ბს-33(კ-21) 22 ივლისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ა-მა 18.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. N04-1733/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ა. ა-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2020წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. N04-1733/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ა. ა-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს აღნიშნული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობას მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძლევადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დავნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ა. ა-ის 10.03.2018წ. განაცხადი შეფასდა 13.50 ქულით. სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილებს აქვთ უძრავი ქონება, რომლითაც მოსარჩელე არ სარგებლობს, არ შეიძლება გახდეს დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილების საკუთრებაში ირიცხება არაერთი უძრავი ქონება, აგრეთვე, ერთ-ერთი შვილი - ლ. ა-ი მოსარჩელეს თავის საკუთრებაში ცხოვრებას სთავაზობს, რაზეც ა. ა-ი უარს აცხადებს. უდავოა სახელმწიფოს ვალდებულება ყველა დევნილი ოჯახის მიმართ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა საჭიროებების პრიორიტეტულობისა და სახელმწიფო რესურსების გათვალისწინებით, აღნიშნული ვალდებულება გამოიხატება უპირატესად თავშესაფრის და წასასვლელის არმქონე დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაში, ხოლო ის პირები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, რომ თუნდაც დროებით იცხოვრონ შვილებთან ან შვილების საკუთრებაში, მიუთითებს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობაზე. სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს მონიტორინგის ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს ალტერნატიული საცხოვრებლით. სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და უპირველესად საცხოვრებლით უზრუნველყოს რეალურად საჭიროების მქონე ოჯახები. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის საკითხი გამოკვეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე საცხოვრებლით არ დააკმაყოფილა პირი, რომელიც უფრო გაჭირვებულ ოჯახებზე ადრე ცდილობდა საცხოვრებლის მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის (როგორც სადავო პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ N6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ N7 დანართის შესაბამისად. საქმეში დაცული 15.07.2019წ. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მოსარჩელე ა. ა-ი 2014 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. N7ა-ში (...ი), ქირის გარეშე (ს.ფ.144-149). საქმეში დადგენილად არის ცნობილი, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ა. ა-ის 10.03.2018წ. განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 13.50 ქულით - C.1.1 საცხოვრებელი ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3.00 ქულა; შშმ პირები - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1.50 ქულა; ომში დაღუპული წევრი/წევრები - შ. ა-ი - მოსარჩელის მამა გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3.00 ქულა, ვ. ა-ი - მოსარჩელის დედა გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად - 1.50 ქულა (ს.ფ.53). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019წ. N04-1733/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N39) (ს.ფ. 45-52), ა. ა-ს, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ.16). სააგენტოს მითითებით, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროების არარსებობას ადასტურებს მისი შვილების საკუთრებაში არსებული არაერთი უძრავი ქონება (ს.ფ.72-79, ს.ფ.185-186). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დევნილ ოჯახს არ შეიძლება ეთქვას გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, გადაუდებელი საჭიროების გამოსარიცხად აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კერძოდ, სწორედ ხსენებული უძრავი ქონების არსებობა უნდა გამორიცხავდეს ა. ა-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავისთავად არ წარმოადგენს ა. ა-ის დროებით თავშესაფარს, და შესაბამისად, არ გამორიცხავს მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელ საჭიროებას, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ამ ქონებით სარგებლობა (ს.ფ.150). საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ შვილის მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე უარი განაცხადა, რამდენადაც, საქმეში დაცული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, შეთავაზებული უძრავი ქონება შავი კარკასია, ამდენად, საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ხოლო მოსარჩელეს, რომელიც ...ში ცხოვრობს, ცალსახაა, რომ ფართის მოპირკეთების სახსრები არ გააჩნია (ს.ფ.150). ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დასტურდება, რომ მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ წარმოადგენს ა. ა-ის დროებით თავშესაფარს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა. ა-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე