Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1232(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ტ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ტ-მა 2017 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 19 აპრილის №MOD ... ბრძანების ბათილად ცნობა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელის საკითხის განხილვისა და მოსარჩელის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 19 აპრილის №MOD ... ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ა. ტ-ის კადრების განკარგულებაში აღდგენა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გენადი მამისაშვილმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 12 დეკემბრის №973 ბრძანების საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადადის კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა ის სამსახური, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული. შესაბამისად, ა. ტ-ი გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. კასატორის მითითებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ აღემატება ოთხ თვეს და თუ აღნიშნული ვადის ამოწურვამდე პირი არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს გამოსცემს ბრძანებას მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის პოზიციის გაუქმების შემდგომ, კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხ თვიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ ვერ მოხერხდა მოსარჩელის დასაქმება სხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სამინისტროს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა. ტ-ის, სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების საფუძვლით, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონის (2015წ.) 110-ე მუხლი, ასევე, ადგენს, რომ მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებული იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, ა. ტ-ი სამსახურიდან განთავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 97-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემცირებასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის განყოფილებაში გაუქმდა უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა მთავარი სპეციალისტის 9 საშტატო ერთეული (სამოქალაქო პირი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლებამდე, ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“; შტატი №...) თანამდებობა. საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 24 მაისის №MOD ... წერილით დასტურდება, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ა. ტ-ისათვის სიტყვიერად იქნა შეთავაზებული ...ის საშტატო თანამდებობა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული თანამდებობა არ წარმოადგენდა მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული პოზიციის შესაბამის თანამდებობას. ასევე დადგენილია, რომ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, რეორგანიზაციამდე არსებულ მთავარი სპეციალისტის თანამშრომლებთან ერთად, დანიშნულ იქნა ო. ლ-ა, რომელიც რეორგანიზაციამდე ა. ტ-თან ერთად იკავებდა უფროსი სპეციალისტის თანამდებობას. ო. ლ-ას გარდა, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ასევე დანიშნულ იქნა რ. ჯ-ე. აღნიშნული პიროვნება 2016 წლის 19 დეკემბრამდე (რეორგანიზაციამდე) არ იკავებდა ...ის განყოფილებაში არც უფროსი სპეციალისტის და არც მთავარი სპეციალისტის თანამდებობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, აქტის დასაბუთებისას მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს.

ზემოაღნიშნული დანაწესების კუმულაციური ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს, აღინიშნოს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელისათვის ...ის საშტატო თანამდებობის შეთავაზების მიუხედავად, ...ის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის პირობებში (რეორგანიზაციის შემდეგ გაიზარდა 2 საშტატო ერთეულით), ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა მითითებული და დასაბუთებული, თუ რა საფუძვლითა და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით იქნა მოსარჩელესთან შედარებით უპირატესობა მინიჭებული როგორც ო. ლ-ასთვის, ისე რ. ჯ-ისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ვაკანტურ თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელშიც, სასამართლო, თავისთავად, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს ხსენებული არჩევანის თავისუფლებაში, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციის ფარგლებში წერილობითი სახით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე მიღებას. აღნიშნულ მსჯელობას ავითარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნული ნორმების სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრების მითითების ასახვის ვალდებულებას, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამგვარად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოცემული უფლების მზღუდავი სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს იმგვარ დასაბუთებას, რომ მხარისათვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს, რა მოტივით და რა საფუძვლით იქნა იგი განთავისუფლებული სამსახურიდან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე