Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1117(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. მ-ი

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-მა 2018 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების - 1896 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 1870 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიუღებელი კომპენსაციის - 1870 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 26 სექტემბრის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით მის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, სადავო შემთხვევა არ ექცევა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 26-ე, 471, 472 და 473 პუნქტების რეგულირების ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული ნორმები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებენ სამხედრო მოსამსახურისთვის ნამსახურები ვადის პროპორციულად ერთჯერადი დახმარების გაცემას, თუ მისი დათხოვნა მოხდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვალების, დაჭრა/დასახიჩრების ან ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით არ მომხდარა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის მიერ 4 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის პირობებში ითვალისწინებს. გ. მ-ი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადის გასვლის გამო. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა კი, კანონმდებლობის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, გ. მ-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება ჩაბარდა 2015 წლის 18 მარტს, ხოლო მან სასამართლოს 2018 წლის 27 მარტს მიმართა. შესაბამისად, სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის გამო სამინისტროსათვის გ. მ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარებისა და კომპენსაციის დაკისრების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს. კანონის პირველი მუხლი ამ კანონის ამოცანებად ასახელებს სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, ხოლო მე-4 მუხლი დასახელებული სიკეთეების დაცვის გარანტორად სახელმწიფოს მოიხსენიებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 26-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №22-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით შემდეგი ოდენობით: 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; 2-დან 10 წლამდე - ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე - ექვსმაგი; 10-დან 15 წლამდე - რვამაგი; 15-დან 20 წლამდე - ათმაგი; 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების ვალდებულებას ასევე ითვალისწინებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება (36-ე მუხლი). ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის №55 ბრძანების №22 დანართით გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები. ზემოაღნიშნული ცვლილების შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. აღსანიშნავია, რომ იმავე ბრძანების 473 პუნქტის თანახმად, ბრძანების 26-ე, 38-ე და მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ერთჯერადი დახმარებების დამატებით, 471 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სხვა კონტრაქტის გაფორმების, შტატების შემცირების, ავადმყოფობის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად გარდაცვალების, დაჭრა/დასახიჩრების, ზღვრული ასაკის საფუძველზე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება მიეცემა ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. შესაბამისად გამოიყენება 42-ე პუნქტით განსაზღვრული წესი. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 26 სექტემბერს გ. მ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით, გ. მ-ი, დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 12 მარტის ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეირაღებული ძალებიდან. ხსენებულ აქტში, გ. მ-ის შეირაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულია ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი (კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადის გასვლა). ამდენად, სამხედრო მოსამსახურის - გ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი სწორედ დაწესებულების რეორგანიზაცია და შტატების შემცირება გახდა. კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადის გასვლამ კი, მისი სამსახურიდან დათხოვნა გამოიწვია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ასევე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის გამო, გ. მ-ს ერთჯერადი დახმარება არ მიუღია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გ. მ-ისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 26-ე, 38-ე და მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, გ. მ-ი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 12 მარტის ბრძანებით. მოსარჩელემ კი სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წლის 27 მარტს.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, გ. მ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 1896 ლარის ოდენობით გაცემისა და ორგანიზაციული ცვლილებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას გათვალისწინებული 2 თვის - 1870 ლარის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით დარჩა განუხილველი სარჩელის გამოხმობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. იმავე მუხლის მეორე ნაწილით კი, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გ. მ-მა 2017 წლის 9 ნოემბრის შემდეგ იგივე სასარჩელო მოთხოვნებით იმავე მოპასუხის მიმართ 2018 წლის 27 მარტს მიმართა სასამართლოს, ე.ი. სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში, რის გამოც შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს გ. მ-ის აღნიშნული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 12 მარტის ბრძანების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გასვლას დაადასტურებდა. ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში კი, უსაფუძვლოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე