Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-222(კ-კს-20) 1 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის, დ. გ-ას, ნ. ნ-ის, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ის, რ. მ-ის, ლ. რ-ას, ვ. მ-ას, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ის, ბ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებასა და 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.

2017 წლის 12 ივნისს ლ. ბ-მა, დ. გ-ამ, მ. ბ-მა, ნ. ნ-ემ, გ. რ-ამ, ჯ. ჯ-ემ, რ. მ-ემ, ლ. რ-ამ, ვ. მ-ამ, ზ. ხ-ამ, ჯ. ს-მა, ლ. ჭ-ემ, გ. კ-მა, რ. კ-მა და ბ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ნ. ძ-ის, გ. მ-ის, თ. გ-ის, ბ. მ-ის, ნ. ნ-ის, ა. ს-ის, ბ. მ-ის, გ. მ-ის, დ. კ-ის, ნ. ნ-ის, გ. ა-ის, ვ. კ-ის, გ. ხ-ის, ლ. ხ-ას, დ. ჭ-ას, ვ. ს-ის, ფ. გ-ასა და ვ. გ-ის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა ლ. ბ-ის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება - 500 ლარის ოდენობით; დ. გ-ას სასარგებლოდ - 200 ლარის ოდენობით; მ. ბ-ის სასარგებლოდ - 200 ლარის ოდენობით; ნ. ნ-ის სასარგებლოდ - 200 ლარის ოდენობით; გ. რ-ას - სასარგებლოდ - 400 ლარის ოდენობით; ჯ. ჯ-ის სასარგებლოდ - 200 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, 2017 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინება სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საქმის მიმდინარეობის შეწყვეტისა და ზეპირი მოსმენის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე და 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლოს სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-მა, დ. გ-ამ, მ. ბ-მა, ნ. ნ-ემ, გ. რ-ამ, ჯ. ჯ-ემ, რ. მ-ემ, ლ. რ-ამ, ვ. მ-ამ, ზ. ხ-ამ, ჯ. ს-მა, ლ. ჭ-ემ, გ. კ-მა, რ. კ-მა და ბ. შ-ამ. აპელანტებმა ასევე მოითხოვეს მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეების: ლ. ბ-ის, დ. გ-ას, მ. ბ-ის, ნ. ნ-ის, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ის, რ. მ-ის, ლ. რ-ას, ვ. მ-ას, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ისა და ბ. შ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ლ. ბ-ის, დ. გ-ას, მ. ბ-ის, ნ. ნ-ის, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. ლ. ბ-ის, დ. გ-ას, მ. ბ-ის, ნ. ნ-ის, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დანარჩენ მოსარჩელეთა სარჩელი; სააპელაციო საჩივარი ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებულ იქნა „ვ. გ-ას“ ნაცვლად „ვ. მ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინება, 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ბ-მა, დ. გ-ამ, ნ. ნ-ემ, გ. რ-ამ, ჯ. ჯ-ემ, რ. მ-ემ, ლ. რ-ამ, ვ. მ-ამ, ზ. ხ-ამ, ჯ. ს-მა, ლ. ჭ-ემ, გ. კ-მა, რ. კ-მა და ბ. შ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2020 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. ბ-ის, ნ. ნ-ის, ლ. რ-ას, ჯ. ჯ-ის, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ისა და ბ. შ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე. კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ი. პ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებები, რომლითაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება ექნებოდა მინიჭებული ან ლ. ბ-ის, ნ. ნ-ის, ლ. რ-ას, ჯ. ჯ-ის, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ისა და ბ. შ-ას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ასევე კასატორებს - ლ. ბ-ს, დ. გ-ას, ნ. ნ-ეს, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ეს, რ. მ-ეს, ლ. რ-ას, ვ. მ-ას, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ს, ლ. ჭ-ეს, გ. კ-ს, რ. კ-ს და ბ. შ-ას დაევალათ იმდენი საკასაციო საჩივრის ასლის წარმოდგენა, რამდენი მხარეც არის საქმეში.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმის მასალებში არსებულ მისამართზე გაეგზავნათ კასატორებს, მათ შორის ჯ. ჯ-ეს.

საკასაციო სასამართლოში 2020 წლის 23 მარტს წარმოდგენილ იქნა კასატორების - ლ. ბ-ის, ნ. ნ-ის, ლ. რ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ის, ბ. შ-ას, დ. გ-ას, გ. რ-ას, რ. მ-ის, ვ. მ-ას წარმომადგენლის - ი. პ-ისა და ზ. ხ-ას წარმომადგენლის - ე. ბ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ერთ-ერთი კასატორის ჯ. ჯ-ის ხელმოწერას, წარმოდგენილი არ არის ასევე ი. პ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინების ასლი ჯ. ჯ-ის დას - ნ. ჯ-ეს (პ/ნ ...) ჩაჰბარდა 2020 წლის 17 მარტს, მან კი, მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. ამასთან, მას არც აღნიშნული ხარვეზების შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. ბ-ის, დ. გ-ას, ნ. ნ-ის, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ის, რ. მ-ის, ლ. რ-ას, ვ. მ-ას, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ის, ბ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე ჯ. ჯ-ის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად,

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ის, დ. გ-ას, ნ. ნ-ის, გ. რ-ას, ჯ. ჯ-ის, რ. მ-ის, ლ. რ-ას, ვ. მ-ას, ზ. ხ-ას, ჯ. ს-ის, ლ. ჭ-ის, გ. კ-ის, რ. კ-ის, ბ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე ჯ. ჯ-ის ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე