Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-527(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ჭ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ჭ-ემ 2018 წლის 2 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №MOD ... ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და გათავისუფლების დღიდან აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად დარიცხული თანხის 1423.60 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №MOD ... ბრძანება და თ. ჭ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის (საშტატო კატეგორია „კაპრალი სპეციალისტი“, შტატი №...) თანამდებობაზე; ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება თ. ჭ-ის განთავისუფლების დღიდან სამსახურში მისი აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად დარიცხული თანხის - 1423.60 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს თ. ჭ-ემ საველე სწავლების დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნული ქმედება კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ისეთ დისციპლინურ გადაცდომას, რომელიც სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. კასატორის მოსაზრებით, სადავო ბრძანება კანონიერია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დატკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება. ამ მიზნის მისაღწევად წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ღირსეულ საქციელს ან დისციპლინურ გადაცდომას, რა სახის წახალისება ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იქნეს გამოყენებული, აგრეთვე აწესრიგებს დისციპლინური საქმის განხილვის წესს. ხსენებული წესდების მე-3 პუნქტის თანახმად, წესდების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“ მოიცავს დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალს, კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი წესდების 44-ე მუხლით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენდა სიმთვრალე. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი) თანახმად, სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ი თ. ჭ-ე მივლინებულ იქნა სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, სადაც მას სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების შედეგად 16:50 საათზე დაუდგინდა სიმთვრალე 0,905%, ხოლო 19:31 საათზე - 0.33 პრომილე. 2017 წლის 17 ოქტომბრის №148 დისციპლინური ოქმით, აღნიშნული ქმედება შეფასდა წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ალკოტესტის გადამოწმების შედეგად, თ. ჭ-ისათვის სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) ნაკლები ოდენობის პრომილეს დაფიქსირების მიუხედავად, სადავო ბრძანების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დატკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც სადავო პერიოდში სამსახურიდან დათხოვნას დისციპლინური ზომის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებდა. ამდენად, დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი პირი არ იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის დაკისრების არჩევანში, შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის არსებობის პირობებშიც, კანონმდებლობა უშვებდა პასუხისმგებლობის სახეების ალტერნატივას და იმპერატიულად მხოლოდ სამსახურიდან განთავისუფლებას არ ადგენდა.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, მოსარჩელე გადაყვანილ იქნა ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკზე, ასევე, იგი მივლინებული იქნა პროფესიული გადამზადების კურსზე, რომელიც თ. ჭ-ემ წარმატებით გაიარა და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი. ასევე, საგულისხმოა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის თ. ჭ-ის მედლით დაჯილდოება (მესამე ხარისხი). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თ. ჭ-ის ქმედების დისციპლინურ გადაცდომად შეფასების შემდეგ დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან მისი განთავისუფლება მოხდა სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებიდან 4 თვისა და 23 დღის შემდეგ, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სცდება გონივრულ ვადებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების კუთხით.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურში ხასიათდებოდა დადებითად, კერძოდ, გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, იგი იყო კეთილსინდისიერი, გაწონასწორებული, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შრომისმოყვარე სამხედრო მოსამსახურე, სამსახურში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, ადვილად იტანდა სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელ სიძნელეებს, დროულად ასრულებდა ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებებსა თუ ბრძანებებს.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივ გარემოებათა შეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო ბრძანების უკანონობა, მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე