ბს-613(კ-20) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.03.2014წ. გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად შ. გ-ისთვის დახმარების დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 06.05.2016წ. სხდომის №25 ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.06.2016წ. №04/49489 წერილი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე შ. გ-ისთვის, კანონით დადგენილი წესით, დახმარების დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
შ. გ-ემ 09.09.19წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. №36 ოქმის 6.1 პუნქტის ბათილად ცნობა, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შ. გ-ისათვის დახმარების დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2019წ. გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. სხდომის №36 ოქმი მოსარჩელე შ. გ-ის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე შ. გ-ესთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ დახმარების ოდენობას კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრავს. სასამართლომ ამავე წესის 5.3 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ბუნდოვანია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დახმარების ოდენობის 1.70 ლარით განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად ადგენს დახმარების ოდენობას თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. სხდომის №36 ოქმში შ. გ-ის ნაწილში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით შეუსაბამოა და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რამდენადაც იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები. პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (10.04.2017წ.) აღსრულება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით, სადავო საკითხის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, სათანადო დასაბუთების არარსებობის პირობებში, მოსარჩელეს დახმარების სახით დაენიშნა თვეში 1,70 ლარის ანაზღაურება. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების მიღმა დარჩა კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მთავარია, მოსარჩელის პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი. სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 15.04.2019წ. წერილზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ თანახმად, დახმარების ყოველთვიური ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. პალატამ ამავე წესის 5.3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით უნდა შეეფასებინა შ. გ-ის საქმის გარემოებები და შესაბამისად, განესაზღვრა დახმარების ოდენობა, რაც სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
სააგენტო მიუთითებს სასკ-ის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებია სასკ-ის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ პირველ და უმთავრეს პირობად ადგენს პირის საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (რომელსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავს) მუშაობას. ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია საქმის განხილვისა და გადაწყვტილების მიღებისას ემყარება წარმოდგენილ და მოძიებულ დოკუმენტებს. კომისია არ არის უფლებამოსილია სათანადო ინფორმაციის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულს კასატორი ადასტურებს უწყებათაშორისი კომისიის 24.04.2019წ. №04/22495 წერილით, რომლითაც ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და მოითხოვა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ეცნობებინათ, თუ რამდენ ლარს შეადგენდა 1993 წელს მოქმედი 78 მანეთი და 18 კაპიკი 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 25.04.2019წ. №6-1223 წერილით უწყებათაშორის კომისიას 24.04.2019წ. №04/22495 წერილის პასუხად ეცნობა, რომ 1993 წლის იანვარში მოქმედი 78 მანეთი და 18 კაპიკი 2014 წლის 01 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 1,70 ლარს. სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას დაეყრდნო უწყებათაშორისი კომისია გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. №36 სხდომის ოქმში მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.2017წ. №3/5715-16 გადაწყვეტილება. კასატორი თვლის, რომ ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი პირთა წრე (სუბიექტები) და შესაბამისი საწარმოები, სადაც პირები შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზიანდნენ, შ. გ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე შ. გ-ე მუშაობდა „...ის“ ...ის მიერ წარმოებულ ...ის მშენებლობაზე, სადაც 1974 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, კერძოდ, დაკარგა შრომისუნარიანობა 80 პროცენტით და ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის ინვალიდად. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 28.04.1979წ. გადაწყვეტილებით „...ის“ ...ს შ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 625 მანეთის და 74 კაპიკის ოდენობით და ყოველთვიურად კომპენსაციის გაცემა 78 მანეთის და 18 კაპიკის ოდენობით. მოსარჩელეს 1993 წლიდან კომპენსაციის მიღება შეუწყდა (ს.ფ.25-26). აგრეთვე დადგენილია, რომ უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. სხდომის №36 ოქმის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას შ. გ-ის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის ყოველთვიური დახმარება განისაზღვრა 1,70 ლარის ოდენობით (ს.ფ.14). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება (ოქმი №36) ბუნდოვანია და არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას.
კასატორი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ პირველ და უმთავრეს პირობად ადგენს პირის საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (რომელსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავს) მუშაობას (5.1 მუხ.). კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი პირთა წრე (სუბიექტები) და შესაბამისი საწარმოები, სადაც პირები შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზიანდნენ, შ. გ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (ს.ფ.158). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბჭოთა ეკონომიკური წყობილებიდან გამომდინარე, სადავო პერიოდში (1974წ.) მოქმედი თითქმის ყველა სახის ინდუსტრიული საწარმო ფორმალურად სახალხო, ხოლო ფაქტობრივად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და ბუნებრივია მათ რიცხვში შედიოდა საქართველოს და ზოგადად საბჭოთა ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სახის საწარმო/ქარხანა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც „...ის“ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნას გამორიცხავდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი შ. გ-ისთვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე უწყებათაშორისი კომისიის 06.05.2016წ. №25 ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.06.2016წ. №04/49489 წერილი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 01.03.2013წ. №45 დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით მოსარჩელე შ. გ-ისთვის დახმარების დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ.30-31). სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადგინა „...ის“ სახელმწიფოს მიერ შექმნა, თავისთავად არ ქმნის შ. გ-ისთვის დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს (ს.ფ.29). ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (10.04.2017წ.) განისაზღვრა შ. გ-ისთვის დახმარების დანიშვნის თაობაზე უარის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად, შ. გ-ე მიეკუთვნა საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილების 5.1 მუხლით გათვალისწინებულ დახმარების მიმღებ პირთა რიცხვს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის (სსკ-ის მე-10 მუხ.). საქმის მასალების მიხედვით, ადგილი არ აქვს სსკ-ის 421-423 მუხლებით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება) გათვალისწინებულ გარემოებებს. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამდენად, კასატორის მითითება შ. გ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მოკლებულია სათანადო სამართლებრივ საფუძველს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების (10.04.2017წ.) აღსრულების მიზნით, 24.04.2019წ. №04/22495 წერილით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ ლარს შეადგენდა 1993 წელს მოქმედი 78 მანეთი და 18 კაპიკი 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 25.04.2019წ. №6-1223 წერილით უწყებათაშორის კომისიას პასუხად ეცნობა, რომ 1993 წლის იანვარში მოქმედი 78 მანეთი და 18 კაპიკი 2014 წლის 01 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 1,70 ლარს (ს.ფ.15). აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კასატორი თვლის, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. სხდომის №36 ოქმის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას შ. გ-ის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის ყოველთვიური დახმარება განისაზღვრა 1,70 ლარის ოდენობით (ს.ფ.14). საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. სწორედ ამ დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე, დახმარების ყოველთვიური ოდენობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური გარემოებების არსებობას უკავშირდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი კომისიის 06.06.2019წ. სხდომაზე განხილული შ. გ-ის საკითხი წესრიგდება საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე