Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-461(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჯ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლე

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჯ-ემ 2017 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 9 სექტემბრის №25924 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №29264 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების (საჩივარი №13739/2/16) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 9 სექტემბრის №25924 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 ოქტომბრის №29264 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება №13739/2/16 საჩივარზე; სსიპ შემოსავლების სამსახურს კი დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ნოემბერის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის - ნ. ჯ-ის შვილი - რ. ჯ-ე, რომელმაც განაცხადა, რომ ნ. ჯ-ე გარდაიცვალა. რ. ჯ-ემ წარადგინა ნ. ჯ-ის გარდაცვალების მოწმის ასლი, რომლითაც დგინდება ნ. ჯ-ის 2019 წლის 19 თებერვალს გარდაცვალების ფაქტი. ამასთან, რ. ჯ-ემ განმარტა, რომ სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით ნოტარიუსისთვის ჯერ არ მიუმართავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 281-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ნ. ჯ-ის გარდაცვალება საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს ქმნიდა.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. კერძო საჩივრის მიხედვით, სადავო შემთხვევაში სასამართლომ ისე შეაჩერა საქმის წარმოება, რომ არ გამოკვლეულა სამკვიდროს მიღების ფაქტი. ამასთან, ვინაიდან საქმის ზეპირი განხილვის მომენტისათვის მოპასუხის გარდაცვალებიდან 6 თვეზე მეტი იყო გასული, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, სახეზე ხომ არ იყო სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევა. კერძო საჩივრის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების შედეგად არსებობს რისკი, რომ საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლე არ ჩაერთოს და სარჩელი განუხილველი დარჩეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) გარდაცვალების გამო, საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. ამავე კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად კი, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი დავის თავისებურებებიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, სასამართლო არ მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში, არამედ წარმოიშობა სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება. უფრო მეტიც, კანონმდებლობით განსაზღვრულია საქმის წარმოების შეჩერების ვადაც, რომელიც სასამართლომ უნდა დაიცვას. დასახელებული ვადის გასვლა ან ვადის გასვლამდე შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვა (სამკვიდროს მიღების ფაქტის დადასტურება) კი ქმნის საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გარდაიცვალა მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჯ-ე. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი უდავოდ დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ სასარჩელო წარმოება ეხებოდა საგადასახადო ორგანოთა მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისა და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის გამო ნ. ჯ-ის დაჯარიმების კანონიერებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან. შესაბამისად, დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნათა და სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც არ გამორიცხავს უფლებამონაცვლეობას, ნ. ჯ-ის გარდაცვალება სავალდებულო წესით წარმოშობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარის მემკვიდრემ განაცხადა, რომ სამკვიდრო იმ ეტაპზე მიღებული არ ჰქონდა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ საქმის წარმოება არ უნდა შეჩერებულიყო და სასამართლოს თავად უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია სამკვიდროს მიღების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საკითხის განხილვისას სასამართლოს მსგავსი ვალდებულება არ ეკისრება - სასამართლომ გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, უნდა შეაჩეროს საქმის განხილვა და დაელოდოს დროის ამ პერიოდში თავად მხარეების მიერ დამატებითი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენას, რათა დადგინდეს, მიიღო თუ არა კონკრეტულმა პირმა სამკვიდრო. თუ მხარეები მსგავსი ფაქტის დადასტურებას ვერ უზრუნველყოფენ, საქმის წარმოების დასრულებამდე - სარჩელის განუხილველად დატოვებამდე (თუ უფლებამონაცვლე ვერ დადგინდა) ან საქმის წარმოების შეწყვეტამდე (თუ სამკვიდრო ქონება არ არსებობს) ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ მისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს, მათ შორის, მიმართოს ნოტარიუსთა პალატას, რათა გამოარკვიოს, ხომ არ აქვს მოქალაქის რომელიმე მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებული. ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა სამკვიდროს მიღების სპეციალურ ვადებს აწესებს, სწორედ საქმის წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშობა გონივრული ვარაუდი, რომ ამ ვადაში მემკვიდრეები განაცხადებდნენ მოთხოვნას სამკვიდროს მიღებაზე და ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვა სასამართლოს დაეხმარება მემკვიდრის დადგენაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს თავიდანვე უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 281-ე, 369-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე