საქმე #ბს-249(კს-21) 15 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. თ-ე
მოპასუხე _ შპს „...ის“ აჭარის რეგიონალური ოფისი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 14 მაისს ნ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „...ისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს „...ის“ 2020 წლის 10 იანვრის #... დადგენილების, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის პირად ბარათზე დამატებით 1401.96 ლარის დარიცხვის შესახებ შპს „...ის“ 2020 წლის 14 იანვრის #012ლ აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის #19/13 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ნ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 მაისის განჩინებით ნ. თ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის დადგენილებით ნ. თ-ის საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის დადგენილებით ნ. თ-ის საჩივარი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა შპს „...ის“ 2020 წლის 10 იანვრის #... დადგენილების და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის #19/13 გადაწყვეტილების მოქმედება. ასევე, ამავე ვადით მოპასუხეებს აეკრძალათ ნ. თ-ისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მის მიერ ყოველთვიური მიმდინარე გაზის მოხმარების საფასურის გადახდის პირობით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით ნ. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ის“ 2020 წლის 10 იანვრის #... დადგენილება და 2020 წლის 14 იანვრის #012 დარიცხვის აქტი; გაუქმდა მოქალაქე ნ. თ-ესა და შპს „...ს“ შორის არსებული დავის თაობაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის #519/13 გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილება საჩივრით გაასაჩივრეს შპს „...მა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „...ისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივრები მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების საქმეზე მიღებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების (დადგენილების) გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრად და დადგინდა მათი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „...ს“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სააპელაციო საჩივრებზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო: 1) სახელმწიფო ბაჟის - 150-150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები სავალდებულო მითითებით, თუ რომელ საქმეზეა ბაჟი გადახდილი; 2) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის #1/107 გადაწყვეტილების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის 2 (ორი) ასლი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-R ან DVD-R დისკზე. ამავე განჩინებით, აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად (განჩინების სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცის 1-2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების წარმოსადგენად) განესაზღვრათ ვადა 15 (თხუთმეტი) დღე, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან; აპელანტებს განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს დადგენილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის დადგენის თაობაზე 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლი, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას კანონით დადგენილი წესით 2021 წლის 11 იანვარს ჩაჰბარდა. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 11 იანვრის მომდევნო დღიდან (12 იანვრიდან) და ამოიწურა - 2021 წლის 26 იანვარს, 24:00 საათზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელი დოკუმენტაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2021 წლის 27 იანვარს, რაც დასტურდებოდა სააპელაციო საჩივარზე დართული კონვერტით. აპელანტს/აპელანტის წარმომადგენელს კი დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის საპატიო მიზეზების თაობაზე შეტყობინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სამართლებრივი დანაწესების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ გაუშვა ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა, რაც მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სამართალწარმოების განახლების დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მან ხარვეზის აღმოსაფზვრელად აუცილებელი დოკუმენტაცია წარადგინა 2021 წლის 27 იანვარს, თუმცა მისი მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას ჩაჰბარდა არა 2021 წლის 11 იანვარს, არამედ 2021 წლის 18 იანვარს, შესაბამისად, 2021 წლის 27 იანვარს დოკუმენტაციის სასამართლოში წარდგენით, მან ხარვეზი შეავსო განჩინებით გათვალისწინებულ ვადაში (მე-9 დღეს).
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, 377-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-5, 31-ე და 34-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სადავო დადგენილებით შეილახა მისი საპროცესო უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებამ მას თავიდანვე წაართვა საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.
კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, მიუთითებს, რომ მოცემულ დავაზე შესაფასებელია როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხიც, რის თაობაზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კომისიას წარდგენილი აქვს შუამდგომლობა, რამდენადაც დაუშვებელია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები საქმეებს იხილავდნენ განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო წესით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები საბოლოოდ შეჯერდნენ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავების განხილვის წესსა და ფორმაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა დადგინდა კერძო საჩივრის განხილვისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელი დოკუმენტაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წარადგინა 2021 წლის 27 იანვარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილების ჩაბარების შესახებ შპს „ს...-ის“ შეტყობინების ბარათში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია 2021 წლის 11 იანვარი. თუმცა კერძო საჩივრის ავტორმა წარმოდგენილ კერძო საჩივარს თან დაურთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის გზავნილის ფურცელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შტამპით, რომელიც ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა 2021 წლის 18 იანვარს და მიენიჭა ნომრები - #490/01 და #491/01.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის #698 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ს...-ის“ შეტყობინების ბარათის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლის შემცველი გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის #698 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე - 11 იანვარი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ გზავნილის ფურცელში დასმული თარიღი - 18 იანვარი კი, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გამოცხადებული უქმე დღეების დასრულების მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული შპს „ს...-ის“ შეტყობინების ბარათი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული უქმე დღეების საკითხი, მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დაადგინოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ჩაბარების ზუსტი თარიღი და ამის შესაბამისად, შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
განსჯადობის საკითხთან მიმართებით კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაშვების გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს სწორედ გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე და მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს განსჯადობის საკითხი. თუმცა საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავა არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნების და არ არის დარღვეული საგნობრივი განსჯადობის წესები.
საკასაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით არსებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები მხოლოდ ორინსტანციურად განიხილება, საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შეფასება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის მიმართაც, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონიერებას, ემსახურება იმ მიზანს, რომ ერთიანობაში აზრი არ დაეკარგოს შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. კერძო საჩივრის ავტორს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე