Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-911(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - იბა „...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

იბა „...-მა“ 2017 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (უფლებამონაცვლე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის №ლეგ-3289 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №000524 დადგენილების არარად აღიარება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №342 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1-721 ბრძანებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით იბა „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამხანაგობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და ამხანაგობას განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

ზემოაღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ამხანაგობის წარმომადგენელს - ც. ჯ-ს, რომელმაც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მხარეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაუგრძელდა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ამხანაგობის წარმომადგენელს - ც. ჯ-ს, თუმცა აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც ხარვეზი შეავსო და არც საპროცესო მოქმედების ვადის გაგრძელება მოითხოვა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა იბა „...-მა“, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა აბრკოლებდეს საქმის განხილვას და არ უნდა გამოიწვიოს პირთა კანონიერი უფლებების ხელყოფა, მით უფრო, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი გადავადების შესაძლებლობა. ამასთან, ამხანაგობამ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც სარჩელი უკანონოდ და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ იბა „...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ აპელანტს 5 დღით გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი მოწესრიგებულია საპროცესო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებიდან გამომდინარე კი, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების ერთ-ერთი ფორმაა გზავნილის ადრესატისთვის ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება ამხანაგობის წარმომადგენელმა - ც. ჯ-მა 2019 წლის 25 დეკემბერს პირადად ჩაიბარა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2019 წლის 26 დეკემბრიდან დაიწყო ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2019 წლის 30 დეკემბერს (ორშაბათს), 24:00 საათზე. კერძო საჩივრის ავტორს კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. უფრო მეტიც, გზავნილის ჩაბარებიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე პერიოდშიც კი (2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 23 ივნისამდე, ე.ი. თითქმის 6 თვის განმავლობაში) ამხანაგობას სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნითაც არ მიუმართავს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივ შედეგებზე. სწორედ ამიტომ, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მასში კანონიერი ჩარევა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაში ერთ-ერთ ასეთ ჩარევას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის სავალდებულოობა. ამასთან, კანონმდებლობა პირდაპირ აწესრიგებს იმ პირთა თუ სასამართლო დავათა კატეგორიას, რომლებზეც, დავის ხასიათიდან ან მოსარჩელის ინტერესის დაცვის გარანტირებულობის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი გარემოებების არსებობისას, გაათავისუფლოს მოქალაქე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ან მხარეს გადაუვადოს/შეუმციროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ პირთან მიმართებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება კი, მართალია, დასაშვებია ნებისმიერ პირთან მიმართებით, თუმცა ორივე შემთხვევაში - უტყუარად უნდა დადასტურდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში კი, აპელანტს სასამართლოსთვის არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს და არც ბაჟის გადახდის შეუძლებლობა დაუდასტურებია. ამრიგად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა ქმნიდა თავდაპირველად ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი შეუვსებლობის შედეგად - საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 368-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე