Facebook Twitter

ბს-858(2კ-20) 17 ივნისი, 2021წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2019წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ჩ-მა 22.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ტ. ჩ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.11.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ტ. ჩ-ის მიმართ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქაალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2018წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.09.2018წ. განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2019წ. გადაწყვეტილებით ტ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.11.2017წ. N2332 ბრძანება ტ. ჩ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2019წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ტ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.11.2017წ. ბრძანება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 11.10.2017წ. ტ. ჩ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტილვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე, დევნილი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...იდან და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭება. საქმეში დაცულია ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 09.10.2017წ. ცნობა, რომლის მიხედვით ტ. ჩ-ი ოჯახთან ერთად 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო 1995 წლიდან პერიოდულად მიდიოდა საბერძნეთში, ცნობის მიხედვით მოსარჩელეს სოფელ ...ში აქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.10.2017წ. ცნობის მიხედვით, ტ. ჩ-ი 1995 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში, ხოლო 1995 წლის შემდგომ მუშაობის მიზნით პერიოდულად გადაადგილდებოდა საზღვარგარეთ. საქმის გარემოებით დასტურდება, რომ ტ. ჩ-ს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 11.10.2017წ. ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ დაიბადა და საშუალო განათლება მიიღო ახალგორის რაიონში, 1977-1979წწ. სწავლობდა ...ში, ხოლო 1984-1985 წწ. მუშაობდა ახალგორის რაიონში, 1994 წელს დაოჯახდა სოფელ ...ში. 1995 წლიდან სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრებოდა საბერძნეთში, ვინაიდან სოფელში აღარ არსებობდა სკოლა მისი შვილი მე-7 კლასამდე სწავლობდა ქ. თბილისში, მოგვიანებით კი სწავლა განაგრძო საბერძნეთში. მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ საბერძნეთში, ამასთანავე მისი მეუღლე არის საბერძნეთის მოქალაქე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.11.2017წ. ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი დაოჯახების შემდგომ არ წარმოადგენდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ის მუდმივ მაცხოვრებელს. საქმეში დაცულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 18.07.2019წ. ცნობა, რომლის მიხედვითაც ტ. ჩ-ი საქართველოდან გავიდა 19.07.2005წ. და დაბრუნდა 25.12.2007წ., ასევე დატოვა საქართველო 03.05.2008წ. და უკან დაბრუნდა 16.02.2009წ., მოსარჩელემ საქართველო დატოვა 22.02.2009წ. და დაბრუნდა 26.02.2017წ.

ზემოხსენებული ფაქტების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცულია განსხვავებული მტკიცებულებები, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლისთვის მუდმივი ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, აღნიშნული ასევე დადასტურდა ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 03.08.2011წ. ცნობით, ამასთანავე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელესთან ჩატარებულ გასაუბრებაზე, სადაც ტ. ჩ-მა აღნიშნა, რომ 1995 წლიდან პერიოდულად დადიოდა საბერძნეთში და აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო მოსარჩელის საბერძნეთში გამგზავრების მიზნის შეფასება, იმის დადგენა ემსახურებოდა საზღვარგარეთ გამგზავრება სამუშაოს შესრულებას თუ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ტ. ჩ-მა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საგენტომ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული და შესწავლილი მტკიცებულებები მიუთითებდა მოსარჩელის საბერძნეთში მუდმივი ცხოვრების ფაქტზე. კასატორის მოსაზრებით, ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს, როგორც თავად მოსარჩელის ასევე მისი მეუღლისა და შვილის ფაქტორები, რაც გამოიხატება მათი საბერძნეთში ცხოვრების პერიოდულობით, იქ საქმიანობითა და სხვა ფაქტორებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ტ. ჩ-ის პერიოდული გადაადგილება საზღვარგარეთ გრძელდებოდა თვეების, ზოგიერთ შემთხვევაში კი წლების განმავლობაში, ბოლოს იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ 8 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა ტ. ჩ-ის საზღვარგარეთ გადაადგილება დამატებითი გამოკვლევის საჭიროების მქონედ.

კასატორი ტ. ჩ-ის წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება აღსრულების შესახებ მარეგულირებელ კანონმდებლობას და ილახება კასატორის უფლება. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, მოსარჩელის მეუღლის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოცემული საქმის ფარგლებში მნიშვნელობა არ აქვს და აღნიშნავს, რომ ტ. ჩ-ი დროებით იმყოფებოდა ემიგრაციაში სამუშაოდ მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამასთანავე წარმოუდგენლად მიიჩნევს მოსარჩელის საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოს სპეციფიკისა და მისი ხანგრძლივობის შეფასებას, ვინაიდან იგი იყო დასაქმებული არალეგალურად და არასტაბილურად სხვადასხვა სამუშაოებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიაჩნია, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისთვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, სურვილი რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ან საერთოდ გამორიცხავდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. სხვა ქვეყანაში პირი შეიძლება გაემგზავროს სამუშაოს შესასრულებლად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეუცვლელად, დროის განსაზღვრული პერიოდით და ამ დროს იგი ტოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ დროებით, კონკრეტული მიზნით - სამუშაოს შესასრულებლად და სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გეგმავდეს უკან დაბრუნებას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს სპეციფიკა, ხანგრძლივობა და საზღვარგარეთ ყოფნის დრო, ამასთანავე უნდა განისაზღვროს პირის რეალური მიზანი. მიზნის განსაზღვრის პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. საჭიროა შეფასდეს ტ. ჩ-ის მიერ საქართველოს საზღვრების დატოვება გამოწვეული იყო თუ არა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, შეფასდეს მოსარჩელის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ხანგრძლივობა. ზემოხსნებულ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე მართებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებდ, სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებასა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ტ. ჩ-ს გააჩნია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე (...ის თემის ტერიტორიული ორგანოს 09.10.2017წ. ცნობა) იმთავითვე არ ადასტურებს მოსარჩელის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ტ. ჩ-ის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის ნორმები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აღსრულების შესახებ მარეგულირებელ კანონმდებლობას, ვინაიდან აღნიშნულ კანონმდებლობას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და სადავო საკითხთან არ გააჩნია კავშირი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2019წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე