Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-637(კ-21) 16 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებაზე.

2021 წლის 19 მარტს რ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ 2021 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა საქმის მასალები. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა მან ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე