ბს-205(კ-19) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...მა” 19.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ მომსახურების სააგენტოს 08.02.2017წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 04.04.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელის მიერ 20.01.2017წ. წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2017წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „პ...სა“ და სს „...ს“ შორის 10.09.2016წ. გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც სს “...ს“ დაეთმო და გადაეცა დავალიანებასთან, სესხის ხელშეკრულებებთან, მორიგების ხელშეკრულებებთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი და ბენეფიციური უფლება, საკუთრების უფლება, მოთხოვნა და ინტერესი. სსიპ მომსახურების სააგენტოს 28.11.2016წ. გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით სს „...ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „...ის“ სახელზე განხორციელდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია, მაგრამ გარკვეულ ავტომობილებზე რეგისტრაცია შეუძლებელი გახდა. სს „...მა“ 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადებით მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანა და სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ ასახვა. 03.02.2017წ. სს „...მა“ კვლავ მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 20.01.2017წ. განცხადების განხილვა. სსიპ მომსახურების სააგენტოს 08.02.2017წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს „...ს“ უარი ეთქვა 20.01.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების ვადის დარღვევით. 17.03.2017წ. (რეგისტრირებული 22.03.2017წ. N686446) სს „...მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა სსიპ მომსახურების სააგენტოს 08.02.2017წ. აქტის ბათილად ცნობა და რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადების განსახილველად მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.04.2017წ. ბრძანებით სს „...ის“ 17.03.2017წ. (რეგისტრირებული 22.03.2017წ. 686446) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სსიპ მომსახურების საგენტოს 08.02.2017წ. აქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილება წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.06.2007წ. N892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესით“, კერძოდ, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისთვის, ასევე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების დასარეგისტრირებლად დაინტერესებულ პირს ევალება სააგენტოში გირავნობის გარიგების წარდგენა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოსაზრებაზე, იმის შესახებ, რომ 10.11.2016წ. მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების წარდგენით ის მოითხოვდა სს „პ...ის“ გირავნობის საგანზე ინფორმაციის გადაცემას, თუმცა მან აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირავნობის გარიგების მხოლოდ წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში საკმარის გარემოებას წარმოადგენდა რეგისტრაციის მოთხოვნად მიჩნევისათვის. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა 10.11.2016წ. წარდგენილი განცხადების მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების რეგისტრაციის საფუძველზე და 28.11.2016წ. აქტით მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 20.01.2017წ. განცხადება (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857), რომლითაც მოთხოვნილი იყო მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანა და სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ ასახვა, თავისი შინაარსით წარმოადგენდა ზემოხსენებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სს „...ის“ 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადება სწორად მიიჩნია 28.11.2016წ. სამართლებრივ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „...ის“ მიერ გაშვებული იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 28.11.2016წ. ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და აქედან გამომდინარე, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლერივი საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 08.02.2017წ. აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.04.2017წ. ბრძანება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად არის გამოცემული. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 08.02.2017წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 04.04.2017წ. ბრძანება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის მიერ 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს „...ის“ მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) სსიპ მომსახურების სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე არსებითად უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან იგი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც სზაკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადება არც თავისი ფორმით და არც შინაარსით არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს, იგი იყო განცხადება, რომელიც წარდგენილი იყო სზაკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ, განმცხადებელი სს „...ი“ უშუალოდ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსგან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან და არა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ითხოვდა მხოლოდ მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანას, სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ ასახვას და არა რომელიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განცხადებაში არსად ჩანდა, რომ მოსარჩელე ამ განცხადებით ასაჩივრებდა და სადავოდ ხდიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ რომელიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ქმედებას, არამედ მოსარჩელე ითხოვდა მხოლოდ უფლების მოპოვების მიზნით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებები შეიტანებოდა და სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ აისახებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნიეს წარდგენილი განცხადება ადმინისტრაციულ საჩივრად და არასწორად ჩათვალეს, რომ სზაკ-ის 180-ე და 182-ე მუხლების საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. თბილისის სამმართველოს 28.11.2016წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს „...ს“ ჩაბარდა 29.11.2016წ., აქტში მიეთითა კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ სს „...ის“ მიერ აღნიშნულ აქტზე საჩივარი წარდგენილი იქნა მითითებული ვადის დარღვევით - 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857), ანუ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. კასატორი აღნიშნავს, რომ გირავნობის გარიგების მხოლოდ წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში საკმარისია მისი რეგისტრაციის მოთხოვნად მიჩნევისთვის, კასატორი ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს „...ის“ მიერ წარდგენილ განცხადებაზე დაყრდნობით სსიპ მომსახურების სააგენტომ იმსჯელა და შეაფასა გირავნობის უფლების რეგისტრაციის საფუძველი და 28.11.2016წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც შეეხება 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილია სს „...ის“ მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანა და სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ ასახვა, კასატორის მოსაზრებით, განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს ზემოხსენებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.10.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სს „...ის“ მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (სზაკ-ის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი), ხოლო განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა (სზაკ-ის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი). ამდენად ადმინისტრაციული საჩივარი დაკავშირებული უნდა იყოს უფლების დარღვევასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება პირდაპირ და უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს მომჩივანის ინტერესებზე, ანუ საჩივრის შემტანს საჩივარში დასმული საკითხისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონდეს, ამასთანავე ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი უნდა უთითებდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტით ან ქმედებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული აქტის გამოცემით გარკვეული უფლების მოპოვების ან კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების წერილობითი მოთხოვნა არის განცხადება. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცულია სს „...ის“ მიერ წარდგენილი 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადება, რომლის მიხედვით სს „...ი“ ითხოვს მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანასა და სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ ასახვას. განცხადება არ შეიცავს მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მისი უფლების შელახვის ან სხვა რაიმე ისეთი გარემოების შესახებ, რომელიც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცემდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წარდგენილი იყო სახელდობრ საჩივარი და არა განცხადება. სს „...ი“ განცხადებით ითხოვდა უკვე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანას, სს „პ...ის“ უფლებამონაცვლედ სს „...ის“ ცნობას, ანუ ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც მოხდებოდა რეგისტრირებული გირავნობის უფლებაში სს „პ...ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს „...ის“ მითითება. არც ფორმალური და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით განცხადება არსობრივად არ იყო საჩივარი, განცხადება არ პასუხობდა ადმინისტრაციული საჩივრისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (სზაკ-ის 181-ე მუხ.), განმცხადებელმა სს „...მა“ უშუალოდ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მოითხოვა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილებების შეტანა და არა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსგან. ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანება ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი თანამდებობის პირის ან ზემდგომი ორგანოს სახელზე (სზაკ-ის 178-ე მუხ.). განცხადების ტექსტიდან საერთოდ არ იყო შესაძლებელი იმის დადგენა, რომ შეტანილია ადმინისტრაციული საჩივარი და არა განცხადება რეგისტრირებული გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანის საკითხზე. საკსაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.10.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
მართალია გირავნობის უფლების რეგისტრაცია და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა საერთო წესით მიმდინარეობს, თუმცა ისინი შინაარსობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამასთანავე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისთვის საჭიროა გირავნობის გარიგების წარდგენა, ხოლო უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შესატანად დაინტერესებულ პირს ევალება იმ გარიგების წარდგენა, რომელიც იწვევს რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანას. სს „...ის“ მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსადმი 20.01.2017წ. (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N172857) განცხადებით მიმართვისას მოთხოვნილი არ ყოფილა ახალი გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან რეგისტრირებული გირავნობის უფლების ფარგლების ცვლილება, სს „...მა“ მოითხოვა უკვე რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა მოგირავნის სს „პ...ის“ მიერ სს „...ისთვის“ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოს 28.11.2016წ. აქტით ნამსჯელი ჰქონდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებით რეგისტრაციის საფუძველსა და შესაძლებლობაზე, სს „...ის“ 20.01.2017წ. განცხადების მოთხოვნა შინაარსობრივად განსხვავდებოდა მის მიერ 10.11.2016წ. განცხადებით წარდგენილი მოთხოვნისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პირობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე