Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-442(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ფ. კ-ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ფ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 28 000 ლარის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ფ. კ-ს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით დაეკისრა 500 ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ფ. კ-ისათვის 27 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სამინისტროსა და ფ. კ-ს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1107 კონტრაქტი, რომლის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. კასატორის მითითებით, აკადემიური მოუსწრებლობის - „ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს“ ჩაუბარებლობის გამო, რიგით ფ. კ-ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი და დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში შესული ცვლილება, რომლითაც პირს, რომელსაც 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო, დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1 500 ლარამდე - I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ) 2 500 ლარამდე - II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; გ) 4 000 ლარამდე - III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; დ) 5 000 ლარამდე - IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში. ვინაიდან ფ. კ-ი დათხოვნის პერიოდისთვის წარმოადგენდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის იუნკერს, კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის, მას, №238 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, უნდა დაკისრებოდა 1500 ლარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს მხარეებს შორის დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო პირის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლოს შეფასების საგანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება უპირობოდ არ ნიშნავს მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2016 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფ. კ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის 6.2 პუნქტი კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის ითვალისწინებდა ჯარიმის - 28 000 ლარის გადახდას. მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტი შეწყდა პირველი სასწავლო კურსის იუნკერის - ფ. კ-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, კერძოდ, აკადემიური მოუსწრებლობის გამო, რაც კონტრაქტის 6.1.3 და 6.1.5 პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხოლო 6.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე - ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების სადავო ურთიერთობაზე გავრცელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-947(კ-19), 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-908(კ-19), 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე