საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-313(კ-21) 6 ივლისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ. ქ-ა, ი. ა-ა, ზ. ქ-ა, თ. ქ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ჯ. ქ-ამ, ი. ა-ამ, ზ. ქ-ამ და თ. ქ-ამ 2019 წლის 2 აგვისტოს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 ივლისის №04/36180 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, ქულათა ოდენობის გათვალისწინებით, მათი ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ას, ი. ა-ას, ზ. ქ-ას და თ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 ივლისის N04/36180 წერილობითი მიმართვა და ამავე სააგენტოს, ქულათა ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახის ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, თუ დევნილი ოჯახი ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული. საკასაციო საჩივრის თნახმად, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2013 წლის 5 ივნისის №57837/01 განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები მხოლოდ 2013 წლის აგვისტოს თვიდან არიან ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა, კორპ. №26, ბინა №34-ში რეგისტრირებული. მართალია, საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება ი. ა-ას 2009 წლის 27 მარტის №12986 განცხადება გადამისამართების მოთხოვნით, თუმცა განცხადების დედანი განადგურებულია. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძვლების არსებობის დადგენა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ჯ. ქ-ას დევნილი ოჯახისთვის, ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივისამდე დაურეგისტრირებლობის საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტი, რომელიც ადგენს დევნილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სამინისტროსთვის ერთი თვის ვადაში შეტყობინების ვალდებულებას. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების წინაპირობა, რასაც დევნილი ოჯახების ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციის მიღებისას კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი. აქედან გამომდინარე, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ისინი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არიან დაკავშირებულნი.
ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც მოითხოვს ქალაქ თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფას, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნინულ პირობებს, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეორე მხრივ, რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო არ განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ა-ამ 2013 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა სამინისტროს, რომლითაც აცნობა მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე იმ მოტივით, რომ მისი შვილების უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების გამო, 2007 წლიდან ოჯახით ცხოვრობს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, მოითხოვა დევნილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია 2013 წლის 5 ივნისის განცხადებაც, რომლითაც, სამინისტროს თანამშრომლის სატელეფონო დავალების საფუძველზე, 2013 წლის 21 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით წარადგინა ქალაქ თბილისში 2007 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები. სწორედ 2013 წლის 5 ივნისის განცხადება გახდა შემდგომში ჯ. ქ-ას დევნილი ოჯახის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა, კორპ. №26, ბინა №34-ში რეგისტრაციის საფუძველი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ი. ა-ას 2009 წლის №12986 განცხადების სამინისტროსთვის ჩაბარების დასტური გადამისამართების მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის დედანი განადგურებულია, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მოსარჩელეთა მხრიდან სამინისტროსთვის მიმართვიანობას. ამდენად, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელეთა ქალაქ თბილისში 2007 წლიდან ცხოვრებისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადამისამართების მოთხოვნით 2013 წლის 1 ივნისამდე არაერთხელ მიმართვის ფაქტი, აღნიშნული გარემოებები სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე