენი ე. ა-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის განაჩენით ე. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მე-19, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენი ე. ა-ს მიმართ შეიცვალა: სსკ-ის მე-19, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ" ქვეპუნტებით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებული გამართლდა.
ე. ა-ს სსკ-ის 260-ე მუხლის “ა", “ბ" ქვეპუნქტებით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ე. ა-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 2001წ. ივლისის თვეში,Oპირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა 4 პაკეტად დაფასოებული, დიდი ოდენობით _ 1,3 გრამი ნარკოტიკული საშუალება _ “ჰეროინი", რომელსაც იგი ინახავდა. იმავე წლის 10 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დაკავების დროს, მას აღმოაჩნდა ხსენებული ნარკოტიკული საშუალება.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჯ. ითხოვს ე. ა-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშულს, არის ქალი, მეუღლე პატიმარი ჰყავს, კმაყოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი ე. ა-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენი ე. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თვით მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების: ნ. მ-ს, ა. ა-ს განცხადებებით, დაკავების, პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ე. ა-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია.
სააპელაციო პალატამ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე. ა-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან დანაშაული მოინანია, პირველადაა სამართალში, ჰყავს სამი შვილი, ხოლო მეუღლე პატიმარია, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიუსაჯა სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენი ე. ასკაროვას მიმართYდასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატა
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენი ე. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.