ბს-99(2კ-19) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2017წ. №..., №..., №..., №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართობის შესაბამისად სს ,,...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. განჩინებით სს ,,...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 28.12.2017წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 16.03.2017წ. №..., №..., №..., №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაარეგისტრიროს სს ,,...ის“ საკუთრების უფლება პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფოთის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით 15.11.1996წ. დარეგისტრირდა სს „...ი“, რომელიც წარმოადგენს 1993-1994 წლებში სახელმწიფო საწარმოს - ...ის პრივატიზების შედეგად შექმნილი სს „...ის“ სამართალმემკვიდრეს. საქმეში დაცული ქ. ფოთის მერიის მიმართ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 22.06.1998წ. წერილით ირკვევა, რომ სს ,,...ი“ დაფუძნებულია ყოფილი ...ის ქონების ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. ...ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმით ირკვევა, რომ ის იყო ქ. ფოთში, ...ის ქ. ...-ში მდებარე სახელმწიფო საწარმო. გეგმის მიხედვით საწესდებო კაპიტალის სიდიდე განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით, 24 200 მან. ოდენობით. გეგმის დანართით განსაზღვრულია ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობების და სხვ.) ღირებულება 01.04.1993წ. მდგომარეობით (შეფასების აქტი). მოსარჩელის აღნიშვნით, მათ შორისაა სს ,,...ის“ 26.12.2016წ. №..., №..., №..., №..., №..., №..., №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტები: სპეცილისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, ფარდული, ფარდული, ფარდული და მათ ქვეშ მდებარე მიწა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.05.1997წ. წერილით, სს ,,...ს“ 02.05.1997წ წერილის პასუხად ეცნობა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სს ,,...ი“ დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას სასამართლოში, რაც გარდა სხვა სახის ცვლილებებისა, ითვალისწინებდა საწესდებო კაპიტალის შეფასებას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და 1 აშშ დოლარის (ან მეტი ჯერადი) ნომინალური ღირებულების აქციების გამოშვებას. აღნიშნული წერილითვე სამინისტრო ადასტურებს, რომ სს „...ის“ აქციების 96.83% სახელმწიფო მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება აქციების 3.17 %. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006982717 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგინდა შემდეგი: „სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე არსებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული შენობა-ნაგებობების შესაბამის მონაცემებს, კერძოდ: №... განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი №2-ში მითითებული №01 შენობა-ნაგებობის, №... განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი №2-ში მითითებული №02 შენობა-ნაგებობის, №... განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი №2-ში მითითებული №06 შენობა-ნაგებობის. სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ დანარჩენ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე არსებული შენობა-ნაგებობები, ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული არ არის. აღნიშნულის გამო მათი იდენტიფიცირება ტექნიკურად შეუძლებელია. სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული შვიდი ერთეული შენობა-ნაგებობა სრულად მდებარეობს ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმით განსაზღვრულ საზღვრებში. ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზისათვის წარდგენილი ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 319.74 ჰა-ს. 27.12.2016წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... ფართობი არის 9 კვ.მ., 13.01.2017წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... ფართობი - 180 კვ.მ., 13.01.2017წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... ფართობი - 1113 კვ.მ., 13.01.2017წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... ფართობი - 321 კვ.მ., 26.12.2016წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 04.02.12.733 ფართობი - 87 კვ.მ., 26.12.2016წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... ფართობი - 348 კვ.მ., 27.12.2016წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ... ფართობი - 270 კვ.მ“. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს ,,...ის“ სარეგისტრაციო განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალებით არ დადასტურდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს ,,...ის“ მიერ პრივატიზაციის ფაქტი, ამასთან, ზედდება დაფიქსირდა ... და ... საკადასტრო კოდებით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების საწყის ეტაპზე მოქმედი ნორმატიული აქტების ზოგიერთი დანაწესზე, კერძოდ, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონზე (სამოქმედოდ შემოღებული იქნა 01.10.1991წ., ხოლო ძალადაკარგულია - ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის გამოქვეყნებიდან (09.07.1997წ.)), რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება და არა სახელმწიფო ქონების პრივატიზება იმ გაგებით, რაც მოგვიანებით ამოქმედებული ნორმატიული აქტებით დადგინდა. ეს იყო ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციებისგან განსახელმწიფოებრიობის საწყისი ეტაპი, რაც საკანონმდებლო სივრცეში შემოღებულ სრულიად ახალი ნორმებით რეგულირდებოდა. კანონი განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს. ,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების საფუძველზე (ცვლილებები შეტანილ იქნა 16.09.1993წ №689 დადგენილებით) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით (პუნქტი 1). კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ აქციათა გაყიდვა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება. დებულების მე-10 პუნქტით სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. მე-10 პუნქტის მე-2 აბზაცის მიხედვით, სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის მე-2 აბზაცით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს. მე-14 პუნქტის შესაბამისად აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს „...ის“ აქციების 96.83% პრივატიზებულია აქციათა პრივატიზებისთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით და სახელმწიფო საწარმოთ პრივატიზების შესახებ კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №18.05.2007წ გადაწყვეტილებაში (№2/1-370, 382, 390, 402, 40 _ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობაზე: „აქციას საკმაოდ სპეციფიური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე მხრივ, აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის „წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხევვაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს“. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე არ მომხდარა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (როგორც სახელმწიფო ქონების), მათ შორის სარჩელით სადავო შენობა-ნაგებობების გადაცემა, სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს “...ის“ განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებით ზედდებაში არსებული ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, თუმცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს საკუთრებად არ არის რეგისტრირებული. სახელმწიფომ საკუთრების უფლებით მოახდინა მხოლოდ მიწის ნაკვეთების და არა მათზე მდებარე შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია, რაც ამყარებს სასამართლოს რწმენას იმის შესახებ, რომ შენობა-ნაგებობები განკარგული იყო „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონით და 14.04.1994წ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №288 დადგენილებით დადგენილი წესით. რაც შეეხება მიწას, იმ დროისათვის მიწა ისევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და საწარმოს პრივატიზებით სახელმწიფო არ კარგავდა მიწაზე საკუთრების უფლებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უსაფუძვლოა სს ,,...ის“ სარეგისტრაციო განცხადების უარყოფა იმ დასაბუთებით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლით 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. საწარმო იმთავითვე მიუთითებდა, რომ მას უკვე ჰქონდა პრივატიზებული სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწაზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ითხოვდა მათი განაშენიანების ფართობზე (მიწაზე) რეგისტრაციას. სააპელაციო სასამართლოს აზრით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონის მოქმედება, რომელმაც სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი დაადგინა. მითითებული კანონის მე-12 მუხლის ადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტები სრულად მდებარეობს ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმით განსაზღვრულ საზღვრებში, ეს არის მიწის ნაკვეთები მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე (შენობა-ნაგებობა - აშენებული ან დანგრეული), შესაბამისად, სარჩელით სადავო 16.03.2017წ. №..., №..., №..., №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებები არ არის მომზადებული და გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რითაც არსებითად არის დარღვეული კანონის (სზაკ-ის მე-5, 53, 98-ე მუხ.) მოთხოვნა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის .
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა სადავო ქონების იდენტურობის და გამოსყიდვის ფაქტი, ასევე, დადგინდა რეგისტრირებული მონაცემების ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავ ნივთების საკადასტრო მონაცემებთან. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლი გამორიცხავდა სს ,,...ის“ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. მითითებული ნორმის არსებობა სრულად უგულებელყო პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იურიდიული პირების მიმართ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონმა ახალი რეგულაცია დაადგინა. კერძო სამართლის სუბიექტებს მიეცათ დაინტერესებული პირის განცხადების და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების და არა ,,აღიარების“ უფლება. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საწარმომ დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების უფლება მიწის ნაკვეთებზე და ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა აღნიშნულ საზოგადოებას გააჩნდა 2012 წლის 1 იანვრამდე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კასატორმა აღნიშნა, რომ ...ის სახელმწიფო მეურნეობა ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით გარდაიქმნა სს ,,...ად“. ამ დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა განხორციელდა აქციების გაყიდვის თანხმლებით. აქციის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ აქცია წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომელიც მის მფლობელს მრავალი უფლებით აღჭურავს, იგი გულისხმობს სააქციო საზოგადოებაში კაპიტალის წილს, ადასტურებს მისი მფლობელის წევრობას ამ საზოგადოებაში და შესაბამის უფლება-მოვალეობებს, რაც ვლინდება, როგორც საზოგადოების მართვაში, ისე მოგების მიღებაში. სს ,,...ის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმით განსაზღვრულია აქციების განლაგებისა და გაყიდვის წესი, მოცულობა და ვადები. საპრივატიზებო დოკუმენტაციიდან ცალსახად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,...ის“ აქციები, გამოსყიდული იქნა მხოლოდ საწარმოს აქციები, მიუხედავად იმისა, რომ საპრივატიზებო გეგმა ითვალისწინებდა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილ(ებ)ის (შენობა-ნაგებობების) გამოსყიდვასაც.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მასალებში, მათ შორის, საპრივატიზებო გეგმაში არ იყო დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც დადგინდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს ,,...ის“ მიერ პრივატიზაციის ფაქტი. ამასთან, ზედდება დაფიქსირდა ... და ... საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, რაც გამორიცხავდა წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.12.2017წ. დასკვნის გათვალისწინებით ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება მოხდა მხოლოდ 3 შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, ხოლო დანარჩენი 4 შენობა-ნაგებობის იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას აღნიშნული 3 შენობა-ნაგებობის ფართობისა და ზუსტი საკადასტრო მონაცემების შესახებ. სარეგისტრაციო მოთხოვნას წარმოადგენდა 7 შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მათი განაშენიანების ფართობის შესაბამისად. სასამართლოს არ გამოუკვლევია რაიმე დამატებითი გარემოება, რომლითაც სარეგისტრაციო უძრავი ნივთების მდებარეობა იქნებოდა იდენტიფიცირებული, ამდენად, გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზისთვის დასმული შეკითხვებიდან უძრავი ნივთების ფართობებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა არ იქნა წარდგენილი. დასკვნის თანახმად იდენტურობა დადგინდა მხოლოდ 3 უძრავ ნივთთან მიმართებით, რაც მოიცავს მხოლოდ ადგილმდებარეობის განსაზღვრას და არა საპრივატიზაციოდ გადაცემული შენობა-ნაგებობის ფართობის განსაზღვრას. სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით საქმეში არსებული დოკუმენტებით არ დგინდება გადაცემული საპრივატიზაციო ქონებების ფართობი, ამასთან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არც ქონების განმკარგავს დაუდასტურებია. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. კასატორმა მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლზე, რომლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 22.06.1998წ. წერილის მიხედვით სს ,,...ი“ დაფუძნებულია ყოფილი ,,...ის“ ქონების ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ...ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმით ...ის სახელმწიფო მეურნეობა წარმოადგენდა ქ. ფოთში, ...ის ქ. ...-ში მდებარე სახელმწიფო საწარმოს. საწესდებო კაპიტალის სიდიდე განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით. სააქციოს საზოგადეობის სახელწოდებაა სს ,,...ი“. პრივატიზაციის სამუშაო კომისიის წევრთა მიერ ხელმოწერილ ...ის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვა) ღირებულების (01.04.1993წ. მდგომარეობით) შეფასების აქტში სხვა ობიექტებთან ერთად მითითებულია: სპეციალისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, პავილიონი, ფარდული, ფარდული, ფარდული. №9 დანართით 01.04.1993წ. მდგომარეობით განსაზღვრულია ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვა) ნარჩენი ღირებულება. სს ,,...ი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 15.11.1996წ.. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.05.1997წ. წერილით სს ,,...ის“ აქციების 96,83% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 26.12.2016წ. სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სს ,,...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ის ქ. (...ში) 9კვ.მ., 180კვ.მ., 1113კვ.მ., 321კვ.მ., 87კვ.მ., 348კვ.მ. და 270კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.01.2017წ. წერილის თანახმად ...ის სახელმწიფო მეურნეობა ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით გარდაიქმნა სს ,,...ად“, ხოლო ამ უკანასკნელის საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს მის კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების შემცველ ინფორმაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტომ ვერ იმსჯელა წარდგენილი უძრავი ნივთების და ზემოაღნიშნულ საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების იდენტურობის დადგენაზე. ამავე წერილში მითითებულია, რომ კორესპონდეციით მიწოდებული შენობა-ნაგებობები განთავსებულია სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში, თუმცა აღნიშნული ნაგებობები არ არის დატანილი საკადასტრო გეგმაზე და მათზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის 24.02.2017წ. გადაწყვეტილებებით განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა სახელმწიფო საკუთრებად ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან. განმცხადებელს განემარტა, რომ ვერ დგინდებოდა კონკრეტულად რა ფართებზე უნდა წარდგენილიყო შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ვინაიდან სათანადო ინფორმაცია არ იყო დაცული ...ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმაში. საჯარო რეესტრმა დაინტერესებულ პირს მოსთხოვა ისეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადგილმდებარეობისა და ფართობის იდენტიფიცირება. საჯარო რეესტრის 16.03.2017წ. გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.05.2017წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ წარმომადგენლის 11.04.2017წ. ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 16.03.2017წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ მასალებში, მათ შორის საპრივატიზაციო გეგმაში არ არის დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც დადგინდებოდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს ,,...ის“ მიერ პრივატიზაციის ფაქტი, ამასთან, ზედდება ფიქსირდება ... და ... საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტებით არ დგინდება სადავო ქონების პრივატიზაციის ფაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონის (ძალადაკარგულია 30.05.1997წ. №743 კანონით) 1.1 მუხლზე, რომლითაც „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის 1.2 მუხლის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის 3.3 მუხლის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად (ამხანაგობებად), ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებით“ სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. ამდენად, მითითებულ პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცულია, როგორც პრივატიზაციის გეგმა, ასევე შეფასების აქტი, კერძოდ, ...ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმით ...ის სახელმწიფო მეურნეობა წარმოადგენდა ქ. ფოთში, ...ის ქ. ...-ში მდებარე სახელმწიფო საწარმოს. ...ის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვა) ღირებულების (01.04.1993წ. მდგომარეობით) შეფასების აქტში, სხვა ობიექტებთან, ერთად მითითებულია: სპეციალისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, პავილიონი, ფარდული, ფარდული, ფარდული. №9 დანართით (01.04.1993წ. მდგომარეობით) განსაზღვრულია ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვა) ნარჩენი ღირებულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ...ის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენდა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (გარდა მიწის ნაკვეთებისა), აქციების პრივატიზების გზით, სააქციო საზოგადოებაზე გადაცემა. „სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებად, თუნდაც ამ იურიდიული პირის წილთა 100%-ის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩეს“ (სუს დიდი პალატის 06.11.2003წ. №3გ-ად-15-გ-03 განჩინება). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია პრივატიზაციის ფაქტის დაუდგენლობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მიმართ არარელევანტურია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლზე მითითება, რომლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვს არა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, არამედ უკვე პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იქნა მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. 03.06.2016წ. მიღებული იქნა კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი კანონის სათაური). ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებულია არა შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, არამედ რეგისტრაციის შესაძლებლობა ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებული შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს მიერ იქნა განკარგული.
უსაფუძვლოა კასატორების პრეტენზია სს ,,...ის“ მიერ წარდგენილი უძრავი ნივთების იდენტიფიცირებასა და საპრივატიზაციო ქონების ფართობის დაუდგენლობის შესახებ. საქმის მასალებში დაცულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.12.2017წ. ექპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტს დაესვა შეკითხვები სს ,,...ისათვის“ საპრივატიზაციო გეგმით გადაცემული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის, ფართობის და დანიშნულების იდენტიფიცირების შესახებ, ასევე სს ,,...ის“ მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზებისა და ...ის მიწათმოწყობის გეგმების მიხედვით არსებული შენობა-ნაგებობების იდენტურობის დადგენის თაობაზე. დასკვნის თანახმად ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული და ფაქტიურად ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია. სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე არსებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული შენობა-ნაგებობების შესაბამის მონაცემებს, კერძოდ, 270 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული შენობა-ნაგებობა იდენტურია №2 დანართში მითითებული №01 შენობა-ნაგებობის, 348 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია №2 დანართში მითითებული №02 შენობა-ნაგებობის, 321 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია №2 დანართში მითითებული №06 შენობა-ნაგებობის. სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ დანარჩენ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე არსებული შენობა-ნაგებობები (ზოგიერთი მათგანი ფაქტიურად დანგრეულია) ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული არ არის. აღნიშნულის გამო მათი იდენტიფიცირება ფაქტიურად შეუძლებელია. საქმის მასალებში დაცულ პრივატიზაციის სამუშაო კომისიის წევრთა მიერ ხელმოწერილ ...ის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვ.) ღირებულების (01.04.1993წ. მდგომარეობით) შეფასების აქტში, სხვა ობიექტებთან ერთად, მითითებულია: სპეციალისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, პავილიონი, ფარდული, ფარდული, ფარდული, ხოლო 04.12.2017წ. ექპერტიზის დასკვნის მიხედვით სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შვიდივე ერთეული შენობა-ნაგებობა სრულად მდებარეობს ...ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმით განსაზღვრულ საზღვრებში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებას დაადასტურებდა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ, ასევე, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც პრივატიზაციის გეგმაში ასახული ობიექტების განსხვავებულ ადგილმდებარეობაზე მიუთითებდა, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება (შესაბამის მტკიცებულებაზე მითითების გარეშე), რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთების მდებარეობა იდენტიფიცირებული არ არის, გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის. უსაფუძვლოა ასევე საპრივატიზაციო ობიექტების ფართობის ოდენობის დაუდგენლობასთან დაკავშირებით მითითებული პრეტენზია, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სს ,,...მა“ სარეგისტრაციო წარდგენილი აზომვითი ნახაზებით მოითხოვა შენობა-ნაგებობის განაშენიანების შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას ან/და მითითებას იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობს აღემატება.
უსაფუძვლოა კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება ზედდების არსებობაზე, როგორც სს ,,...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ სს ,,...ი“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ საწარმოს, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებების განხილვისას დადგინდა ზედდების არსებობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან (ს/კ ... და ს/კ ...). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული მასალებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს საკუთრებად არ არის რეგისტრირებული. სახელმწიფომ საკუთრების უფლებით მოახდინა მხოლოდ მიწის ნაკვეთების და არა მათზე მდებარე შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შენობა-ნაგებობები განკარგული იყო სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნისა და აქციათა გამოსყიდვის იმ წესით, რაც დადგენილი იყო „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონით და 14.04.1994წ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №288 დადგენილებით. რაც შეეხება მიწას, იმ დროისათვის მიწა ისევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და საწარმოს პრივატიზებით სახელმწიფო არ კარგავდა მიწაზე საკუთრების უფლებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობის (შენობა-ნაგებობის განაშენიანების შესაბამისად) რეგისტრაციისას ზედდების არსებობის დადგენა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, რეგისტრაციის მიზნებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო საკუთრებად მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის ფაქტი, არამედ მთავარია დასტურდებოდეს სარეგისტრაციო ობიექტზე სახელმწიფოს საკუთრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.02.2019წ. №03170 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე