Facebook Twitter

საქმე ბს-762(2კს-19) 17 ივნისი, 2021 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ ...ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019 წ. განჩინებები

დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა, მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და აღნიშნული სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ. საქმეთა გაერთიანებისა და სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის შემდეგ, სასარჩელო მოთხოვნები საბოლოოდ შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: შპს „...ას“ სახელზე გაცემული 08.09.2006წ. N76 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის არაგეგმიური შემოწმების შესახებ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 22.09.2016წ. ბრძანების ბათლად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 17.11.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინებით საქმეში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თუმცა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის შესახებ“ კანონში 07.12.2017 წ. კანონით შეტანილი ცვლილებების (14.2 მუხ.) თანახმად, განისაზღვრა საქართველოს სამინისტროები, რომელთა შორის დასახელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 07.12.2017წ. კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 07.12.2017წ. ბ№1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დებულება. ამდენად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინებით შპს ,,...ას“ შუამდგომლობა საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით, მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობა დადგენილია იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი და იმგვარად არიან დაკავშირებულნი ამ ურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს კანონით დაცულ მათ იმ უფლებებსა და ინტერესებზე, რომელიც ამ სამართალურთიერთობასთანაა დაკავშირებული. შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული საქართველოს მთავრობის 27.12.2017 წ. N565 დადგენილებით შეიქმნა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. წიაღის ეროვნული სააგენტო ჩაითვალა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს (მე-4 მუხ.). სარჩელის/სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რაც მათი გაუქმების საფუძველია. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა მესამე პირების სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ჩაბმა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასაბუთა დავის საგნიდან გამომდინარე იმ სამართალურთიერთობაში მათი მონაწილეობა, რომლის თაობაზე საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შესაძლებელია საერთო გადაწყვეტილების გამოტანა. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავის საგანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 22.09.2016 წ. ბრძანებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 17.11.2016წ. ბრძანების კანონიერების შემოწმება, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ან მათი კანონიერად მიჩნევის პირობებში, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირებად ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან არ იკვეთება განსახილველ საქმეზე იმგვარი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, რომელიც რაიმე უფლებებსა და ვალდებულებებს დაადგენს მითითებული იურიდიული პირების მიმართ, ან შეეხება მათ ინტერესებს.

უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ და საქმეში მესამე პირების ჩართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019წ. განჩინებები კერძო საჩივრებით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთაც გადაეცათ წინამორბედთა ფუნქცია-მოვალეობები. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 07.12.2017წ. კანონის 2.3 მუხლში აღნიშნულია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტროს ფუნქციები გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, გარდა სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით. კანონმდებელმა ხაზი გაუსვა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლეს სასარგებლო წიაღსეულის მართვის მიმართულებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე ბუნებრივი რესურსების - სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა საკითხებში კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2017 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის მართვის კომპონენტი გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. საქართველოს მთავრობის 27.12.2017წ. N565 დადგენილებით დაფუძნდა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელიც ჩაითვალა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ საკითხში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას. არც სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო და არც მისი წინამორბედი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (რომლის უფლებამონაცვლეცაა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო) არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზით სარგებლობაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის სახეებს, ერთმანეთისაგან მიჯნავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას. „წიაღის შესახებ“ კანონის 1.2 მუხლის თანახმად, საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“. ამდენად, აღნიშნული დანაწესით ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ურთიერთობები მოექცა განსხვავებული ადმინისტრირების ქვეშ. აღნიშნული დანაწესი იმპერატიულად კრძალავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების გავრცელებას ნავთობისა და გაზის რესურსით სარგებლობის პროცესში. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის 01.05.1999წ. რედაქციის 26.2 მუხლის მიხედვით, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის სუვერენული და მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ჩამოყალიბებისთანავე გადაეცა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს. შესაბამისად, ნავთობისა და გაზის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ 1999 წლიდან განისაზღვრა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო, რომლის უფლებამონაცვლეც ამჟამად არის სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონით ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა სახელმწიფო კონტროლი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის სფეროში. 2017 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად სადავო საკითხებთან დაკავშირებით სათანადო მოპასუხეები არ არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ამავე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მესამე პირების ჩართვის საკითხთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოსატანი გადაწყვეტილება აუცილებლად მოახდენს გავლენას იმ პირთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრაზე, რომელთა მესამე პირებად ჩაბმასაც შუამდგომლობს მხარე, რადგან დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ ორგანოთა უფებამოსილებების გამიჯვნას, გარკვევას საჭიროებს სადავო აქტების გამოცემაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 92.1 მუხლის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაკისრება და სხვ.) სასამართლო უშვებს მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება-მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს მატერიალურ სამართალში არსებული უფლებამონაცვლეობა ქმნის.

მატერიალური სამართალი ითვალისწინებს ორი სახის უფლებამონაცვლეობას: უნივერსალური (ზოგადი) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მაგ.: მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება-მოვალეობანი (მაგ.: მოთხოვნის დათმობა). უფლებამონაცვლეობა არსებობს მაშინ, როდესაც პირს წინამორბედისაგან რომელიმე სამართლებრივი, მათ შორის კანონისმიერი, საფუძვლით შეძენილი აქვს უფლება-მოვალეობანი.

განსახილველი დავის საგანია 08.09.2006წ. N76 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის არაგეგმიური შემოწმების შესახებ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 22.09.2016წ. ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 17.11.2016წ. ბრძანების კანონიერების შემოწმება. დავაზე მოპასუხეებად დასახელებულები არიან სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. საკასაციო პალატაში კერძო საჩივარი წარდგენილია მოპასუხეთა უფლებამონაცვლეების დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს სწორედ უფლებამონაცვლეთა დადგენის კანონიერებაზე და არა მოპასუხეთა სათანადოობაზე.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმინობის წესის შესახებ“ კანონის სადავო აქტების გამოცემისას (2016წ.) მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოში ფუნქციონირებდა 16 სამინისტრო, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (14.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). აღნიშნულ ნორმაში 07.12.2017წ. N1620 კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად, სამინისტროების ჩამონათვალი 13-მდე შემცირდა, ჩამოყალიბდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (1-ლი მუხ.). „„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმინობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 07.12.2017წ. N1620 კანონის მე-2 მუხლით განისაზღვრა უფლებამონაცვლეობის საკითხები, კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ბუნებრივი რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აღიშნულ ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აღნიშნულ ნაწილში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (2.2, 2.3 მუხ.). ამდენად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციების და უფლებამოსილებების სამთავრობო სტრუქტურებს შორის დივერსიფიკაციის პირობებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლის დასადგენად მნიშვნელოვანია ცალსახად დადგინდეს განსახილველი დავის საგანი, მისი შემხებლობა სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა განეკუთვნება სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებას, რის გამო, მისი მოსაზრებით, მოპასუხის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უნდა იქნეს მიჩნეული.

საქმის მასალების მიხედვით, 27.08.1997წ. შპს „...ას“ სახელზე 25 წლის ვადით გაიცა წიაღით სარგებლობის ლიცენზია (სერია 49, 48, 35, 34, 46, 47; ნომერი 0176, ტიპი VI N), რომლითაც მას უფლება მიეცა განეხორციელებინა საქართველოს ტერიტორიის XII ბლოკზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა, მოპოვების გაზრდა, ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა, ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება და ექსპლუატაციაში შეყვანა. ლიცენზიის გაცემიდან დაახლოებით 9 წლის შემდგომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის მიერ 08.09.2006წ. დამტკიცდა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის №76 დასკვნა, რომლითაც შპს „...ას“ მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების მიზნით სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების პროექტის მიხედვით საქმიანობის განხორციელება შესაძლებლად იქნა მიჩნეული ამავე დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, რაც გულისხმობდა მონიტორინგის/თვითმონიტორინგის კონკრეტული გეგმის, მასზე პასუხისმგებელი იურიდიული ან/და ფიზიკური პირების მითითებით, დამუშავებას და დამტკიცებას, ასევე ავარიული და ხანძარსაწინააღმდეგო სიტუაციების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 22.09.2006 წ. №1036 ბრძანებით, შპს „...ას“ სახელზე გაიცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ნარჩენების განთავსების საქმიანობაზე, ამავე ბრძანებით ნებართვის მფლობელს დაევალა უზრუნველეყო სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულება. მითითებული ბრძანების საფუძველზე 25.09.2006 წ. გაიცა გარემოზე ზემოქმედების №... ნებართვა, რომლითაც შპს „...ას“ მიეცა შესაძლებლობა ...ოს რაიონში, ...ასა და ...ის მოედნებზე განეთავსებინა ნავთობისა და გაზის ნარჩენები, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების პირობით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2006 წ. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების მიზნით, რასაც შემდგომში მოჰყვა ნავთობისა და გაზის ნარჩენების კონკრეტულ ტერიტორიაზე განთავსებისათვის ნებართვის გაცემა. 2006 წ. გამოცემული აქტები არ ეხებოდა შპს „...ას“ სახელზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მახასიათებლებს: ხანგრძლივობას, მოცულობას და სხვ., არ ადგენდა ახალ უფლება-მოვალეობებს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, არ ახდენდა გაცემული ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს, 2006 წლის წარმოება ჩატარდა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის მიზნით, ნარჩენების განთავსების შესაძლებლობის შესაფასებლად.

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ცხელი ხაზის საშუალებით მიიღო ინფორმაცია მოსარჩელის კონკრეტულ ტეროტორიაზე არსებული ღია ავზის შესახებ, რაც წარმოადგენდა საფრთხეს ბიომრავალფეროვნებისათვის. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების წარმომადგენლების მიერ 28.07.2016 წ. მოხდა ადგილზე დათვალიერება და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს-ს მიერ 28.07.2006 წ. №76 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის არაგეგმიური შემოწმება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 22.09.2016 წ. ბრძანებით ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება, რა დროსაც შემოწმდა შპს „...ას“ სახელზე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა. ამდენად, სადავო 22.09.2016წ. ბრძანებით განისაზღვრა შპს „...ას“ არაგეგმიური შემოწმება მხოლოდ 28.07.2006 წ. №76 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების შემოწმების მიზნით, სადავო აქტით არ დადგენილა შპს-ს მიერ რაიმე სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი, ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მართზლომიერების შემოწმების საჭიროება. სადავო აქტი მიზნად ისახავდა მხოლოდ ეკოლოგიური საექსპერტო დასკვნისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხების შეფასებას იმის მიუხედავად რა სახის ლიცენზია იყო შპს-ს სახელზე გაცემული. სადავო აქტები არ ეხება წიაღის რაციონალური გამოყენებისა და ნავთობის/გაზის სახელმწიფო მართვის საკითხებს.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმინობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 07.12.2017წ. N1620 კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი მხოლოდ ბუნებრივი რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის შინაარსით არ დასტურდება მისი შემხებლობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის საკითხებთან, რადგან სადავო აქტები არ ეხება წიაღით სარგებლობის, ლიცენზირების, კოტროლის თუ ზედამხედველობის წესებს, სადავო 22.09.2016წ. ბრძანებით განისაზღვრა შპს „...ას“ შემოწმება მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში და არა წიაღის მოპოვებისა თუ დაუშავების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დაცვის შემოწმების მიზნით. ამდენად, სადავო ბრძანება გამოცემულია გარემოს დაცვის და არა სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით.

„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, გარემოს დაცვა გულისხმობს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას („დ“ ქვ.პ.), ხოლო გარემოს დაცვის სფერო მოიცავს ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს („დ1“ ქვ.პ.). საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „...ას“ არაგეგმიური შემოწმების ჩატარება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების რეგულირების, გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობების დაცვის საკითხის გარკვევის მიზნით. სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზა იყო გარემოსდაცვით ხასითის აუცილებელი ღონისძიება (1-ლი მუხ.), მისი მიზანი იყო გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა (1.3 მუხ.). ამდენად, ერთმნიშნელოვნად დასტურდება, რომ სადავო აქტების გამოცემა მოხდა გარემოს დაცვის სფეროში და არა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე ან წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვისას წარმოშობილი სამართალურთიერთობის ფარგლებში. სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონში 07.12.2007წ. N1669 კანონით შეტანილი ცვლილებების მიხედვით გარემოზე ზემოქმედების ნებართვა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით საქმიანობის განმახორციელებელზე მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემოდა საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სზაკ-ის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდებოდა გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ. გარემოზე ზემოქმედების ანალიზის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება დასტურდება აგრეთვე ამჟამად მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, რომლის მიხედვით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (კოდექსის 44-ე მუხ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მართებულად იქნა დადგენილი საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 07.12.2017 წ. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 10.05.2013წ. N26 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება“ ძალადაკარგულად არ გამოცხადებულა, თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 22.02.2018წ. N2-98 ბრძანებით მასში შეტანილ იქნა რიგი ცვლილებები, დეპარტამენტს ეწოდა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. გასათვალისწინებელია, რომ როგორც ცვლილებების შეტანამდე, ასევე ცვლილებების შეტანის შემდეგ მოქმედი რედაქციის თანახმად, დეპარტამენტის უფლებამოსილებებს შორის სახელდებოდა: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით რეგულირების ობიექტების შემოწმება (3.1 მუხ.), ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი (ძვ. რედაქცია - 5.1 მუხ., ახალი რედაქცია - 73.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დაგეგმვა და კოორდინაცია (2.3 მუხ. „ა“, „თ“ ქვ.პ.). ამასთანავე, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის როგორც 2017 წლის ცვლილებებამდე, ასევე მის შემდგომ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას და ამ მიზნით გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების ჩატარებას მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ცვლილებებამდე დეპარტამენტში იგულისხმებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო 2017 წლის ცვლილებების შემდეგ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძვლები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო შებოჭილია განსახილველი დავის ფარგლებით. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანს შეადგენს მხოლოდ უფლებამონაცვლეობის დადგენისა და მესამე პირად ჩაბმის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებების მართლზომიერების შეფასება. სააპელაციო სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილების (განჩინების) არარსებობის გამო საკასაციო პალატაში წარდგენილი არ ყოფილა საკასაციო საჩივარი, რის გამო საკასაციო პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო აქტების კანონიერებაზე, მათ გამოცემაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობის არსებობაზე. მართალია წარმოდგენილ კერძო საჩივრებში ძირითადად სადავო აქტების გამოცემაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილების გამორიცხვაზე კეთდება აქცენტი, თუმცა საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღიშნავს, რომ გასაჩივრეული განჩინებებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო აფასებს მხოლოდ მოპასუხეთა უფლებამონაცვლეებად კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების დადგენის მართლზომიერებას და არ ადგენს სადავო აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს, არ მსჯელობს მოპასუხეთა სათანადოობაზე, რის გამო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები სადავო აქტების გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობასთან დაკავშირებით, არ არის განსახილველი საკითხისათვის რელევანტური და სცილდება კერძო საჩივრების განხილვის ფარგლებს.

რაც შეეხება სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საქმეში ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ. სწორედ ასეთი სავალდებულო მოწვევის მესამე პირი სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით. შუამდგომლობის ავტორმა, სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, ასეთი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს. წარმოდგენილ კერძო საჩივარში აღიწერა სასკ-ის მე-16 მუხლის შინაარსი, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ არის დასაბუთებული სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების საქმეში ჩართვის წინაპირობების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას, აღნიშნული აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები საქმეში ჩართულები არიან მოპასუხეებად. გაურკვეველია რა უფლება-მოვალეობები შეიძლება განესაზღვროთ შპს-ს მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, უკეთუ სარჩელზე დამდგარი შედეგის მიხედვით მოხდება მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების კონკრეტული მმართველობითი საქმიანობის - გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მართლზომიერების საკითხის გარკვევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემოქმედება შპს-ს მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლება-მოვალეობებზე არ არის დასაბუთებული. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საქმეში ჩაბმის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ას“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ და საქმეში მესამე პირების ჩართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2019 წ. განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე