Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1246(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. რ-მა 2019 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №... და მითითებული სააგენტოს 2019 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დადგინდა და აპელანტს მის შესავსებად (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარსადგენად) 7-დღიანი ვადა განესაზღვრა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ზემოაღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2020 წლის 19 ივლისს პირადად ჩაბარდა მ. რ-ის წარმომადგენელს - დ. გ-ას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 20 ივლისიდან და უქმე დღეების გათვალისწინებით, დასრულდა 2020 წლის 27 ივლისს ისე, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ არ წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. რ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 22 ივლისს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და ქვითარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქვითარი სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ ყუთში დატოვა.

კერძო საჩივარს თან ერთვის მ. რ-ის სააპელაციო საჩივარზე, 2020 წლის 22 ივლისს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი მოწესრიგებულია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებიდან გამომდინარე კი, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების ერთ-ერთი ფორმაა გზავნილის ადრესატისთვის ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინება მ. რ-ის წარმომადგენელმა - დ. გ-ამ პირადად ჩაიბარა 2020 წლის 19 ივლისს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების გათვალისწინებით, 2020 წლის 20 ივლისიდან დაიწყო ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2020 წლის 27 ივლისს (ორშაბათს), 24:00 საათზე. დასახელებულ ვადაში აპელანტს არა მხოლოდ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, არამედ სასამართლოში უნდა წარედგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სადავო შემთხვევაში კი, მართალია, კერძო საჩივრის ავტორმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სააპელაციო საჩივარზე ბაჟის გადახდის ქვითარი, თუმცა ქვითრის სააპელაციო სასამართლოში დადგენილ ვადაში წარდგენა არ დასტურდება - არ დგინდება, რომ მხარემ ნამდვილად დატოვა სასამართლოს სპეციალურ ყუთში შესაბამისი განცხადება, ასეთი განცხადება საერთოდ არ ფიქსირდება სააპელაციო პალატაში. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2020 წლის 22 ივლისის ქვითარზე არ არის მითითებული, რომ იგი გაცემულია განმეორებით, ასლის სახით, ხოლო მისი ამობეჭდვის თარიღად 2020 წლის 22 ივლისია დაფიქსირებული. შესაბამისად, არ წარმოიშობა დასაბუთებული, გონივრული ვარაუდი, რომ ქვითრის დედანი მართლაც სააპელაციო სასამართლოში იყო წარდგენილი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივ შედეგებზე. სწორედ ამიტომ, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 368-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. მ. რ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს დ. გ-ას (პ/ნ ...) მიერ 2020 წლის 22 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე