Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-463(2კ-21) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ხ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ხ-მა 2020 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ და „ლ. ხ-ის, ი. ხ-ის, ნ. ხ-ისა და კ. ხ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №606/9 ბრძანების, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2110 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის „ლ. ხ-ის ოჯახის უსახლკაროდ ცნობის თაობაზე“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ლ. ხ-ის, ი. ხ-ის, ნ. ხ-ისა და კ. ხ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №606/9 ბრძანება, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2110 ბრძანება და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა ლ. ხ-ის ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრების თანახმად, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველს ქმნის. კერძოდ, ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის რეგისტრირებული შემოსავალის არარსებობა, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, იგი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ უნდა იყოს საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.

კასატორების მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ლ. ხ-ის, ი. ხ-ისა და ნ. ხ-ის შემოსავალი ერთობლიობაში აღემატება ოთხსულიანი ოჯახისთვის დადგენილ აუცილებელ საარსებო მინიმუმს, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ოჯახის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 11478,79 ლარი. აღნიშნული თანხა კი აღემატება ოთხსულიანი ოჯახისთვის უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დადგენილი საარსებო მინიმუმისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ჯამს - 6362,40 ლარს. შესაბამისად, სადავო აქტებით მოსარჩელის ოჯახს კანონიერად ეთქვა უარი უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსარჩელის ოჯახისთვის უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესზე“, რომლითაც რეგულირდება პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. იმავე წესით განსაზღვრულია რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობები. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრულია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით რეგისტრაციის კრიტერიუმები, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის კომისიის სხდომაზე გატანამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის აუცილებელია გამოირიცხოს ზემოაღნიშნული საფუძვლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო, დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, განმცხადებელს უარს ეტყვის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ხ-ის ოჯახს უარი ეთქვა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუასაბამობის გამო. კერძოდ, ლ. ხ-ის, ი. ხ-ის ნ. ხ-ისა და კ. ხ-ის შემოსავალმა ერთობლიობაში შეადგინა 11478,79 ლარი მაშინ, როცა ოთხსულიანი ოჯახისთვის უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დადგენილი საარსებო მინიმუმისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობა განსაზღვრული იყო - 6362,40 ლარით.

საკასაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოჯახის შემოსავლის ობიექტურად განსაზღვრა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი ლ. ხ-ის ოჯახის წევრებზე ბანკიდან გაცემული სესხი და კრედიტი არასწორად ჩათვალა საერთო შემოსავლებში, რადგან სეხის საფუძველზე მიღებული თანხა, სასესხო ვალდებულების არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემოსავლად, რადგან, საბოლოოდ, სესხის საფუძველზე მიღებული შემოსავალი მსესხებლის საკუთრებაში არ რჩება და ისევ ბანკს უნდა დაუბრუნდეს. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის საერთო შემოსავალმა, სესხის თანხის გამოკლებით, შეადგინა 1941,67 ლარი, რაც არ აღემატებოდა სადავო პერიოდში საცხოვრებელი ფართის ქირისა და საარსებო მინიმუმისთვის დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

ამრიგად, საქმეზე უტყუარად დადასტურებული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის ლ. ხ-ის ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე