საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-8(2კ-21) 6 ივლისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. მ-ი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი. მ-მა 2018 წლის 4 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და იმავე სააგენტოს 2018 წლის 15 ივლისის ოჯახის დეკლარაციისა და მის საფუძველზე ი. მ-ის ოჯახისთვის 90020 სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №04/54973 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ი. მ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მიუღებელი საარსებო შემწეობის, თვეში 60 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 ივლისის ოჯახის დეკლარაცია და მასზე დარიცხული 90020 სარეიტინგო ქულა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №04/54973 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 90020 სარეიტინგო ქულის ბათილად ცნობის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი. მ-ის სასარგებლოდ დაევალა, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ი. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა რამდენჯერმე. ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობებიდან გამომდინარე, 2016 წლის ივლისის ჩათვლით ოჯახი იღებდა ფულად სოციალურ დახმარებას. სააგენტოს ცენტრალური აპარატის 2016 წლის 23 აგვისტოს წერილის შესაბამისად, ი. მ-ის სახელზე დაფიქსირდა ავტომობილი - ..., რომელიც არ იყო აღნიშნული 2015 წლის იანვრის დეკლარაციაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სოციალურმა აგენტმა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასების მიზნით, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი და ოჯახის წევრების მოუძიებლობის გამო შეადგინა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ. ი. მ-ის ოჯახი საბოლოოდ შემოწმდა 2018 წლის 15 ივლისს, შედეგად, 2018 წლის 14 აგვისტოს ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 90020 ერთეულით. სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, სადავო შემთხვევაში არ დადასტურდა. ამასთან, მოსარჩელემ ხელი მოაწერა ოჯახის ყველა დეკლარაციაზე, რაც ადასტურებს სააგენტოს თანამშრომლის მიერ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიწოდებული ინფორმაციის დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახვას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, ასევე, ი. მ-მა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - ი. მ-ის განმარტებით, მას უსაფუძვლოდ შეუწყდა საარსებო შემწეობა, ვინაიდან სააგენტოს სოციალურმა აგენტმა მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა, როგორც „ღატაკი“. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სადავო აქტები ბათილად ცნეს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაავალეს, თუმცა კასატორის მოსაზრებით, აქტების უკანონობის დადასტურების პირობებში უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი საარსებო შემწეობის დაკისრების ნაწილშიც.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2018 წლის 15 ივლისის ოჯახის დეკლარაციის შევსებისა და მის შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე, გარდა ამისა, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა, რაც ფულად სოციალურ დახმარებას წარმოადგენს და განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად; ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ.
სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი. იმავე „წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „B3“ პუნქტში - ,,ფიზიკური მდგომარეობა“ მოცემულ ცხრილში ყოველ წევრზე უნდა შემოიხაზოს მხოლოდ დეკლარაციაში ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისი კოდები. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს (ვიზუალურად ან დოკუმენტურად), რომ ფიზიკური პირის მდგომარეობა შეესაბამება დეკლარირებულს. ამ კითხვის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) პირებს, რომელთაც რაიმე ავადმყოფობის გამო დროებით შეზღუდული აქვთ გადაადგილება (მოტეხილობის, კეთილსაიმედო ავადმყოფობის ან სხვა) არ მიეკუთვნებიან კატეგორიებს: „სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი“ და/ან „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და საჭიროებს მომვლელს“; ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია: ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობით (I50) (III – IV ფუნქციური კლასი „NYHA“) ან სტაბილური სტენოკარდიით (I20.8) (III – IV ფუნქციური კლასი „CCS“); ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია ან ჩატარებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია); გ) თუ ოჯახის წევრს შეესაბამება ორი ან მეტი კატეგორია, შემოიხაზება ყველა შესაბამისი კატეგორიის კოდი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. ასეთი მიმართვა წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული კომუნალურ გადასახდელებზე გაწეული ხარჯი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი. მ-ის ოჯახი 2009 წლის 5 აპრილიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2016 წლის ივლისის თვის ჩათვლით იღებდა საარსებო შემწეობას თვეში 60 ლარის ოდენობით. ამ პერიოდში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა რამდენჯერმე. საბოლოოდ, 2018 წლის 15 ივლისს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, 2018 წლის 14 აგვისტოს ი. მ-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 90020 ერთეული, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა საარსებო შემწეობის კვლავ მისაღებად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. მ-ის ოჯახის დეკლარაციებში ერთი მხრივ, მონაცემები შეტანილია არასწორად, გარემოებების დეტალური გამოკვლევის გარეშე, მეორე მხრივ კი, სარეიტინგო ქულის ცვლილება განხორციელებულია შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე, ვინაიდან შეუძლებელია დროის მცირე მონაკვეთში, არსებითად უცვლელი შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის პირობებში 33720 ერთეულიდან 90020 ერთეულ სარეიტინგო ქულამდე გაზრდა. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კომუნალური ხარჯი, რომელიც თბილისში, ...ში, კორპუსი №16გ, ბინა №5-ში რეგისტრირებული აბონენტის მიერ არის გაწეული, მთლიანად ი. მ-ის მიერ მოხმარებულად და გადახდილად ჩათვალა მაშინ, როცა მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მხოლოდ მესაკუთრის თბილისში არყოფნის პერიოდში ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და კომუნალურ გადასახადებს არ იხდის. გარდა ამისა, ოჯახის დეკლარაციის მოდულ „A“-ში ხაზგასმულია ი. მ-ის საცოხვრებელი ფართის პარკეტის იატაკზე, რამაც კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლისას გავლენა ვერ უნდა მოახდინოს, რადგან უძრავი ქონება არ არის ი. მ-ის საკუთრება და მხოლოდ უსახლკარობის გამო, მესაკუთრის თანხმობით დროებით იყენებს მას. ასევე მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 ნოემბრის №49/6/1/2-01687483 ცნობა, რომლითაც 2015 წლიდან ცნობის გაცემამდე არ დასტურდება ი. მ-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი.
რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი საარსებო შემწეობის გაცემის დავალებას, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის აგვისტომდე მიუღებელი სოციალური დახმარების თანხის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - ი. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 16 ნოემბრის ოქმის თანმდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც შეწყვეტის უკანონობა დადასტურებული არ არის, შესაბამისად, მიუღებელი სოციალური დახმარების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას, გამოკვლევას და გადაწყვეტას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ი. მ-ის ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენისა და არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარეიტინგო ქულის განსაზღვრა წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე