საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1158(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ყ-ი
მესამე პირები - მ. კ-ე, ხ. ტ-ი, თ. ტ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა. ყ-მა 2016 წლის 25 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №..., 2016 წლის 22 თებერვლის №... და 2016 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, ა. ყ-ის 2016 წლის 9 თებერვლის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, განუხილველი დარჩა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2020 წლის 28 სექტემბერს, შესაბამისად, მას სასამართლოს დადგენილი ხარვეზი 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეევსო. სააპელაციო საჩივრის ავტორმა კი განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში წარადგინა დაგვიანებით, 2020 წლის 6 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლის განმარტებითაც, სააგენტოს თანამშრომელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2020 წლის 5 ოქტომბერს წარადგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სასამართლოში, სპეციალურ ყუთში მოათავსა.
კერძო საჩივრის ავტორმა უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 8 დეკემბერს დამატებით წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ნოემბრის წერილი, რომლის თანახმადაც, განცხადება სპეციალურ ყუთში 2020 წლის 5 ოქტომბერს არის დატოვებული, თუმცა ყუთიდან ამოღებულ იქნა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და შეცდომით არის რეგისტრირებული 2020 წლის 6 ოქტომბრის თარიღით.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. თუკი წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უნდა დაადგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მხარეს გონივრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად. თავის მხრივ, აპელანტმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამასთან, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარსადგენად. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დასახელებული განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარდა 2020 წლის 28 სექტემბერს. შესაბამისად, აპელანტს სასამართლოს დადგენილი ხარვეზი 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეევსო.
საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა განცხადება და დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მართალია, სააგენტოს განცხადებაზე აღბეჭდილ სასამართლოს კანცელარიის შტამპზე განცხადების სასამართლოში წარდგენის თარიღად მითითებულია 2020 წლის 6 ოქტომბერი, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წერილით დასტურდება, რომ განცხადება სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ ყუთში მხარემ 2020 წლის 5 ოქტომბერს დატოვა, თუმცა ვინაიდან კანცელარიაში მისი რეგისტრაცია მეორე დღეს განხორციელდა, შტამპზე შეცდომით მითითებულ იქნა 2020 წლის 6 ოქტომბერი. ამრიგად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში განცხადებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. შესაბამისად, არ არსებობდა ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე