Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-890(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ. ჭ-ი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ტ. ჭ-მა 2019 წლის 1 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება, თვეში 1137,6 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ - 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 1137,6 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სამინისტროს საჩივარი. კასატორმა მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურებას, თუკი მოხელე სამსახურში აღდგება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა, კერძოდ, მოსარჩელე არათუ აღდგა სამსახურში, არამედ იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს №MOD ... ბრძანებით ტ. ჭ-ს 2016 წლის 30 დეკემბრიდან თანამდებობაზე დანიშვნამდე გაცდენილი დრო მხოლოდ სამხედრო ნამსახურებ წლებში ჩაეთვალა და აღნიშნული აქტით მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს არ აუღია. შესაბამისად, სახეზე არაა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ დადგენისა და მოხელის სამსახურში აღდგენის გამო, სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროისათვის (2016 წლის 30 დეკემბერი) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

ამდენად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებს ორი პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტს, კერძოდ: 1. სახეზე უნდა იყოს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და 2. უნდა მოხდეს პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის (საქმე №3/1281-17) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზე ტ. ჭ-ი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს №MOD ... ბრძანებით აღდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. გენერალური შტაბის უფროსის ხსენებული ბრძანებით დასტურდება, რომ ტ. ჭ-ს 2016 წლის 30 დეკემბრიდან თანამდებობაზე დანიშვნამდე პერიოდი ჩაეთვალა სამხედრო ნამსახურობის წლებში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სამხედრო მოხელეს სამსახურში აღდგენისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტით განემარტა თანამდებობაზე დანიშვნამდე გაცდენილი დროის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახეზეა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ორივე პირობა, კერძოდ: 1. მოსარჩელის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის (საქმე №3/1281-17) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით; და 2. ტ. ჭ-ის სამსახურში აღდგენის ფაქტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია მიიღოს იძულებითი განაცდური მისი სამსახურში გათავისუფლების დღიდან სამსახურში მის აღდგენამდე.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას მოსარჩელის სამსახურში აღდგენა-დანიშვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 აგვისტოს №MOD ... ბრძანება დასათაურებულია შემდეგნაირად: „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში აღდგენისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“. საგულისხმოა, რომ ხსენებული აქტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სწორედ ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის - ტ. ჭ-ის სამსახურში აღდგენა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118.3, 118.4 მუხლები). თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №38(კ-20). შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ზიანის - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე