Facebook Twitter

საქმე №ბს-698(კ-19) 22 ივლისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. დ-ემ 19.04.2018წ. სარჩელით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიმართ სამუშაო სტაჟის აღდგენის მოთხოვნით.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 27.04.2018წ. განჩინებით ზ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ზ. დ-ემ 02.07.2018წ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის 16.04.2018წ. №03/67 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზ. დ-ის 1973 წლის 05 მაისიდან 1981 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის სოფელ ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის დადგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.07.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. დ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.07.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ საქართველოს შრომის კოდექსის 6.4 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-ის 16.04.2018წ. №115/03 განცხადება მისი გალის რაიონის სოფელ ...ის ...ში 1973 წლის 05 მაისიდან 1981 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდში მუშის თანამდებობაზე შრომითი საქმიანობის დადასტურების თაობაზე მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ 16.04.2018წ. №03/67 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა სათანადო არქივის უქონლობის გამო. დადგენილია აგრეთვე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი არის გალის რაიონის სოფელ ...ის ...ის უფლებამონაცვლე. პალატამ მიუთითა, რომ მართალია მოწმის სახით გამოძახებულმა პირებმა - ზ. პ-ემ და მ. ს-ემ სიტყვიერად დაადასტურეს 1973 წლიდან 1981-1982 წლამდე გალის რაიონის სოფ. ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მოსარჩელე ზ. დ-ესთან ერთად მუშაობა, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მათ სახელზე რაიმე სახის დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან სხვ.) არ გაცემულა. მოწმის სახით გამოძახებულმა ვ. შ-ემ, რომლის სახელზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი შრომის წიგნაკი, აღნიშნა, რომ იგი 1973 წლიდან 1978 წლამდე მუშაობდა გალის რაიონის სოფ. ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მოსარჩელე ზ. დ-ესთან ერთად. მან ივარაუდა, რომ მოსარჩელემ ვ. შ-ის მიერ სამსახურის დატოვების (1978წ.) შემდეგაც განაგრძო შრომითი საქმიანობა ...ში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და ...ს შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოსარჩელის სტაჟის ფაქტის დადგენა დაკავშირებულია დამსაქმებლის მიერ შრომითი წიგნაკის, საბუღალტრო ჩანაწერების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის გაცემასთან. პალატამ 1973 წელს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 41.2 და 41.3 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში შრომის წიგნაკი წარმოადგენდა მუშის შრომითი საქმიანობის შესახებ ძირითად დოკუმენტს და იგი გაიცემოდა ყველა იმ მუშასა და მოსამსახურეზე, რომელიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობდა ხუთ დღეზე მეტ ხანს, შრომის წიგნაკში იწერებოდა ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. რადგანაც საქმეში არ მოიპოვება შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმეთა განმარტებები ვერ გახდება შრომითი ურთიერთობის დადასტურების საფუძველი, ხოლო ...ში შრომის წიგნაკის შევსების შესაძლებლობას ადასტურებს მოწმის სახით გამოძახებული ვ. შ-ის განმარტება მასზე გაცემული შრომის წიგნაკის თაობაზე. რიგ შემთხვევებში, მოცემულ საქმეზე მოწმის სტატუსით გამოძახებულ პირთა შრომითი საქმიანობის პერიოდი არ ემთხვევა მოსარჩელის საქმიანობის პერიოდს, მოწმეთა განმარტებები მხოლოდ მათ ვარაუდს ეფუძნება. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სოფელ ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ცნობის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. დ-ის მიერ.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხდომებზე ზ. დ-ის სარჩელი ცნო და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო მსგავს სასარჩელო მოთხოვნებს მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აკმაყოფილებს. გარდა ამისა, დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევის უფლება, ამდენად მოკლებულნი არიან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში დაბარებულ მოწმეთა განმარტებები ეფუძნება არა ვარაუდს, არამედ ისინი ცალსახად ადასტურებენ ზ. დ-ესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის სოფ. ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, მოწმის სტატუსით გამოძახებულმა პირებმა - ზ. პ-ემ და მ. ს-ემ სიტყვიერად დაადასტურეს 1973 წლიდან 1981-1982 წლამდე გალის რაიონის სოფ. ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მოსარჩელე ზ. დ-ესთან ერთად მუშაობა, თუმცა თავის მხრივ ზ. პ-ისა და მ. ს-ის სოფ. ...ის ...ში დასაქმების დასადასტურებლად მათ სახელზე გაცემული რაიმე სახის დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან სხვ.) არ წარმოდგენილა. მოწმის სახით გამოძახებულმა ვ. შ-ემ აღნიშნა, აგრეთვე რომ იგი 1973-1978 წწ. მუშაობდა გალის რაიონის სოფ. ...ის ...ში მუშის თანამდებობაზე მოსარჩელე ზ. დ-ესთან ერთად. მან ივარაუდა, რომ მოსარჩელემ ვ. შ-ის მიერ სამსახურის დატოვების (1978წ.) შემდეგაც განაგრძო შრომითი საქმიანობა ...ში. ამასთან, ვ. შ-ის სახელზე გაცემულია შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი შრომის წიგნაკი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო მოცემული საქმის მსგავს სასარჩელო მოთხოვნებს მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აკმაყოფილებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც განსახილველი საქმის მასალებში დაცული არ არის 1973 წლის 05 მაისიდან 1981 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდში მოწმეთა (ზ. პ-ე, მ. ს-ე, ვ. შ-ე) სოფ. ...ის ...ში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მხოლოდ მოწმეთა სიტყვიერი განმარტება არ ადასტურებს მოსარჩელის 1973 წლის 05 მაისიდან 1981 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდში სოფ. ...ის ...ში მუშაობას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ...ში შრომის წიგნაკის შევსების შესაძლებლობას ადასტურებს მოწმის სახით გამოძახებული ვ. შ-ის განმარტება მასზე შრომის წიგნაკის გაცემის შესახებ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ. დ-ის განმარტების მიხედვით, მას ...დან წამოსვლის პერიოდში დამსაქმებლისგან შრომის წიგნაკის გაცემა არ მოუთხოვია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სოფელ ...ის ...ში მუშის შტატზე მუშაობის ფაქტი, ამდენად არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ცნობის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად, იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში მართალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი მიუთითებს ზ. დ-ის სარჩელის ცნობის შესახებ, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ ზ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება სასამართლოს კომპეტენციაა, ხოლო თავად დეპარტამენტი მოკლებულია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობას სათანადო არქივის არარსებობის გამო. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ფორმალური ხასიათისაა და იმთავითვე არ ქმნის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან მოპასუხე ზ. დ-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემის კომპეტენციას სასამართლოს აკუთვნებს, არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ გამოთქვამს მზადყოფნას ზ. დ-ის 1973 წლის 05 მაისიდან 1981 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის სოფელ ...ის ...ში მუშის შტატზე მუშაობის სტაჟის დადგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე